Sunday, February 12, 2012

რას მოგვიტანს ნარკოტიკების ლეგალიზება?

 ,,უნდა მოახდინოს თუ არა საქართველოს მთავრობამ მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზება?“ - ასეთ კითხვას წავაწყდი ჩემი ერთ-ერთი ,,მეგობრის“ გვერდზე. კითხვას სამი პასუხი ჰქონდა: ვეთანხმები, არ ვეთანხმები და არ ვიცი. დაუფიქრებლად ვუპასუხე მეორე და მაშინვე ვაპირებდი გამოსვალს, მაგრამ კომენტარებმა შემიყოლია და შემდეგ არსებულ სიტუაციზე დამაფიქრა, თანაც ისე რომ უკვე თითქმის გარდაცვალებულ ,,ბლოგზე“ ახალი სტატიის დაწერა გადავწყვიტე.
  კომენტარებიდან ერთ-ერთის შინაარსი ასეთი იყო: ისეთი ნარკოტიკი, როგორიც მაგალითად მარიხუანაა, არ იწვევს შეჩვევას და არც ორგანიზმისთვისაა საშიში. მარიხუანით დაღუპული ადამიანების რიცხვი, ბეჰემოტის მიერ მოკლული ადამიანების რიცხვზე ნაკლებია. ამიტომ, რატომ არ შეიძლება მივიღოთ ის, რათა ადამიანებს ცხოვრება გაგვიიოლდეს?
  რთულია ამის დამწერს შეედავო. ადამიანები ერთმანეთისაგან გარიყული არსებები გახდნენ. ქუჩაში იშვიათად შევხვდებით ვინმეს, ვინც იცინის და თვალები ამ ცხოვრებაზე დარდისგან დამძიმებული არ აქვს. ერთმანეთს აღარ ვუღიმით. ნაცნობს დავინახავთ და იმის ნაცვლად რომ გაგვიხარდეს, ვცდილობთ მისთვის შეუმჩნევეველნი გავხდეთ, რათა მისი მოკითხვა გვეზარება, თითქოს გავურბივართ ერთმანეთს. ამ პრობლემების მოგვარების გზად კი ზოგიერთს ნარკოტიკი მიაჩნია და მას მხოლოდ რელაქსაციისათვის განკუთვნილ ნივთიერებად თვლის. თუმცა ის სიცილი, თუ ხასიათი ისეთივე იქნება, როგორიც ომახიანი და ყოველგვარ დარდს მოკლებული მხიარულება, ასე რომ ამშვენებდა ქართველ კაცს.
  ერთხელ ჩემი მასწავლებლისგან მოვისმინე: - ახლა პირველკლასელის თვალებშიც ვეღარ დაინახავ იმ სიხარულს და ვერ მოისმენ იმ სიცილს, რომელიც ადრე ადამიანების გულს ახარებდა და მათ სიცოცხლეს აზრს აძლევდა. თითქს ისინიც შეპყრობილნი არიან გადარჩენაზე ფიქრით, თითქოს მათზე დგას ქვეყანა.
   მის სიტყვებში ეჭვი შევიტანე და გადავწყვიტე თავად დავკვირვებოდი მათ. სამწუხაროა, მაგრამ ნანახმა ნამდვილად მოლოდინს გადააჭარბა. მათ შემხედვარეს კი საკუთარი თავი გამახსენდა, როდესაც დაახლოებით 5-6 წლის ასაკში დედას ვკითხე: - დე, რა გამღერებს? ახლა ვფიქრობ, ეს როგორ ვთქვი, მაგრამ სწორედ სიმღერა და ხელოვნების სიყვარული (და არა ნარკოტიკები) აღმოჩნდა ის, რამაც დღემდე მოიყვანა ჩემი ოჯახი და არამარტო ჩვენ, მთელი მსოფლიო.
   თემიდან გადახვევა რომ არ გამომივიდეს, ისევ ნარკოტიკებს დავუბრუნდები. გარდა ნარკოტიკებისა, ნახსენები იყო ალკოჰოლური სასმელი და ყავა. რადგან სასმელიც იწვევს შეჩვევას და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. თანაც ნარკოტიკის მსგავსად მოქმედებს. ადამიანს გასაჭირს და დარდს ავიწყებს. მაგრამ ნამდვილად ასეა? ბევრისგან მომისმენია რომ გამოფხიზლების შემდეგ ბევრად უფრო რთული და მძიმე აღსაქმელია ის ცხოვრება, რომელიც ნარკოტიკის ზემოქმედებიდან გამოსულს გხვდება. ამიტომ, ვფიქრობ არ ღირს მცირე დროის გამო, ჩვენი ორგანიზმი საფრთხეში ჩავაგდოთ.
  მაგრამ ნარკოტიკების ლეგალიზაციას მეორე, დადებითი მხარეც აქვს. ზოგადად ადამიანი იმისკენ მიილტვის, რაც აკრძალულია. მიუხედავად იმისა, რომ იცის ზიანს მიაყენებს, მაინც აკრძალულის მიღების დაუოკებელი სურვილი აქვს. ლეგალიზების შემდეგ კი მიუღწეველი არაფერი იქნება და ადამიანიც ასე ვთქვათ ,,მუღამს კარგავს“. მაგრამ სამწუხაროდ არა ქართველებისთვის. შეიძლება ბევრი გააღიზიანოს კიდეც ჩემმა სიტყვებმა, თუმცა თავს ილიას სიტყვებით დავიმშვიდებ. გვინდა თუ არ გვინდა, ქართველები მაქსიმალისტები ვართ, ყველაფერში ან მხოლოდ კარგს ვხედავთ და ვითვისებთ, ან ცუდს. ჩვენთვის საშუალო დონე არ არსებობს. ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს თუ გადავხედავთ საქართველომ დასავლეთისგან მხოლოდ ცუდი შეითვისა. სულ სხვანაირად გაიგო ,,თავისუფლების არსი“ და ეროვნული შეგნება ალბათ სამუდამოდ დაასამარა. აქედან გამომდინარე ცუდად გაიგებს და სათავისოდ გამოიყენებს ნარკოტიკების ლეგალიზებას. და აქ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ჩემი პასუხის სისწორეში.
  არ ვიცი რამდენად კარგად გადმოვეცი ჩემი აზრები, ახალიც არაფერი მითქვამს. არ ის ვიცი მართლაც იქნება თუ არა მომავალში ნარკოტიკები ყველასთვის ხელმისაწვდომი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საკითხს დადებითი მხარე არ გააჩნია (ჩემი აზრით). თუმცა ჩვენდა საუბედუროდ, პრობლემის მიღმა უფრო მძიმე და სამწუხაროდ თითქმის გამოუსწორებელი (დღევანდელი გადასახედიდან) სიტუაცია დგას.
   ადამიანებს ერთმანეთის აღარ გვესმის, ურთიერთობას გავურბივართ, ცხოვრება და ცხოვრებისეული აზრები მთლიანად თრგუნავს ჩვენს სულს. მხოლოდ გადარჩენასა და საკუთარი პიროვნების ამაღლებაზე ვზრუნავთ. და იმის თქმა რომ ადამიანი თავისუფალია და არავის აქვს უფლება მისი მოქმედება შეზღუდოს, პასუხისმგებლობისგან არ გვათავისუფლებს. ადამიანები სწორედ იმისთვის ვარსებობთ რომ ერთმანეთს ცხოვრება შევუმსუბუქოდ, დავეხმაროთ, საკუთარ და სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ და რელაქსაციისთვის არა ნარკოტიკის არამედ ადამიანის ძებნა დავიწყოთ, რომელიც გაგვიგებს და გვერდში ამოგვიდგება.