ხუთი, ოთხი,
სამი... ერთი! როგორც იქნა 5 საათი გახდა. სამუშაო დრო ამოიწურა და მეც მალე დავადგები
სახლისკენ მიმავალ გზას. - ასე
ვთვლი ხოლმე წუთებს, როცა საქმე აღარ მაქვს. შემდეგ ჩანთას ვიღებ და სარდაფიდან მზის
შუქზე ამოვდივარ. ალბათ ბევრი ვერ გრძნობს მზეზე ყოფნის ბედნიერებას, მე კი ყოველდღე
განვიცდი. ამჯერადაც გავაღე კარი და სახე მზის სხივებს შევუშვირე. რამდენიმე ნაბიჯი
გადავდგი, სამსახურთან გაჩერებულ შავ მანქანას
სიამოვნებით შევავლე თვალი და ასე ღიმილით დავიწყე თვალიერება. ჩემთვის საოცნებო მანქანის
ყურებაში ისე გავერთე, ვერ დავინახე როგორ გადმოვიდა მეპატრონე და თითქოს დამცინავი
ღიმილით წინ ამეტუზა.
- მოგწონთ, არა? - სათვალე ჩამოიწია და თვალებში გამომცდელად
ჩამხედა.
- უკაცრავად, რა ბრძანეთ? - აა, მანქანა? კი, მომწონს.
- გავიღიმე და წასვლა დავაპირე, მაგრამ ხელი მკლავში წამავლო.
- უკვე მიდიხარ? გინდა მანქანით გავისეირნოთ? - თავხედი
ღიმილით მკითხა და ხელით თავისი ,,რაშისკენ“ მიმანიშნა.
- იცით, უცნობები არ მაინტერესებს და მითუმეტეს თავხედები.
ნახვამდის! - სერიოზული სახით შევხედე და ნიშნის მოგებით ნიკაპაწეული გამოვეცალე.
თუმცა უცნობი
ჯიუტიც აღმოჩნდა და მანქანით მიმაცილა სახლამდე. არ ვიცი რატომ გამოიწვია ასეთი უსიამოვნო
გრძნობა ჩემში, მაგრამ ფაქტი იყო მისი ყველა ქმედება ზიზღს იწვევდა. ერთი კვირის შემდეგ
სამსახურიდან გამოსულს კარის სახელურზე გასაღებების ასხმულა დამხვდა. ყურადღება არც
მიმიქცევია, მაგრამ გამოვცდი თუ არა მივხვდი, ეს არც სამსახურის გასაღები იყო და არც
რომელიმე უძრავი ქონების. გასაღებზე მერსედესის მარკის ემბლემა იყი გამოსახული. მიუხედავად
ჩემი მიხვედრილობისა ყურადღება არ მიმიქცევია და გულგრილად გამოვიარე. მეორე დღეს,
სამსახურში მისვლის წუთიდან ყველა ამ გასაღებზე ლაპარაკობდა და ჩემი დანახვისთანავე
ზარზეიმით გადმომცეს. არაფერი მითქვამს, რადგან ჩემი ინიციალები, რომლებიც გასაღებზე
იყო ამოტვიფრული უფრო მეტს ამბობდა. ჩანთაში ჩავიდე და მთელი დღის განმავლობაში, მუშაობაში
გართულს არც გამხსენებია. ხუთ საათზე ჩვეულად მივეგებე უკვე ჩამავალ მზეს და კვლავ
ფეხით გავეშურე სახლისკენ. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა.
- ისევ ფეხით დადიხარ? მანქანა რისთვის გყავს?
- მე მანქანა არ მყავს. აი გასაღებიც. მგონი შენია ხომ?
- ასხმულა ჩანთიდან ამოვიღე და თვალებთან ავუჩხრიალე.
- არა, ცდები. ჩემი არაა, რადგან უკვე ერთი დღეა მანქანა
შენ გეკუთვნის. უარს არც მივიღებ და ვერც მეტყვი. ეს არც საჩუქარია და არც მოწყალება.
მე აღარ დამჭირდება. შენ კი ვიცი მოგწონს, ამიტომ დაიტოვე გასაღები. - სწრაფად მომაყარა
სიტყვები, შეტრიალდა და მოჩვენებასავით გაქრა.
რამდენიმე
წუთს გაუნძრევლად ვიდექი. შემდეგ გასაღები ჩანთაში ჩავიდე და სახლისკენ კვლავ ფეხით
გავეშურე.
რამდენიმე დღე
გავიდა და მანქანას არავინ მოაკითხა. მე კი ჯიუტად ვუმტკიცებდი საკუთარ თავს, რომ ეს
ხუმრობა იყო და უცნობი ჩემ გამოჭერას ელოდებოდა. არ ვიცი მანქანა შემეცოდა თუ საკუთარ
თავს ვაჯობე, მაგრამ ბოლოს მაინც მოვარგე გასაღბი და კარი გავაღე. მანქანაში საოცარი
სურნელი ტრიალებდა. მძღოლის სავარძელზე რამდენიმე ფურცელი იდო. დათვალიერებისას მივხვდი,
რომ ხელში ახლა უკვე ჩემი შავი მერსედესის საბუთები მეჭირა. თუმცა ეჭვი მიღრღნიდა ტვინს.
ხან რას ვფიქრობდი, ხან რას. ისიც კი ვიფიქრე, მოპარული იქნება და ამიტომ დამიტოვა-მეთქი.
მაგრამ ბოლოს ყველაფერი დავივიწყე და მანქანა ავტოსადგომიდან გამოვიყვანე. გეზი პირდაპირ
პოლიიცისკენ ავიღე და 15 წუთში უკვე ე.წ. 022-ის წინ ვიდექი. საბუთები შეამოწმეს, მანქანის
წარმომავლობა და განვლილი წლებიც და სახლში დამშვიდებული გამომიშვეს. არც მოპარული
იყო და არც რაიმე დანაშაულის თანამონაწილე. მერსედესი ბოლომდე ჩემი საკუთრება აღმოჩნდა,
მაგრამ სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი. რისთვის მივიღე ამხელა ძღვენი, რატომ მე? ბევრი
კითხვა მაწუხებდა.
ჩემი
ახალი მანქანით ახლა ყველა მცნობს. უფრო ,,მოთხოვნადი“ გავხდი. არავინ მიჯერებს, რომ
ის უსასყიდლოდ და უანგაროდ მივიღე უცნობისგან.
მაგრამ ამაზე არც ვდარდობ. დღეები გადის და სულ უფრო მავიწყდება მისი ყოფილი პატრონი.
ადამიანი, რომელმაც ერთი შეხვედრით ჩემი ცხოვრება შეცვალა.
ორშაბათი დილაა.
მზე ამოდის, მაგრამ თითქოს რაღაც ეჭიდება უკან. არ უნდა დედამიწელებს მზის სითბო გაგვინაწილოს,
მაგრამ მანათობელი ჯიუტად მიიწევს ცაზე, ღრუბლებს სცდება და მომღიმარი სახით გვეუბნება:
- გაიღვიძეთ და შემომხედეთ, ნახავთ კი რამეს ჩემზე უკეთესს?!
რვა საათია.
სამსახურამდე თავისუფალი ერთი საათი მაქვს, ამიტომ ჩემს შავ ,,რაშში“ ვჯდები და ცარიელი
ქუჩების დასათვალიერებლად მივდივარ. მეეზოვეებს ხელს ვუქნევ და ვცდილობ წარმოვიდგინო,
როგორები იქნებოდნენ ისინი ორმოცდაათი წლის წინ. მოკლე ხვეული თმით, ფრიალა კაბებით
და კეკლუცი ღიმილით. ახლა კი.. ახლა ცოცხით ხელში დადიან ქუჩებში. ფიქრები ტელეფონის
ზარმა გამაწყვეტინა. ჩემი თანამშრომელი იყო.
- მაშო, სად ხარ?
- მოვდივარ ნათი. ჯერ ადრეა, მოხდა რამე?
- კი, ვიღაც კაცია მოსული. შენ გკითხულობს. სერიოზული
,,ტიპი“ ჩანს, თან ხელში შავი ჩემოდანი უჭირავს.
- ხუთ წუთში მანდ ვიქნები. უთხარი დამელოდოს. - ვუთხარი
ნათიას და სვლას მოვუმატე.
ცოტა დამაგვიანდა,
მაგრამ სამსახურში მისულს უცნობი მაინც იქ დამხვდა. დამინახა თუ არა, ჩემკენ წამოვიდა.
- გამარჯობა, მარიამ!
- მაშო, ასე მომმართეთ. ნათიამ მითხრა, რომ ჩემთან საქმე
გაქვთ.
- კი, ასეა. ორი დღის წინ უნდა მენახეთ, მაგრამ ვერ
მოვახერხე და ბოდიშს გიხდით.
- იქნებ პირდაპირ მითხრათ, რამ შეგაწუხათ. და თუ საჭირო
იქნება ბოდიში შემდეგ მომიხადეთ.
- მოკლედ, დიმიტრი ლაშხი, ალბათ გეცნობათ ხომ?
- მეცნობაა? არაა, თუმცა კი, ნაცნობი სახელია. მე უნდა
ვიცნობდე?
- იცნობდეთ? მან ხომ მანქანა გაჩუქათ. - გაკვირვებული
სახით შესძახა შავ მოსასხამიანმა კაცმა. - როგორ, არ გახსოვთ?
- კი, მახსოვს. მაგრამ მას ჩემთვის სახელი არ ითქვამს,
საბუთები კი კარგად არ მინახავს. - თავი გაავიმართლე
უცნობის წინაშე, მაგრამ საკუთარი თავი გავკიცხე. ეს როგორ არ მახსოვდა.
- სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა. სამი დღის წინ დაკრძალეს.
მე მისი ადვოკატი ვარ და ახლა მის ქონებას ,,ვარიგებ“ უხეშად რომ ვთქვა.
- მართლა სამწუხარო ამბავი მითხარით, მაგრამ იქნებ ისიც
მითხრათ, ახლა რა კავშირი მაქვს მასთან? გარდა მანქანისა რა თქმა უნდა.
- ხვალ ანდერძს წავიკითხავთ, მისი სურვილი იყო, რომ
თქვენც დაესწროთ ამ პროცესს. და კიდევ, წერილი დაგიტოვათ. აი, ინებეთ. - საბუთებიდან
კონვერტი გამოარჩია და ხელში მომაჩეჩა. - მოკლედ, ხვალ 6-სთვის გელოდებით. აი მისამართი,
ამ ფურცელზე წერია. - ისიც დაუდავრად მომაწოდა, თავი დაგვიქნია და წავიდა.
მე და ნათია დიდხანს ვუყურებდით ერთმანეთს, ვერც მე
ვიღებდი ხმას და ვერც ის. ბოლოს თვალებით წერილს დააშტერდა.
- იქნებ გახსნა?
- მეშინია. - ვუთხარი და თან გამიკვირდა საიდან გამახსენდა
შიში.
- კაი რა, კაცი მომკვდარა უკვე და ახლა რისი გეშინია.
- ხო გავხსნი. - კონვერტს თავი მოვახიე და იქიდან ორი
გაკეცილი ფურცელი ამოვიღე.
,,გამარჯობა
მაშო! - იწყებოდა წერილი. ალბათ გაკვირვებული ხარ. როგორ მინდა ახლა გხედავდე. მაგრამ
რადგან კითხულობ, ე.ი. მე.. ხო, არ გავაგრძელებ. თითქმის ერთი წელი შენს სახეს დავატარებდი.
შენ კი მხოლოდ ერთხელ შემამჩნიე. რა საყვარელი იყავი, ჩემს მანქანას რომ უყურებდი,
თბილი და ბავშვური ღიმილით. ნეტავ ჩემთვისაც შემოგეხედა ასე. არა, არ გსაყვედირობ,
ან რა უფლება მაქვს. შენ ხომ არ იცოდი რას ვფიქრობდი შენზე. რატომ არ გითხარი? ვერ
გაგიმეტე, არ მინდოდა კიდევ ერთი ადამიანისთვის გამემწარებინა სიცოცხლე ჩემი სიკვდილით.
თუმცა ტყუილს ვამბობ, მე არავის დავაკლდები. არა, არ ვწუწუნებ და არც მინდა დაგამძიმო.
მართალია სიცოცხლეში ვერაფერი გითხარი, მაგრამ მაინც უნდა გცოდნოდა ჩემზე. შენთან ერთი
სათხოვარი მაქვს. აუცილებლად დაესწარი ანდერძის წაკითხვას. იქ შენზე მნიშვნელოვანი
არავინ იქნება. გითხარი ერთი სათხოვარი-მეთქი, მაგრამ კიდევ უნდა გთხოვო, მაგრამ ამის შესრულებას ვერ
დაგავალდებულებ. და თუ ამაზე უარს იყტყვი, ვერავინ გაგკიცხავს. მოკლედ, მე შვილი
მყავს, მაგრამ ის არასდროს
მინახავს. ახლა ალბათ ორი წლის იქნება. ბავშვთა სახლში იზრდება. ხვალ ვნახავ, თუ დამცალდა.
დედა აღარ ჰყავს. სანამ დაიღუპებოდა მანამდე მითხრა, რომ შვილი გვყავდა. მხოლოდ იმას
გთხოვ, მოინახულო ხოლმე. სითბო აგრძნობინო. მეტი არაფერი მინდა. რამხელა ტვირთი დაგაკისრე,
ხომ? მე მივდივარ, შენ კი რამდენ საქმეს გიტოვებ. სიტყვა გამიგრძელდა. ეცადე მალე დამივიწყო,
მაგრამ შვილს მიმიხედე.
მარადიული თაყვანისმცემელი.
ვიგრძენი როგორ დამისველდა სახე. ნათია გვერდძე
წყლით სავსე ჭიქით მედგა. როცა შევხედე, ყოველი შემთხვევისთვისო, თითქოს დარცხვენით
მითხრა.
შემდეგ აღარ
მახსოვს. მხოლოდ მზე მახსოვს, მათბობდა, მე კი მაინც მციოდა. მიღიმოდა, მე კი დაბღვერილი
ვუყურებდი, თითქოს მისი ბრალი იყო ყველაფერი. მაგრამ რა ყველაფერი? ის რომ ცხოვრება
ხან ძალიან დაუნდობელია? მე ხომ პირველი არ ვარ ვინც ამაზე წუწუნებს. მაგრამ რატომ
მე? რა ნიშნით ამარჩია. ზედმეტად ბედნიერი ვიყავი? არა. აბა რატომ უნდა ცხოვრება გამირთულოს?
არ ვიცი. საერთოდ არ წავალ ხვალ. რა უფლება აქვთ ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრან. მორჩა,
გადავწყვიტე, არ წავალ.
გადავწყვიტე,
მაგრამ სანამ ჩანაფიქრს სისრულეში მოვიყვანდი,
პატარა, ლამაზი, ფუმფულა ბავშვი დამესიზმრა. გაშლილი ხელებით მორბენალი, სიყვარულს
რომ აფრქვევს, მერე ჩემი თავიც დავინახე. ბავშვს ცივი მზერით ვუყურებ, ის ჩემთან მოდის,
მე კი სახიდან ვიცილებ. ბოლოს ტირის, ძალიან ტირის. და ამ ტირილზე მეღვიძება. მეც ვტირი..
დილით აღარ
მახსოვდა ჩემი გადაწყვეტილება. სამსახურშიც არ წავსულვარ. ექვს საათს მოუთმენლად ველოდი.
ვიცოდი რომ ეს საღამო მთლიანად შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას, მაგრამ უკვე აღარ განვიცდიდი.
თვალწინ პატარა ბიჭუნას სახე მედგა, რომელიც ვგრძნობდი რომ უკვე მიყვარდა.
მთელი
დღე საკუთარ ცხოვრებაზე ვფიქრობდი. ვცდილობდი მომავალი წარმომედგინა, მაგრამ ვერაფერი
დავინახე. ხუთ საათზე სახლიდან გავედი, დიმიტრის სახლი ქალაქგარეთ აღმოჩნდა. ეზოში
მხოლოდ ერთი მანქანა იდგა, ალბათ ადვოკატის და სახლი, უზარმაზარი სახლი. კარი მოსამსახურემ
გამიღო და თავაზიანი ღიმილით კაბინეტისკენ გამიძღვა.
- მობრძანდით, მაშო. ათ წუთში დავიწყებთ. - მითხრა ჩემთვის
ნაცნობმა შავ მოსასხამიანმა. ხის დიდ მაგიდასთან დამსვეს. ყველაფერი განსაკუთრებულად
ლამაზი იყო. თითოეული წერტილის თვალიერებაში ისე გავერთე, ვერც გავიგე ისე გავიდა ათი
წუთი. ოთახში ჩემთვის უცნობი კიდევ ორი პიროვნება შემოსულიყო.
- კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გთხოვთ დაბრძანდეთ. -
დაიწყო ადვოკატმა. დიმიტრის სურვილი იყო მხოლოდ თქვენ დასწრებოდით ანდერძის განხილვას.
- უკაცრავად, მაგრამ ვერ ვხვდები ამ ქალს აქ რა უნდა. - განაცხადა ერთ-ერთმა უცნობმა და აგდებულად გადმომხედა.
- ჩვენ დიმიტრის ძმები ვართ და მისი ქონება ჩვენ უნდა დაგვრჩეს. ეს კი მისი ცოლიც არ
ყოფილა. ამიტომ უფლება არ აქვს აქ იყოს.
- დიდი ბოდში, ბატონო ზურა, მაგრამ ამ ქალს, როგორც
თქვენ უწოდებთ, სრული უფლება აქვს აქ იყოს და ამას მალე დაგიდასტურებთ.
გავწითლდი.
ვგრძნობდი რომ მართალი იყო და მე აქ არაფერი მესაქმებოდა, მაგრამ დიმიტრის თხოვნა არ
მაძლევდა უფლებას წამოვსულიყავი.
- მე აქ იმიტომ ვარ, რომ თქვენმა ძმამ მთხოვა, წერილში..
ძალიან გთხოვთ მალე დავასრულოთ. - ახლა უკვე მუდარით ვთხოვე ადვოკატს.
- კეთილი. აქ სათქმელი ბევრი არაფერია. მოკლედ, თქვენმა
ძმამ გადაწყვიტა თავისი ქონება ორად გაეყო. - ლაშხის ძმებმა ერთმანეთს გადახედეს და
ნასიამოვნები სახით მიაჩერდნენ ანდერძის ფურცელს. - ქონების ერთი ნაწილი - განაგრძო
ადვოკატმა - ეკლესიას გადაეცემა. (როგორ მინდოდა ახლა მათთვის შემეხედა, მაგრამ ასე
არ გავწირე). ხოლო, მეორე ნაწილი ბავშვთა სახლს.
- ეს რა სპექტაკლია. ჩვენ მისი ძმები ვართ, ასე როგორ
ქნა, არაფერი დაგვიტოვა? - განრისხებული ყვიროდა ერთ-ერთი. და გულწრფელად შემეცოდა
დიმიტრიც და ადვოკატიც.
- კი, დაგიტოვათ. - ცერად გახედა მოსასხამიანმა.
- კიდევ კარგი, მთლად არ დაუკარგავს ნამუსი. - გიჟის
თვალებით თქვა მეორემ, რომელიც აქამდე ხმას არ იღებდა და აქ გამახსენდა დიმიტრის სიტყვები,
როცა მწერდა, რომ აქ ჩემზე უკეთესი არავინ იქნებოდა.
- აი, ინებეთ, ეს წერილი დაგიტოვათ. - ადვოკატმა კონვერტი
აიღო და ელდანაცემ ძმებს გადასცა.
აქ კი ვეღარ
შევიკავე თავი და სიცილი ამიტყდა.
- როგორ ბედავთ.. - ცოფები გადმოყარა უფროსმა.
- კარგი თავი დაანებე, დიმიტრის არასოდეს უნდოდა ჩვენ
გვერდით ყოფილიყო და ხალხს ჩვენი ნაცნობობის შესახებ გაეგო. - მოჩვენებითი სიმშვიდით
თქვა პატარამ. ქურთუკი აიღო და უხმოდ გავიდა ოთახიდან
- თქვენ კი სასამართლოში შეგხვდებით ადვოკატო! - მუქარის
ტონით თქვა უფროსმა და ისიც თავის ძმას მიყვა.
- მათზე არ იდარდოთ, მხოლოდ მუქარა და ფულის ხარჯვა
შეუძლიათ. - მომმართა ადვოკატმა.
- მათზე არა, მაგრამ ჯერ ვერ გავიგე მე რას ვაკეთებ
აქ.
- ახლავე გეტყვით, აი, ეს სახლი თქვენია. - ხელები გაშალა
და ეშმაკურად გადმომხედა. ჩემი რეაქცია აინტერესებდა, ალბათ.
- ჩემი? რა სისულელეა. არ ვაპირებ მის მიღებას. მე შემიძლია
უარი ვთქვა.
- მოითმინეთ, სახლი თქვენი მხოლოდ მანამდე იქნება, სანამ
დიმიტრის შვილი შეძლებს მის მოვლას. ის კი ჯერ ძალიან პატარაა. თქვენ კი იმიტომ დაგიტოვათ,
რომ თქვენი იმედი ჰქონდა.
- ბოდიში, მაგრამ უნდა წავიდე. ეს.. რაც აქ ხდება..
არა, მგონი მძინავს. იმედია მართლაც მძინავს.. ნახვამდის. - ქურთუკი ავიღე და ჩქარი
ნაბიჯით გამოვედი ეზოში. სახლს შევხედე, რა ლამაზი იყო, მაგრამ სევდიანი, მოღუშული..
ჩემი სახლი.. ჩემი.. არა!
გაოგნებული
ვიდექი ეზოში და სახლს ვათვალიერებდი, როცა ადვოკატი მომიახლოვდა.
- ძალიან აღელვებული ხართ, ტაქსს გამოგიძახებთ. ახლა
თქვენი საჭესთან დაჯდომა საშიშია.

- მეე? - გაკვირვებულმა შემომხედა, თითქოს იმ წამს დაავიწყდა
რა ერქვა. - კოტე.
- ამდენი ხანია გესაუბრებით და თქვენი სახელი არ მიკითხავს.
სასიამოვნოა. - ხელი გავუწოდე, თითქოს ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო.
- ჩემთვისაც. - გაიღიმა და პატარა ბიჭივით აუთამაშდა
თვალები. რა სიმპატიური ყოფილა. სად მქონდა აქამდე თვალები, ეს როგორ ვერ შევნიშნე.
საკუთარი თავის მიკვირდა.
- იცით, ამ სახლში ახლა აღარაფერი მესაქმება, ქალაქში
ვაპირებ დაბრუნებას. რა საჭიროა ტაქსს ველოდოთ, მე წაგიყვანთ. თქვენი მანქანა კი აქ,
თქვენი სახლის ეზოში დატოვეთ.
- ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. - მეც ცოტა გამომიკეთდა
ხასიათი და თან ახალმა აღმოჩენამ გამათამამა.
დიდი ვერაფერი
მანქანა ჰქონდა, მაგრამ ისე ოსტატურად ატარებდა აღფრთოვანება ვერ დავმალე.
- ძალიან კარგად დაგყავთ. - ღიმილით ვუთხარი, მაგრამ
ისეთი სახით გადმომხედა, ვინატრე ნეტავ არაფერი მეთქვა-მეთქი.
- ნუ მოიწყენთ. - ჩემს სახეზე გაეცინა.
- დიმიტრისთან დიდი ხანი მუშაობდით? - ვეცადე სხვა თემაზე
გადამეტანა საუბარი.
- ათი წელი. თუმცა მისთვის ადვოკატზე მეტი ვიყავი, და
თვითონაც კლიენტზე მეტი იყო ჩემთვის.
- როდის გაიგო, რომ მალე დაიღუპებოდა?
- დაახლოებით ერთი წელია. უამრავი ფული დახარჯა, მაგრამ
იმედი ვერავინ და ვერაფერმა მისცა. ყველაზე მეტად მას შემდეგ იტანჯებოდა, რაც თქვენ
მიმართ საკუთარ გრძნობაში დარწმუნდა და როცა შვილის შესახებ გაიგო, მეგონა ჭკუიდან
შეიშლებოდა.
- სამწუხაროა, როცა ასეთი განაჩენი გამოაქვს შენთვის
ცხოვრებას. მაგრამ ახლა არც მე ვარ უკეთეს მდგომარეობაში. მთელი სიცოცხლე იმაზე უნდა
ვიფიქრო რომ მას ვუყვარდი და თან მისი შვილის წინაშეც ვგრძნობს პასუხისმგებლობას.
- ერთხელ ვუთხარი, ასე ნუ მოექცევი-მეთქი, მაგრამ ისეთი
სასოწარკვეთილი იყო, ვერავინ შეძლებდა მის გადარწმუნებას.
- ტირილი კარგია, მაგრამ ზომიერი. - სევდიანი ღიმილით
მითხრა, მანქანა დაქოქა და წავიდა.
შემდეგ კვლავ
ცრემლი, ბევრი, ძალიან ბევრი ცრემლი და უცებ ვიგრძენი რომ მხოლოდ მე არ ვტიროდი. თბილისში
წვიმდა, სახლები ტიროდნენ, ქუჩები, აქაიქ შემორჩენილი ადამიანები და ჰაერიც ტიროდა...თითქოს
ყველა გრძნობდა ჩემს ტკივილს და ყველა მხარში მედგა.
მეორე დღეს
ვეცადე ჩვეულ ცხოვრებას დავბრუნებოდი. სამსახურშიც წავედი. ჩემ დანახვაზე ნათიას თვალები
გაუფართოვდა. მასთან საუბარი ყოველთვის მამშვიდებდა და ახლაც ამ იმედით მივუჯექი მის
მაგიდას. თვალს არ მაცილებდა, ჩემს ყოველ ქმედებას ეჭვის თვალით უყურებდა, ბოლოს ვეღარ
მოითმინა და სასოწარკვეთილი ხმით მითხრა.
- ნუ გამაგიჟე, აღარ იტყვი გუშინ რა მოხდა?
- სახლი დამიტოვა.. - მხოლოდ ეს ორი სიტყვა ვთქვი და
თავი დავხარე.
- სახლი? კიდევ, მეტი არაფერი მომხდარა?
- მისი ძმები ,,გავიცანი“. ისე გაუხარდათ ჩემი დანახვა,
ქალი რომ არ ვყოფილიყავი და კოტე იქ არ ყოფილიყო კარგად გამისწორდებოდნენ ალბათ.
- კოტე? ეგ ვინაა?
- კოტე დიმიტრის ადვოკატია. აქაც იყო ერთხელ. არ გახსოვს?
- კი, კი მახსოვს. მერე, მითხარი, მეტი არაფერი მომხდარა?
- სულ უფრო ელეოდა მოთმინება ნათიას.
- ხო, მეტი არაფერი. ქონების ნახევარი ბავშვთა სახლს
გადაეცა, მეორე ნახევარი კი ეკლესიას. სახლი კი მე. ძმებს არაფერი დაუტოვა. შემდეგ
კი სახლში დავბრუნდი, კოტემ წამომიყვანა. სულ ეს იყო.
- რაღაც ძალიან ხშირად ახსენებ მაგ კოტეს.
- კარგი რა, უბრალოდ სახლში მიმიყვანა. თან ლაშხის მეგობარი
იყო. არადა სიმპატიური კია. თან გამეცინა და ნათიას გავხედე, მისი რეაქცია მაინტერესებდა.
- აი, ხომ ხედავ, უკვე გესიმპატიურება კიდეც. - ნიშნის
მოგებით მითხრა და მასაც გაეცინა.
- კარგი, დაივიწყე. - გავუღიმე და ჩემს მაგიდასთან გადავჯექი.
რამდენიმე
დღე არაფერი მომხდარა, არც კოტე დამკავშირებია. ვცდილობდი ლაშხზე არ მეფიქრა, არც სახლი
გამხსენებოდა, ამას ნაწილობრივ ვახერხებდი მაგრამ ბავშვს ვერ ვიცილიბდი. უკვე დაძინების
მეშინოდა, ჩემი მრავალფეროვანი სიზმრები ახლა მხოლოდ ერთმა შეცვალა. პატარა, თმახუჭუჭა
ბავშვი ჩემს სახლში დარბოდა, ტიტინებდა და გამუდმებით რაღაცას იძახდა, მაგრამ რას,
მღვიძარე უკვე ვეღარ ვიხსენებდი.
სამშაბათი
საღამო იყო, როცა კოტემ დამირეკა.
- გამარჯობა, მაშო. დიმიტრის ადვოკატი ვარ. სახლი უნდა
გადაიფორმოთ. ეს აუცილებელია. და კიდევ, მიჭირს ეს გითხრათ, მაგრამ იქნებ ბავშვი ნახოთ?
- ბავშვი? ხომ შემიძლია, ყველაფერზე უარი ვთქვა? ასე
რატომ უნდა გავირთულო ცხოვრება. არ მინდა, არც სახლი, არც მანქანა და არც, არც ბავშვი,
გაიგეთ? არ მინდა.. - ტელეფონი გავთიშე. არ
ვიცი რა დამემართა. თითქოს გადაწყვეტილიც მქონდა მისი ნახვა, შეგუებულიც ვიყავი, მაგრამ
როცა ფაქტის წინაშე დავდექი მომავალმა შემაშინა.
მეორე დღეს
ცუდად გავხდი, სიცხემ ამიწია, ფეხზე ვერ ვდგებოდი. საღამოს ჩემთან ნათია მოვიდა. წამლებს
ვიღებდი, მაგრამ მდგომარეობა არ გამომისწორდა. ბოლოს ნერვიულობისგან გაგიჟებულმა ნათიამ
სასწრაფოში დარეკა. მალე მოვიდნენ, გამსინჯეს, სიცხისთვის ნემსი გამიკეთეს და მეორე
ოთახში გავიდნენ. ჩემი მეგობარიც უკან მიჰყვათ. მესმოდა რომ ლაპარაკობდნენ მაგრამ სიტყვებს
ვერ ვარჩევდი. ცოტა ხანში ნათია უკან მობრუნდა და შეშინებული თვალებით მომაცქერდა.
- რა ხდება? რა გითხრეს, რა მჭირს?
- თქვეს ვირუსული არაფერი აქვს, არც ფილტვებს აქვს პრობლემა.
წამლები ვერ უშველის, საკუთარი თავი ხელში უნდა აიყვანოსო. კიდევ, მკითხეს, ფსიქოლოგიური ტრავმა ხომ არ მიუღიაო.
არაფერი მითქვამს, მაგრამ ვიცი, დიმიტრი ბოლოს მოგიღებს შენ.
- ალბათ. - კიდევ მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ წამალი
მომერია და ძილმა თავი წამართვა.
მხოლოდ მეორე
დღეს გამეღვიძა. ოთახში არავინ იყო, მაგრამ საუბარი მესმოდა. ერთი მამაკაცი იყო, მეორე
ქალი. ჩუმად საუბრობდნენ. შევეცადე ფეხზე დავმდგარიყავი, თავიდან გამიჭირდა, შემდეგ
რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. ქალის ხმა ვიცანი, ნათია იყო. კიდევ უფრო მივუახლოვდი გასასვლელს
და კოტეს სილუეტი დავინახე. მართალია მის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრან აშკარად ის იყო.
- ძალიან ცუდადაა, მითხარით რა ვალდებულია ვიღაცის შვილს
მიხედოს. საკუთარ გრძნობებს ებრძვის და ასე ამიტომ დაემართა. - საყვედურნარევი ხმით
ეუბნებოდა ნათია.
- მესმის, მაგრამ მე რა შემიძლია. მხოლოდ იმას ვაკეთებ
რაც დამიბარეს. მისი ნებაა როგორ მოიქცევა. - თავს იმართლებდა კოტე და ახლა ნამდვილად
შემეცოდა ის. მივხვდი რომ მისთვისაც რთული იყო ცხოვრების გაგრძელება.
- კოტე, ხვალ ბავშვთა სახლში წავიდეთ. დიმიტრის შვილი
აუცილებლად უნდა ვნახო, შემდეგ გადავწყვეტ როგორ მოვიქცე. -ჩემს გამოჩენას არ ელოდებოდნენ.
- მაშო, დაწექი, როგორ დადიხარ. ჯერ სუსტად ხარ. - წამოხტა
ნათია და გვერდში ამომიდგა.
- როგორც გნებავთ, მაშო. - მითხრა კოტემ და დავინახე
როგორ დაუმშვიდდა თვალები.
- ხვალ ათისთვის დაგელოდებით. - ვუთხარი და ოთახში შევბრუნდი.
ზუსტად ათისთვის
მოვიდა. მე ჯერ კიდევ არ ვიყავი მზად. როცა დამინახა, სახე შეჭმუხნა და ეშმაკურად გაიღიმა.
- ასე ცუდად გამოვიყურები? - ვუთხარი და მეც გავუღიმე.
- არ მგონია ბავშვი შეაშინოთ. - ხმამაღლა გაეცინა.
- რა ჰქვია?
- ვის? - დაბნეულმა შემომხედა.
- ბავშვს. - გამეცინა მის რეაქციაზე.
- არ მგონია გესიამოვნოთ. მამის სახელი ჰქვია, დიმიტრი.
- ესღა გვაკლდა. - გული შემიწუხდა ამის გაგონებაზე.
ბავშვთა
სახლი არცისე შორს აღმოჩნდა ჩემი სახლიდან.
- გამარჯობათ, ჩვენ დირექტორის ნახვა გვინდა. - უთხრა
კოტემ ერთ-ერთ თანამშრომელს და ისიც მორჩილად გაგვიძღვა კაბინეტისკენ.
- ახლა საუზმე აქვთ, იქნებ ათი წუთი მოიცადოთ და ვეტყვი
ბავშვი მოიყვანონ. - გვითხრა დირექტორმა.
დერეფანში
სკამზე ჩამოვსხედით. საკუთარი თავის მიკვირდა, თითქოს არ ვღელავდი, არც შიშს ვგრძნობდი.
კოტე გამომცდელად მიყურებდა და როცა მიხვდა რომ მისი მზერა შევნიშნე, გამიღიმა.
ათი წუთი მალე
გავიდა, მაგრამ ბავშვი არ მოჰყავდათ. დიდხანს ველოდეთ და უკვე იმედი გვქონდა გადაწურული
როცა ერთ-ერთ აღმზრდელთან ერთად პატარა, სასაცილოდ ჩაცმული, თმახუჭუჭა ბიჭი დავინახეთ.
გული შემეკუმშა.
- მე.. მე.. მინახავს ის. - გაუჩერებლად ვიმეორებდი.
კოტეს შეეშინდა ცუდად არ გავმხდარიყავი და ხელი წამავლო.
- შეუძლებელია მას იცნობდეთ. - მითხრა წყნარად.
- არა, ვიცნობ. კარგად ვარ, ნუ ღელავთ. მე მას ვიცნობ,
ნანახი მყავს.. - ვთქვი და თან გულში დავაყოლე - სიზმარში.
ღმერთო! საოცარი
ბავშვია, საოცარი. ლამაზი, ლურჯთვალა.. რა პატარაა, უსუსური.. არც დედა, არც მამა...თითქოს
გული მომიწურეს.
თავიდან
ბავშვმა ორივე გვიუცხოვა, მაგრამ შემდეგ თითქოს სითბოს, სიყვარულს და მოფერებას დანატრებული
გაგვითამამდა. გვეთამაშებოდა, იცინოდა და ცდილობდა არცერთი წამით მისთვის თვალი არ
მოგვეშორებინა.
- რა ლამაზია, არა? - მკითხა კოტემ.
- ანგელოზია. - ვუთხარი გაღიმებულმა და ვიგრძენი როგორი
სითბოთი მიყურებდა ამ დროს კოტე.
- მგონი დიდხანს შემოვრჩით. წავიდეთ. აქ მოსვლა ნებისმიერ
დროს შეგიძლიათ, ყველა გაფრთხილებულია და პრობლემა არ შეგექმნებათ.
- კარგი, წავიდეთ, მაგრამ არ მგონია გაგვიშვას. - ვუთხარი
და თან დიტოს გავუცინე.
ბავშვს დავემშვიდობეთ,
როგორც კი მიხვდა მივდიოდით, ისევ მოიწყინა, მომვლელს ხელი წაავლო და ისევ ისე სასაცილოდ
გაბაჯბაჯდა. მე კი საკუთარ თავს ვერ ვცნობდი და მახსენდებოდა სიტყვები, რომლებიც კოტეს
ვუთხარი. მიკვირდა როგორ ვამბობდი ბავშვზე უარს. ჩემი და ბავშვის დაშორება მხოლოდ დიტოს
არ განუცდია, მეც გული შემიწუხდა, როცა ბავშვთა სახლს გარედან შევხედე. ცივი, მოღუშული
და ნესტიანი იყო.
გზაში კოტეს
არაფერი უთქვამს. როცა სახლთან მანქანა გააჩერა, მითხრა:
- დღეს გამაკვირვეთ. - თან გაიღიმა.
- რატომ? - ასეთ შეფასებას არ ველოდი.
- დიტოს ისე ექცეოდით, თითქოს თქვენი შვილი ყოფილიყოს.
ბავშვმაც კარგად მიგიღოთ.
- ყველა პატარა ასეთია, მათ მხოლოდ სითბო სჭირდებათ.
- კი, ალბათ ყველა პატარა ასეთია, მაგრამ არა ყველა
დიდი. - მითხრა და თან ეშმაკურად შემომხედა.
- ეგ არ ვიცი. ვუთხარი და მანქანიდან გადმოვედი. - და
კიდევ, გთხოვ, თქვენობით აღარ მომმართო. - თვალი ჩავუკარი და წამოვედი.
ნათია მოუთმენლად
დადიოდა ოთახებში, კარის ხმაზე გარეთ გამოენთო და ისეთი საწყალი თვალებით შემომხედა,
გამეცინა.
- დამცინი, ხომ?
- რა მოგივიდა, ომში კი არ წავსულვარ. ყველაფერმა კარგად
ჩაიარა.
- კარგად? და უკვე მზად ხარ ბავშვმა დედაც კი დაგიძახოს,
არა?
- არა, მაგისთვის არ ვარ მზად.
- არა? მაგრამ რადგან ამაზე ფიქრობ, ესეიგი სულ მალე
იქნები. - მითხრა და მივხვდი რომ მის ანკესზე წამოვეგე და მისთვის მხოლოდ რიტორიკულ
შეკითხვაზე მოულოდნელი პასუხი გავეცი.
- ხვალ ვისაუბროთ. - ვუთხარი და ჩემს ოთახში გავედი.
მთელი ღამე
ვერ დავიძინე. ბავშვთან შეხვედრის თითოეულ წამს ვიხსენებდი, შემდეგ ისევ თავიდან და
უკვე გათენებული იყო რომ ჩამეძინა.
მეორე დღეს
სამსახურში წავედი და უფროსისგან სერიოზული საყვედურიც მივიღე. მას შემდეგ რაც ჩემს
ცხოვებაში დიმიტრი გამოჩნდა, ყველაფერი ამერია, სამსახურის გაცდენაც დავიწყე, მერე
ჩემი ავადმყოფობა და... ჩემი არყოფნის დროს იმდენი საქმე დაგროვებულიყო, სახლში გვიან
საღამოს დავბრუნდი. მანქანა სადარბაზოსთან დავაყენე, გადმოვედი და იქვე კოტე დავინახე.
მოშორებით იდგა და ფეხსაცმელს აწვალებდა. კარის დაკეტვის ხმაზე მოიხედა და დამინახა.
- გამარჯობა. - ჯერ კიდევ არ ვიყავი ახლოს მისული, როცა
მივესალმე.
- გაგიმარჯოს, მაშო. თქვენთან.. შენთან საქმე მაქვს
და გელოდებოდი.
- კიდევ რამე მოხდა? - გული შემიღონდა.
- არა, ისეთი არაფერი. საბუთები უნდა გადმოგცე. საბანკო
ანგარიშებია დიტოს სახელზე. თვრამეტი წლის გახდება თუ არა, ამ თანხის გამოყენებას შეძლებს.
- უჰ, დავმშვიდდი. კიდევ ერთ სიურპრიზს ვერ გადავიტანდი.
- უკვე გვიანია. ალბათ არც გივახშმია, მეც მომშივდა
შენ ლოდინში, ამიტომ გეპატიჟები. ვახშამზე დამეწვიე. - მითხრა კოტემ და გაიღიმა. ლამპიონის
შუქზეც კი შესამჩნევი იყო მისი მოციმციმე თვალები,
თან ისე მიყურებდა უარის თქმა ვერ ,,გავბედე“.
- კარგი, წავიდეთ.
დღისგან განსხვავებით
საღამო მშვენივრად გავატარე. მე და კოტეს ბევრი აღმოგვაჩნდა საერთო. საოცარი იუმორი
ჰქონია. ბევრი ვისაუბრეთ და ბოლოს ერთმანეთით დაღლილები წამოვედით რესტორნიდან.
მეორე დღეს
შესვენებაზე ბავშვთა სახლში წავედი და ნათიაც თან წავიყვანე. თავიდან იწუწუნა, მაგრამ
მასაც ინტერესი კლავდა და მაინც ადვილად დავიყოლიე.
დიტომ დამინახა
თუ არა, სახე გაებადრა, შორიდანვე მიცნო. მომვლელს ხელი გაუშვა და სირბილით წამოვიდა
ჩვენკენ. ნათია გაოცებული გვიყურებდა, ბავშვს ერიდებოდა, მაგრამ დიტომ მალევე შეძლო
მისი გულის მოგებაც. წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ეს უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა და
სამივემ ძალიან განვიცადეთ განშორება.
- მაშო - მომმართა ნათიამ, როცა უკან ვბრუნდებოდით.
- შენი მესმის. - თან ხმა უკანკალებდა. - როგორ არ ვეცადე, მაგრამ ისეთია...
- ხო, საოცარია..
- იცი რას ვფიქრობ? შენ და შენს ქმარს რამდენიც უნდა
გეწვალათ, ასეთს მაინც ვერ გააჩენდით. - მითხრა და ცრემლმორეული, სევდიანი თვალებით
შემომხედა.
- ხო, შეიძლება. - ვუთხარი და გავუცინე.
ერთი კვირის განმავლობაში დიტოსთან ყოველდღე დავდიოდი.
ბავშვი ისე შემიყვარდა, მის გარეშე სიცოცხლე ვეღარ წარმომედგინა. სულ უფრო მიჭირდა
ბავშვთა სახლიდან წამოსვლა და მისი იქ დატოვება. ნათია გამუდმებით მეკითხებოდა, რას
ვაპირებდი. ბოლოს ერთ საღამოს კოტეს დავურეკე და ჩემთან მოსვლა ვთხოვე.
- შენს ზარს არ ველოდი. - მოსულმა გაკვირვებულმა მითხრა.
- მინდა რაღაც გითხრა. ალბათ გაგიკვირდება, მეც მიკვირს,
მაგრამ ასე ვეღარ გავაგრძელებ. ვიცი, რასაც გეტყვი შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოს..
- კარგი, აღარ იტყვი რა მოხდა? - გამაწყვეტინა.
- არ შეიძლება, რომ დიტო ვიშვილო?
- რა ქნა? იშვილო? კარგად ხარ? - ისეთი გაოცებული სახე
ჰქონდა, სიცილი ვერ შევიკავე.
- ბევრი ვიფიქრე, თითქმის ყოველდღე დავდივარ მის სანახავად,
მაგრამ არა იმიტომ რომ ვალდებულებას ვგრძნობ, არამედ იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. გამოსავალს
კი მხოლოდ ამაში ვხედავ.
- ეს ძალიან რთული იქნება. უპირატესობას ყოველთვის წყვილებს
ანიჭებენ.
- იქნებ მაინც სცადო. თუ არაფერი გამოვა, ის მაინც მეცოდინება
რომ ჩემი ბრალი არ იქნება.
- კარგი, ყველაფერს გავარკვევ და შეგატყობინებ. - მითხრა
კოტემ და წავიდა.
- სულ გააგიჟებ ამ ბიჭს. - მითხრა ნათიამ, როცა ჩემი
გადაწყვეტილების და კოტეს რეაქციის შესახებ მოვუყევი.
- არაუშავს, გადაიტანს.
რამდენიმე
დღე კოტე არ შემხმიანებია. სამშაბათი საღამო იყო, როცა მოულოდნელად მოვიდა, თან ხელში
უამრავი ფურცელი ეჭირა. მოკითხვის შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
- ახლა კარგად დაფიქრდი, ხარ თუ არა
მზად დედა გახდე და ამ
საბუთებს მოაწერე ხელი.
- ანუ, ანუ გამოვიდა? შემიძლია დიტო ვიშვილო? - გახარებული
ვხტუნავდი და ზედიზედ ვაყრიდი კითხვებს.
- კი, შეგიძლია, ოღონდ თუ ასე გააგრძელებ, გული გაგიხდება
ცუდად და აქეთ გახდები მოსავლელი. - გამეხუმრა კოტე.
- ძალიან გამახარე, არ მეგონა თუ მოახერხებდი და თან
ასე მალე. - ფურცლები გამოვართვი, ხელი სასწრაფოდ მოვაწერე და მადლობის ნიშნად გადავეხვიე.
ამ დროს ოთახში
ნათია შემოვიდა, ჩვენს დანახვაზე ერთი ჩაახველა, ცერად გამოგვხედა, ჩაიცინა და მეორე
ოთახში გავიდა.
- მგონი ზედმეტი მომივიდა. - ვუთხარი კოტეს, მაგრამ
ისეთი ბედნიერი ვიყავი, ემოციების მართვა მიჭირდა.
კოტეს არაფერი
უთქვამს. საბუთები გამომართვა, სევდიანად დამემშვიდობა და წავიდა.
საბუთების
მოწესრიგებას ერთი კვირა დასჭირდა. ყოველი ახალი დღე უფრო მაკავშირებდა ჩემს მომავალ,
განსხვავებულ ცხოვრებასთან. უფრო და უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. საკუთარი
თავის მიკვირდა და თან ვამაყობდი ჩემი საქციელით. რამდენჯერმე დიმიტრი გამახსენდა.
მაინტერესებდა რას იგრძნობდა, როცა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გაიგებდა. ყოველდღიურად
უფრო მიმძაფრდებოდა სიხარულის შეგრძნება, ამის პარალელურად კი კოტე იცვლებოდა. თუ აქამდე
მხიარული და გულღია იყო, ჩაიკეტა, ზედიზედ ორ სიტყვას ძლივს ამბობდა. ჩემთან შებოჭილი
იყო. ცდილობდა უფრო ნაკლებად დამკავშირებოდა. მხოლოდ საბუთები მოჰქონდა, ხელს ვაწერდი
და მაშინვე მიდიოდა. ხან ვეხუმრებოდი, ხან თავს ვიჭერდი ვითომ მისი უყურადღებობა მწყინდა,
მაგრამ არაფერმა გაჭრა. არ მინდოდა კონკრეტულად შევხებოდი მისი ხასიათის შეცვლას, მაგრამ
ერთ დღესაც ვეღარ მოვითმინე.
- კოტე, რაღაც უნდა გითხრა და გთხოვ გულწრფელად მიპასუხე.
- მკლავზე ხელი წავავლე და თვალებში მივაჩერდი.
- მითხარი, ეს შესავალი რა საჭიროა. - მითხრა ცივად
და შეეცადა ხელი გაეთავისუფლებინა.
- რატომ შეიცვალე? - თითქოს მიმიხვდა სად ვუმიზნებდი,
სახე შეეცვალა, თვალები დახარა.
- არ შევცვლილვარ, შენ ხომ არც კი მიცნობ, ასეთი ვარ.
- არა, არ ხარ. უნდა მითხრა ის მხიარული კოტე სადაა,
მჭირდება და მინდა მოვძებნო.
- არ ვიცი. მხიარული კოტე არც არსებობდა, ამიტომ თავს
ნუ შეიწუხებ მისი ძებნით. - ისე მითხრა არც შემომხედა.
- ესეიგი მომატყუე?
- როდის? - გააკვირვა ჩემმა კითხვამ.
- აი, მაშინ. პირველად რომ გნახე, შემდეგ რესტორანში
რომ ვიყავით, კიდევ.. მანამდე სანამ დიტოს ვნახავდი. მას შემდეგ შეიცვალე.
- უაზროდ ვსაუბრობთ. - ისე მითხრა, მივხვდი რომ გულში
მოვარტყი. მისი ხელი ისევ მე მეჭირა. ის კი შეუჩერებლად ცდილობდა, როგორმე დაეღწია
ჩემგან თავი.
- უაზროდ შენ იქცევი, კოტე. ერთხელ თქვი რას ფიქრობ,
რა გინდა და მართლაც მოვრჩეთ ამ ყველაფერს. ასე მგონია გეჯავრები, აქ მოსვლა გეზარება
და ერთი სული გაქვს როდის მოგვიშორებ მე და დიტოს თავიდან.
- ასე არაა, დარცხვენით მითხრა და ახლა უკვე თვითონ
წამავლო მაჯაზე ხელი. - მე დიმიტრის ახლო მეგობარი ვიყავი, არ მაქვს უფლება.. - ვეღარ
გააგრძელა.
- რისი უფლება არ გაქვს, თქვი. ერთხელ თქვი და მოვრჩეთ.
- შენი სიყვარულის უფლება არ მაქვს. - მითხრა, ჩუმად,
ძალიან ჩუმად. მისი პასუხი იმდენად მოულოდნელი იყო, ხელი გამეშვა და ისიც უკან მოუხედავად
გაქრა ჩემი სახლიდან.
მისთვის
აღარ დამირეკავს, მინდოდა დრო მიმეცა დასამშვიდებლად, მაგრამ ერთი სული მქონდა როდის
მომიწევდა მასთან კიდევ შეხვედრა. მისი სიტყვები გულს მიკლავდა. მაინტერესებდა რას
გრძნობდა ჩემ მიმართ. და მაინტერესებდა მე რას ვგრძნობდი. პრობლემების მოგვარებაში
ისე მივეჩვიე, მის გარეშე ერთი დღეც ვეღარ წარმომედგინა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი ზუსტად
რა გრძნობა მაკავშირებდა მასთან.
როცა აუტანელი
გახდა ჩვენი მდგომარეობა, დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე.
- კოტე, აუცილებლად მოდი. მინდა რაღაც გითხრა. - ყოველგვარი
მისალმების გარშე ვუთხარი. პასუხად რაღაც ჩაიბურტყუნა და გათიშა. ზუსტად არ ვიცოდი
მოვიდოდა თუ არა, მაგრამ გული მიგრძნობდა რომ ჩემს მოწვევას დათანხმდებოდა.
ნახევარ საათში ზარმა დარეკა.
- ბევრი დრო არ მაქვს, მითხარი რა ხდება და წავალ.
- მითხრა კარის გაღებისთანავე.
- შემოდი, ასე უცებ ვერ გეტყვი. - დინჯად შემოვიდა და
ოთახში აიტუზა.
- დიტოს წამოყვანის უფლებას ორ დღეში მოგცემენ.
- ახლა დიტოზე ლაპარაკს არ ვაპირებ. მინდა მხოლოდ ჩვენზე
ვისაუბროთ. ჩემთვის გაურკვეველი დარჩა შენი სიტყვების აზრი. და კიდევ, არ იფიქრო რამეში
დაგადანაშაულებ. არა ვიცი რას ფიქრობ, მაგრამ თუ გგონია ჩემი შეყვარებისთვის ვინმე
გისაყვედურებს, ცდები.
- ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ხალხი რას იტყვის. ან
საიდან მოიტანე, თითქოს შემიყვარდი. - მითხრა აგდებულად.
- მაშინ ამიხსენი ჩემთან შეხვედრის რატომ გეშინია, რატომ
იცვლები როცა მხედავ და რატომ მითხარი მაშინ,
რომ ჩემი შეყვარების უფლება არ გაქვს.
- არაფრის მეშინია. დავიღალე ასეთი საუბრებით და არც
ის სიტყვები ნიშნავს რამეს.
- კარგი, დავიჯერებ. მეტჯერ არაფერს გკითხავ.
- ასე აჯობებს. - მითხრა და წავიდა. ძალიან აღელვებული
იყო. გიჟივით გავარდა ჩემი სახლიდან. ამ დროს ჩემთვისაც კი მოულოდნელი გადაწყვეტილება
მივიღე. ჩანთა ავიღე და უკან დავედევნე.
მანქანა ნელა
მიჰყავდა, როგორც ჩანს საკუთარ თავს აკონტროლებდა. ვცდილობდი მისთვის შეუმჩნეველი დავრჩენილიყავი,
ამიტომ ჩვენ შორის დიდი მანძილი იყო. დიდხანს ვიარეთ ასე. შემდეგ გადაუხვია და როცა
მეც მის მსგავსად მოვიქეცი, პატარა ეკლესია დავინახე, გარშემო კი უამრავი საფლავის
ქვა იყო. მანქანა შორს გავაჩერე, გადმოვედი და ახლა ფეხით გავყევი უკან. ბევრი არ უვლია,
ერთ-ერთ საფლავთან გაჩერდა, უფრო ახლოს მივედი და საფლავის ქვაზე წაწერილი სახელი წავიკითხე:
,,დიმიტრი ლაშხი“. გულის ცემა ამიჩქარდა, შემდეგ შენელდა და უცებ ვიგრძენი რომ სულ
ცოტაც და გაჩერდებოდა...
თავი ხელში
ავიყვანე და შევეცადე მისთვის შეუმჩნეველი დავრჩენილიყავი. ვხედავდი როგორ ებრძოდა
საკუთარ თავს. საფლავთან ახლოს, სკამზე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და პატარა ბავშვივით
აქვითინდა. გული მომიკლა მისი ტირილის ყურებამ. შემდეგ ცრემლები მოიწმინდა, ფეხზე ადგა
და დიმიტრის სურათს მიუახლოვდა. დიდხანს იდგა ასე, ლაშხს თვალებში უყურებდა და ისეთი
შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს საუბრობდნენ, უხმოდ, მდუმარედ. კოტეს თვალებში სინანული
და ამავე დროს პროტესტი იგრძნობოდა. უცებ, ჩემთვის მოულოდნელად მან ლაპარაკი დაიწყო,
საუბრობდა ხმამაღლა, გარკვევით, თითქოს უნდოდა ბოდიში მოეხადა.
- დიმა, როგორ მინდა შენთან საუბარი შევძლო და შენგან
გავიგონო ის, რისი გაგებაც ჩემს გულს ასე სურს. მეგობრად მთვლიდი. მე კი.. მე შენი
ქალი შემიყვარდა. გესმის? არა, ჯობია არ გესმოდეს. - კოტესთვის შეუმჩნევლად უფრო მივუახლოვდი,
მინდოდა მისი სახე დამენახა. კვლავ ტიროდა, თუმცა არა ხმით. მხოლოდ ცრემლები ჩამოსდიოდა.
ცდილობდა გულში ჩაეკლა თავისი განსაცდელი, საკუთარ თავს ადანაშაულებდა და ვერ ხვდებოდა
რომ ის მართალი იყო. მეც გული მიკვდებოდა მის შემყურეს. - ახლა ვიცი რატომ მოგეწონა
მაშო. ახლა შემიძლია გაგიგო, რატომ გიყვარდა ასე. ახლა ვხვდები რატომ არ უთხარი რომ
დიდხანს ვერ იცოცხლებდი. ახლა მესმის, იმიტომ რომ მეც იმავეს ვგრძნობ. მეც ისევე შემიყვარდა,
როგორც შენ გიყვარდა. შეიძლება უფრო მეტად ან ნაკლებად, მაგრამ ჩემთვის ამაზე დიდი
გრძნობა არ არსებობს. მან შენი შვილი შეიყვარა, ოფიციალურად იშვილა და როცა ამ გადაწყვეტილების
შესახებ მითხრა, მივხვდი რომ თანამედროვეობის ანგელოზი მიყვარდა. არ მინდოდა მას ამის
შესახებ გაეგო, მაგრამ მაინც წამომცდა, გული ვერ გავაჩერე, ახლა კი ვგრძნობ როგორ გიღალატე.
- ვუყურებდი კოტეს და გული სიხარულით მევსებოდა, მსიამოვნებდა მისი სიტყვები. ამიტომ
ვეღარ მოვითმინე და მივუახლოვდი.

- აქ რას აკეთებ. - მითხრა ჩუმად, ძლივს გასაგონად.
- კოტე, აქ იმისთვის ვარ, რომ მინდა შენ გვერდით ვიყო,
გესმის? მე არაფერს მეკითხები და შეცდომას უშვებ.
- არ მინდა შენთან საუბარი. აქ შენი ადგილი არაა, ამიტომ
წადი. - მითხრა უხეშად, ცდილობდა სიმკაცრე გამოეჩინა, მაგრამ ცრემლებს ვერ აკავებდა.
- ერთს გთხოვ, უკან მიბრუნდი, დიმიტრის სურათს დააკვირდი
და მითხარი რა განსხვავებას ხედავ.
- რა უაზრობაა, მეტი ვერაფერი მოიფიქრე?
- გთხოვ, შებრუნდი და მითხარი რას დაინახავ.
წინააღმდეგობა
ვეღარ გამიწია და დამემორჩილა.
- ახლა მითხარი რას ხედავ.
- ვერაფერს, მხოლოდ საფლავის ქვას.
- არა, მითხარი რა განსხვავებას ხედავ შენსა და დიმიტრის
შორის.
- ჩვენ ნათესავებიც არ ვყოფილვართ, ამიტომ ის არაფრით
მგავს.
- კარგად დააკვირდი და მთავარი განსხვავება მითხარი.
- ვერ ვხვდები, აზრი არ აქვს, არ ვიცი რას გულისხმობ.
- მითხრა წყნარად და ჩემკენ მოტრიალდა.
- კარგი, მაშინ მე გეტყვი. ის მკვდარია, გესმის? გარდაიცვალა.
ჩვენთან აღარაა, არ შეუძლია ჩვენ გვერდით იდგეს, ჩვენსავით განაგარძოს ცხოვრება. შენ
კი ცოცხალი ხარ, ჩემთან ხარ და წინ მომავალი გაქვს. აი, ესაა თქვენ შორის განსხვავება.
დაფიქრდი, კარგად დაფიქრდი, შენი აზრით დიმიტრისთვის უკეთესი არაა, თუ შენ გეყვარები?
თუ ეცოდინება რომ მისი მეგობარი ჩემ გვერდითაა?
- არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. - თქვა დარცხვენით და
ხმაში იმედი დაეტყო. თითქოს გამოსავალს მიაგნო და წყალწაღებულივით ხავსს მოეჭიდა.
- ხოდა უნდა დაფიქრდე. ახლა მე მითხარი, პირადად, რასაც
წეღან ამბობდი. - ვუთხარი და სახეზე ხელები წავავლე. - მე გეტყვი იმას, რისი გაგონებაც
დიმიტრისგან გსურს.
- მაშო... - ძლივს ამოთქვა და თვალებიდან კვლავ ცრემლები
გადმოუგორდა. - მაშო.. ჩემო მაშო. როგორ მიყვარხარ რომ მიცოდე. როგორ მინდა არასდროს
წახვიდე ჩემგან. როგორ მინდა ყოველთვის შენს სურნელს ვგრძნობდე. შენი ხელების შეხებას.
- ჩემი ხელები სახიდან მოიცილა, გადამეხვია და სახე ჩემს თმაში ჩარგო.
- კოტე.. მეც მინდა, გესმის? მეც მინდა ჩემთან იყო და
ვიცი, ეს დიმასაც უნდა. ახლა გვხედავს და ბედნიერია, უხარია რომ ერთმანეთი ვიპოვეთ.
ნახე, ცას ახედე, ხედავ რა ლამაზია? იმიტომ რომ დიმიტრია გახარებული.
- ხო, ალბათ. - თქვა წყნარად, დამშვიდებულმა. შემდეგ
იქვე ყვავილები დაინახა, რამდენიმე მოწყვიტა და ლაშხის სურათთან დადო. - შენთვის კი
სხვაგან დავკრეფ. - მითხრა, ხელი წამავლო და სასაფლაოდან წამომიყვანა.

სახლში მისვლისთანავე
წინასწარ მოქუჩებული სათამაშოები გავუშალე დიტოს. სახლში ახალი, პატარა სიცოცხლის შემოსვლამ
ყველაფერი გააცოცხლა. ახალი, ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი სურნელი დატრიალდა და სულ მალე
ერთ დროს მოწყენილი სახლის კედლები ბავშვის ტიტინმა და სიცილმა გამოაცოცხლა.
საღამოს კოტეც
შემოგვიერთდა. შემოსვლისთანავე ჩვენი სიცილის ხმა გაიგო და მეორე ოთახში გაკვირვებულმა
შემოყო თავი.
- კოტეც მოსულა. - გახარებულმა შევძახე. - დიტო, მიდი
მამიკოს ჩაეხუტე. - ბავშვიც თითქოს კოტე მართლაც მისი მამა ყოფილიყო, გაბანცალდა და
კოტეს კისერზე ჩამოეკიდა.
- ბავშვთა სახლში მითხრეს რომ როცა იქ მიიყვანეს რამდენიმე
სიტყვას ამბობდა, მაგრამ შემდეგ ლაპარაკი შეწყვიტა. გუშინ კი, რაღაც უთქვამს.
- მართლა? - გაბრწყინებული თვალებით მომაჩერდა კოტე.
რა თქვა?
- დედა უთქვამს, ფანჯარასთან დამდგარა და მხოლოდ ამას
იმეორებდა.
დიტო თითქოს
მიხვდა მასზე რომ ვსაუბრობდით, ჩემკენ შემოტრიალდა და გარკვევით წარმოთქვა სიტყვა,
რომელის გაგონებასაც ყველა ქალი ნატრობს. ,,დედა“
შემოსასვლელთან
კი ნათია ატუზულიყო და ტიროდა, მეც ვტიროდი, კოტეც, მხოლოდ დიტო იცინოდა და ვერ ხვდებოდა
რა ხდებოდა.. ჩვენ კი სიხარულის ცრემლებით ვუყურებდით ერთმანეთს და გულში ღმერთს მადლობას
ვუხდიდით იმ სიხარულისთვის, რომელიც გვაჩუქა.