ხშირად გამიგონია,
რა ცოტა ჰყოფნისო ადამიანს ბედნიერებისთვის. ახლა მივხვდი როგორი მართალი ყოფილა ამის
მთქმელი. სულ ცოტა, სულ მცირე, პატარა ნამცეციც კი სიხარულით უჩქროლებს გულს. უხარია,
ბედნიერია, ძარღვებში სისხლი უდუღს და ნათელს ასხივებს. რა ცოტა გვყოფნის ადამიანებს,
ვინმე შევიყვაროთ, ან შევიძულოთ. მხოლოდ ერთი გამოხედვა, თუნდაც საუბარი და ჩვენ გვიყვარს,
გვძულს, ანდაც საერთოდ ვშლით ჩვენი ცხოვრებიდან.
მაინც რამდენია
ეს „ცოტა“? პატარა გაელვება, ნათება, რომელიც უცებ იჭრება გონებაში, სულში, გულში,
ყველაფერს თავდაყირა გიყენებს, გაგიჟებს, შემდეგ წყნარდება, მშვიდდება, ნელნელა მიიწევს
ბნელი კუნჭულისკენ, იქ სახლდება და საბოლოოდ შენს სახეზე ღიმილის სახით რჩება.
ჩემთვის რამდენია
ეს „ცოტა“? ჩემთვის ერთი სხივია, ოღონდ არა - მზის, ის სხივია „მისი“ თვალებიდან რომ
იღვრება და მხოლოდ შენ გათბობს. ის ნაპერწკალია, შენს გულში რომ ხანძარს აჩენს.
კიდევ რამდენია
ეს „ცოტა“? ალბათ, ყოველი ადამიანისთვის ინდივიდუალურია.
შენთვის რამდენია?
მისთვის?
ბედნიერებისთვის
საკმარისი „ცოტა“ რამდენია?
იქნებ ეს ოჯახის წევრთან ურთიერთობაა? მშობლის, ძმის,
დის სიყვარული, მათი მოფერება. იქნებ სხვისი ბედნიერება ჩვენც გვყოფნის? ვითომ? ალბათ
ყოველთვის არა.
მეგობარო, რა გყოფნის შენ ბედნიერებისთვის?
- არ ვიცი, ასე უცებ, ქუჩაში
დიახ, ასე უცებ, დაუფიქრებლად.
- ბედნიერებისთვის საკმარისი „ცოტა“ ჩემთვის ადამიანებთან
ურთიერთობაა. და თქვენთვის რა არის ეს „ცოტა“?
- ჩემთვის, ხედავთ? მეც მიჭირს, ასე უცებ, ქუჩაში...
ჩემთვის ბედნიერება „მისი“ თვალებია.
დაიმორცხვე, რატომ შვილო, გიყვარდეს..
- არ
ვიცი, ბატონო.
თქვენ რა გყოფნით ბედნიერებისთვის? ოღონდ სულ პატარა,
მცირე სიხარულისთვის. რამდენია თქვენთვის ეს „ცოტა“? როდის გითქვამთ, რა ცოტა ჰყოფნისო
ადამიანს ბედნიერებისთვის, იქნებ არც გითქვამთ? არც გიფიქრიათ? ნუთუ, არა. ეს ცუდია,
იქნებ მომავალში დაფიქრდეთ, აუცილებელი არაა რაღაც დიდი მოხდეს, შესაძლებელია მართლაც
ერთმა სხივმა გაგითბოთ გული, სითბო ჩაგიღვაროთ, გაგეღიმოთ და ჩაიჩურჩულოთ, ღმერთო,
რა ცოტა მეყო ბედნიერებისთვის.