Sunday, September 1, 2013

ბექა-აღბუღას სამართალი


*      შესავალი
თითოეული ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი მდგომარეობა და სწორედ ამაზეა დამოკიდებული შემდეგ მისი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორიაში  სამართლის არაერთი ძეგლი ჩანს, მრავლად გვხვდება პერიოდები, როცა ქართველი ერის ყოფნა-არყოფნა არა ჩვენი, არამედ ჩვენი მტრის გადასაწყვეტი იყო. რთულია, ისტორიაში ბედნიერი საქართველო აღმოაჩინო. არ ყოფილა დამპყრობელი, რომელსაც ჩვენი მიწა-წყალი არ გაეთელოს..
განსაკუთრებით მძიმე პერიოდი საქართველოს XIII-XIV საუკუნეებში ჰქონდა, რადგან ამის შემდეგ მხოლოდ გიორგი V ბრწყინვალემ შეძლო ქვეყნის გაერთიანება და ისიც - დროებით. ერთიან, მთლიან საქართველოს აღარ უარსებია (სანამ რუსეთის იმპერიამ სათითაო სამეფო-სამთავროები საკუთარი გამგებლობის ქვეშ არ მოაქცია).
საქართველოს ისტორიაში სამართლის ძეგლებიდან აღსანიშნავია: ბაგრატ კურაპალატის სამართალი, ბექა-აღბუღას სამართლად წოდებული ,,წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე“, რომელიც ბექასა და მისი შვილიშვილის, აღბუღას მიერაა შექმნილი(შეტანილია ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კოდიკოში სათაურით „სამართალი აღბუღასი“ გამორკვეულია, რომ ვახტანგის კომისიის მიერ რედაქტირებული ტექსტი საკმაოდ განსხვავდება მასში ჩართული ახსნა-განმარტებების გამო), ასევე გიორგი V ბრწყინვალეს ,,ძეგლის დადება“ და ,,ხელმწიფის კარის გარიგება“ და უფრო მოგვიანებით ვახტანგ მეექვსის ,,სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა“. ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი პირველი იყო ბექა აღბუღას სამართალი, რომელმაც დიდ წვლილად განსაზღვრა სამცხე-საათაბაგოს მომავალი.
*      სამართლის რაობა
იმისათვის, რომ უკეთესად გავიაზროთ, რა მნიშვნელობა აქვს თითოეული ქვეყნისთვის სამართალს, აუცილებელია გავიგოთ, რა არის ზოგადად სამართალ. სანამ ეს ტერმინი გაჩნდებოდა და საერთოდ სამართლის ნორმები ჩამოყალიბდებოდა, თითქმის მსგავს ფუნქციას ატარებდა ადათი ანუ ჩვეულება. ადათი ეწოდება ადამიანთა ქცევის წესს, რომელიც იქმნება და მკვიდრდება საზოგადოებაში მისი ხანგრძლივი და მრავალგზისი გამოყენების შედეგად. ადათი წარმოიშვა პირველყოფილი თემური წყობილების დროს, ის ქცევის საერთო წესს წარმოადგენდა, მაგრამ მას იურიდიული ძალა და მნიშვნელობა არ ჰქონდა. ადათი იურიდიულ ჩვეულებად მხოლოდ კლასობრივი საზოგადოებისა და სამართლის წარმოშობის შედეგად იქცევა. იგი ღებულობს სამართლებრივი ნორმის ძალას და ხდება ადამიანთა ქცევის სავალდებულო წესი.
სამართლის ისტორიის მთელ მანძილზე მრავალწყაროთა შორის გამოიყოფა ორი ძირითადი: ჩვეულებითი სამართალი და კანონი. ძველი აღმოსავლეთის, საბერძნეთისა და რომის მონათმფლობელურ სახელმწიფოებში, მათი განვითარების ადრეულ სტადიაზე, სამართლის მთავარ წყაროს ჩვეულებითი სამართალი წარმოადგენდა.
უფრო მოგვიანებით, ანუ სახელმწიფოებრივი წყობილების ჩამოყალიბების შემდეგ, სამართალი არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ან სანქციონირებული ქცევის საყოველთაო ნორმების ერთობლიობა. სამართალი ყოველთვის ატარებს კლასიკურ ხასიათს: სამართლის საშუალებით მმართველი კლასი ამკვიდრებს მისი ინტერესების შესაბამისი ურთიერთობების წესებს. ამ თვალსაზრისით, სამართალი არის კანონის დარგში აყვანილი მმართველი კლასის ნება. არსებობს სამართლის მრავალი დარგი, მაგალითად: ეროვნული და საერთაშორისო, ადმინისტრაციული, საჯარო, სამოქალაქო, სისხლის და ა.შ. მაგრამ სამართალი არის არა მხოლოდ კანონები და კოდექსები, არამედ იურისპრუდენცია, ტრადიციები, დოქტრინები და სხვ.
ძველი ქართული სამართალი ძირითადად ჩვეულებით სამართალს ეფუძვნება, მისი ნორმები უხვად არის მოცემული, როგორც ბაგრატ კურაპალატის, ისე ბექასა და აღბუღას სამართლის წიგნებში. ისინი ძირითადად ძველი ქართული ზნე-ჩვეულებების კრებულებია. ადათობრივი სამართლის ნორმები კანონმდებლობის მიერ გამოყენებულია, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და საპროცესო სამართლის დარგში.
*      სამართლის ჩამოყალიბების წინაპირობა
სამართლის ნორმების ჩამოყალიბებას, როგორც წესი, სახელმწიფოში, ან მის  ცალკეულ მხარეში შექმნილი მდგომარეობა იწვევს. საქართველოს შემთხვევაში, ხანგრძლივმა ძნელბედობამ (მონღოლთა თითქმის ასწლოვანი ბატონობა და შემდეგ სხვადასხვა დამპყრობელთა განუწყვეტელი შემოსევები) შეცვალა ცხოვრების ვითარება, საჭირო გახდა შექმნილი ახალი მდგომარეობის ნორმირება. ამიტომაც, ბუნებრივია, ყურადღება მიაქციეს დარღვეული ძველი წესების აღდგენა-განმტკიცებას.
სამართლის ნორმების თავისებურებებს განაპირობებს ის, თუ რომელი სახელმწიფოს ან საგამგებლო ერთეულისთვისაა შექმნილი.
ბექა-აღბუღას სამართალი სამცხე-საათაბაგოსთვის შეიქმნა. ისტორიულად ზემო ქართლი, ანუ მესხეთი აერთიანებდა მდ. მტკვრის აუზის ზემო წელს სათავიდან ბორჯომის ხეობამდე, აგრეთვე ჭოროხის აუზს - სათავიდან  აჭარისწყლის ხეობის ჩათვლით. მტკვრის ზემო წელზე მდებარეობდა სამცხე, ჯავახეთი, არტაანი, ერუშეთი, კოლა; ხოლო ჭოროხის აუზში - კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, ოლთისი, აჭარა და სპერი.
*      ბექა-აღბუღას სამართლის მოქმედების არეალი, სამცხის ისტორია
ცნობილი ბერძენი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი წერს: ,,მესხები ძველთაგანვე იბერთა ქვეშევრდომნი არიან და მათ მთებში აქვთ საბინადრო  ადგილები“, ე.ი. მესხები პოლიტიკურად და ადმინისტრაციულ -ტერიტორიულად ქართლში შედიოდნენ.
სახელწოდება სამცხე წარმოდგება მესხთა ტომის სახელისგან (სა-მესხთა; სა-მეცხე-სამცხე). მესხეთი დაწინაურებული ეთნოგრაფიული რეგიონი იყო, როგორც ეკონომიკური ისე კულტურული თვალსაზრისით. აქ არის აგებული ქართული არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლები (საფარა, ზარზმა, ჭულე, თმოგვი, ხერთვისი, კუმურდო), ასევე ვხვდებით კლდეში ნაკვეთ ნაგებობებს.
სამცხე მთლიანად გააპარტახეს არაბმა დამპყრობლებმა (VII-VIII) ისე, რომ ,,აღარა იპოვებოდა ნაშენები, არცა საჭამანდი და პირუტყვი ყოვლადვე...“ IX ს-ის დამდეგს აქ ჩამოყალიბდა ტაო-კლარჯეთის სამთავრო, რომელსაც ქართლის უკანასკნელმა ერისთავმა აშოტ ბაგრატიონმა ჩაუყარა საფუძველი. აშოტის შთამომავალმა (შვილთაშვილმა) ადარნასე ბაგრატიონმა ,,ქართველთა მეფის“ ტიტული მიიღო, ამიერიდან ამ სახელმწიფოს ,,ქართველთა სამეფო“ ეწოდა. გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის დროს (978-1014) მესხეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. იმ პერიოდში, როდესაც იბერიას რთული პერიოდი დაუდგა, კერძოდ მონღოლების შემოსევის ჟამს, 1266 წელს სამცხე ცალკე ერთეულად ,,ხას-ინჯუდ“ გამოცხადდა.
1590 წელს ირან ოსმალეთის ზავით მთელი სამცხე-საათაბაგო ოსმალეთს ერგო. სამხრეთ საქართველო დიდი ხნით მოექცა ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში. 1595 წელს შეიქმნა ,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“, რის მიხედვითაც მთელი სამცხე იყოფოდა 8 სანჯაყოდ, რომლებშიც 1160 სოფელი შედიოდა. 1625 წელს სამცხე-საათაბაგომ, როგორც პოლიტიკურმა ერთეულმა, არსებობა შეწყვიტა.
1829 წელს გაფორმებული ანდრიაპოლის ზავით რუსეთმა თურქეთს ჩამოართვა ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, აწყური, ხერთვისი, ქვაბლიანი, აბასთუმანი და ჭაჭარაქი და დანარჩენ საქართველოსთან ერთად თავის მფლობელობაში შეიყვანა.
1829-31 წლებში, რუსეთმა, პასკევიჩის ინიციატივით, აყარა ადგილობრივი მოსახლეობა (მიზეზი-მაჰმადიანობა) და თურქეთში გადაასახლა. მათ ნაცვლად კი ანატოლიელი სომხები ჩამოასახლეს (130 000 ოჯახი), რითაც დასაყრდენი შეიქმნეს სომხეთში და შექმნეს ეთნოკონფლიქტური კერა. ამ ფაქტის შემდეგ მესხეთში მოსახლეობის 90%-ზე მეტი არაქართველი იყო, ამ ფაქტმა კი კუთხეში სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია.
*      ბექა I ჯაყელი
ახლა, რაც შეეხება, კერძოდ სამართლის წიგნს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის ბექასა და მისი შვილიშვილის, აღბუღას სამართლის გაერთიანებაა.
იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა მოცემულ სამართლის წიგნს, მის შემქმნელებზეც უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა.
ბექა I ჯაყელი სარგის I-ის შვილი იყო. მამისგან მას ხასინჯუდ ჩამოყალიბებული საგამგებლო ერთეული ერგო. სარგის I დავით ულუსადმი დიდი თავდადებით გამოირჩეოდა, ჰულაგუ-ყაენის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყება 1262 წელს  თავად დაიბრალა და ამით, ფაქტიურად გადაარჩინა დავით VII, გამოძიება ჯერ კიდევ არ იყო დამავრებული, როცა ჰულაგუს წინააღმდეგ ბერქა ყაენმა გამოილაშქრა, ბრძოლაში კი თავი გამოიჩინა სარგისმა და სიკვდილისგანაც იხსნა ჰულაგუ, რითაც მისი კეთილგანწყობა დაიმსახურა. სამაგიეროდ, მისი წარმატებების მოშურნე დიდებულებმა, მასსა და დავითს შორის ურთიერთობის გაფუჭება სცადეს და საბოლოოდ მოახერხეს კიდეც. დავუთ VII-მ სარგისი დააპატიმრა. პატიმრობიდან კი ჰულაგუმ გაათავისუფლა.  სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა 1266 წელს სამცხის ხასინჯუდ (უშუალოდ ყაენისათვის დაქვემდებარებული ტერიტორია) ჩამოყალიბება. ბექა I-ის მოღვაწეობა 1285 წელს დაიწყო და 1306 წელს დასრულდა. ამ დროს სამცხის მთავარი ილხანთა საყაენოს ვასალი იყო. ყაენებს ხარკს უხდიდა და თავისი ჯარით მათ ლაშქრობებში მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, სამხრეთ საქართველოს პოლიტიკური კავშირი დანარჩენ საქართველოსთან მაინც არსებობდა. ბექა  I საქართველოს მეფეთა მანდატურთუხუცესის სამოხელეო ტიტულს ატარებდა. მის დროს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებთან მომძლავრებულმა თურქებმა განაახლეს აგრესია საქართველოს მიმართ, მაგრამ ბექა I-მა დაამარცხა და განდევნა ისინი (აზატ მოსეს ლაშქრობა საქართველოში). ბექა I იყო ქართული პოლიტიკური ინტერესების ატქიური დამცველი ტრაპიზონის იმპერიაშიც. მაშინ ტრაპიზონში ერთმანეთს ებრძოდა ორი პოლიტიკური დაჯგუფება - ქართული და ბიზანტიური. გაიმარჯვა ქართულმა. ამის ერთგვარი გამოხატულება იყო კეისარ ალექსი II-ის დაქორწინება ბექას ასულზე. მისი მეორე ასული დემეტრე II თავდადებულის მეუღლე იყო. მათი ვაჟი გიორგი (შემდგომში გიორგი V ბრწყინვალე) ბექა I-ის ოჯახში აღიზარდა.
ბექა I ენერგიული მმართველი იყო, მის მიერ შედგენილი სამართლის წიგნი კი ბატონყმური წყობილების განმტკიცებას ემსახურებოდა. ცალკე  მის წიგნს ეწოდებოდა ,,ბექას განაჩენი“, რომელიც შედგენილი უნდა იყოს დაახლოებით 1295-1304 წლებში. „ბექას განაჩენი“ დამოუკიდებელი სამართლის წიგნის სახით არ შემონახულა, ის სრულებითა და უკლებლივ აღუნუსხავს და ახალი კანონების დართვით დაუმტკიცებია აღბუღას საკანონმდებლო კრებას. ძეგლის უძველესი ხელნაწერია 1672 წლის ნუსხა, სადაც კანონთა თავდაპირველი ტექსტი საგრძნობლად დაზიანებულია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ჩვენთვის ისაა, რომ სამართლის წიგნში კანონმდებლის სახით საქართველოს მეფე არც კი იხსენიება.
*      აღბუღა I ჯაყელი
რაც შეეხება აღბუღა ჯაყელს, ის სამცხის ათაბაგი და ამირსპასალარი იყო 1386-1451 წლებში. სჯულმდებელ ათაბაგს მონღოლური სახელი აღბუღა კი ერქვა, მაგრამ შორს იდგა ულუსთა მორჩილებისაგან. აღარ ჰქონდა მანდატურთუხუცესის საპატიო სახელიც, მაგრამ იყო ამირსპასალარი ანუ მხედართმთავარი, რომელსაც ევალებოდა ,,საქმენი სალაშქრონი“. ამასთან, თავის მამა-პაპათა კვალზე, სამცხის განკერძოების შენარჩუნებას ცდილობდა. იგი ამაყად აცხადებს: მე პატრონმან ათაბაგ-ამირსპასალარმან აღბუღა მოვიდე სრულსა სამცხის საქმე და სამართალი გავაჩინეო. როგორც ვხედავთ, უზენაესი საკანონმდებლო ხელისუფლება ათაბაგის ხელშია. თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით ,,სამართლის წიგნი მან დაუტევა მესხთა ბრძანებითა მეფისათა“. ამგვარ ცნობას სხვა არცერთი წყარო არ შეიცავს, მაგრამ სრულიად აშკარაა ,,მისი თავდადრეკა დიდისა წარჩინებულისა მეფისა გიორგის მიმართ“.
დადგენილია, რომ აღბუღამ ,,სამართალი“ XIV ს-ის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ 1381-1386 წლებში   შეადგინა, რომელშიც პირველ წიგნად შეიტანა პაპის - ბექა მანდატურთუხუცესის მიერ შედგენილი სამართალი.
*      „წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე“
ივ. ჯავახიშვილის აზრით, ამ საკანონმდებლო ძეგლის მოქმედების ასპარეზის საზღვრები, კრების მონაწილეთა შემადგენლობის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს. ეს ასპარეზი კი იმდროინდელი საქართველოს თითქმის ერთ მესამედს შეადგენდა. თუ ამასთან მესხეთის ცხოვრების და განვითარების მაღალ კულტურულ დონესა და პოლიტიკურ დიდ ღირებულებასაც გავითვალისწინებთ, მაშინ ბექა-აღბუღას სამართლის წიგნის დიდი მნიშვნელობა ეჭვქვეშ აღარ დადგება. ივ. ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ „იმ დროს მესხეთსა და საქართველოს დანარჩენ ცენტრალურ ადგილებს შორის, კულტურულისა და სოციალური მდგომარეობის მხრივ, რაიმე თვალსაჩინო განსხვავება არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ ამ ძეგლის ანალიზით მოპოვებული სურათი ნაწილობრივ შეიძლება დანარჩენი საქართველოსთვისაც დამახასიათებლად მივიჩნიოთ.
ათაბაგის სახელო პირველად თამარ მეფის დროს დაწესდა, როდესაც მესხეთში გამგებლად დაინიშნა  ივანე მხარგრძელი, (1184-1214) ხოლო მეფე გიორგი V-მ 1334 წელს ათაბაგობა ყვარყვარე ჯაყელს უბოძა, შემდგომში 1463 წელს გიორგი VIII დროს, ყვარყვარე II-მ სამცხე-საათაბაგო დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად გამოაცხადა. ამით, ფაქტობრივად, შეიქმნა ,,სახელმწიფო სახელმწიფოში“, დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკით, დამოუკიდებელი ,,საურავებით“, საგადასახადო და საბაჟო  სისტემით. ყველაფერი ეს ჯაჭვური რეაქციით გაგრძელდა ქვეყნის დანარჩენ მხარეებშიც და ერთიანი ცენტრალიზებული მართვა-გამგეობა სეპარატისტული მმართველობით შეიცვალა. ქვეყნის დაშლის ამ პროცესს ხელს უწყობდნენ გარეშე იმპერიული ძალები, მაშინდელ პირობებში - თურქეთი და რუსეთი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამცხის გამგებლობა იურიდიული თვალსაზრისით ბექა-აღბუღას სამართლის მიხედვით ხდებოდა. წიგნის ტექსტის შესწავლის საქმეს ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს ისეთმა მეცნიერებმა, როგორებიც იყვნენ: ვ. ბატონიშვილი, ნ. ურბნელი, ნ. ხიზანიშვილი, ს. კაკაბაძე, ივ. ჯავახიშვილი, ი. დოლიძე და სხვები. ამ ძეგლის მიმართ დაინტერესება გამოიჩინა ცნობილმა რუსმა მკვლევარმა და იურისტმა მაქსიმ კოვალევსკიმ.
ბექა I ჯაყელის სამართლის წიგნის წინასიტყვაობა დაკარგულია, რის გამოც ამ ძეგლის შედგენის გარემოება და მოქმედების არეალი გაურკვეველია.
რაც შეეხება აღბუღა I ჯაყელს, მას თავისი სამართლის წიგნი საკანონმდებლო კრებაზე შეუდგენია. „ათაბაგ ამირსპასალარ აღბუღას ამ კრებაზე მოუწვევია მაწყუერელი, თავისი ბიძა-ძე შეშია და მისი ძმა, საფარის მოძღვარი პაფნოტე, ხუთისავე თემისა სამცხისა“, ტაოელთა, კლარჯთა, შავშთა და უეჭველია ჯავახთა და მესხთა, ეპიზკოპოზნი, მეუდაბნოენი, უეჭველია წარჩინებულნიც და უფროსი მოხელენიც. საკანონმდებლო კრება „ჭოლ(ევ)თას“ შეყრილა და ქვეყნის იმდროინდელი მდგომარეობის შესახებ მსჯელობის შემდეგ მას საჭიროდ უცვნია ბექას კანონისათვის დაემატებინა ახლადგაჩენილ თუ გახშირებულ დანაშაულებათა დასასჯელად განკუთვნილი მუხლები. ამდენად, ბექას 65 მუხლისაგან შემდგარ კანონებს კიდევ 32 მუხლი დაერთო. ბექა-აღბუღას სამართლის წიგნს თავიდან ,,აღბუღას სამართლად“ მიიჩნევდნენ. ამის შესახებ ნ. ურბნელი წერდა: სამცხე-საათაბაგოს რჯული, რომელიც ცნობილია „აღბუღას სამართლად“, მარტო აღბუღას არ ეკუთვნის და შეცდომით უწოდებენ ასეთ სახელს. სამართალსაც ეტყობა, რომ იგი სხვადასხვა დროსაა დაწერილი. ბექას შვილიშვილს საჭიროდ უცვნია პაპის განაჩენი უცვლელად დაეტოვებინა და რადგან მის დროს ავკაცობა და ბოროტმოქმედება გამრავლებულა, აღბუღამ თავისი შედგენილი სამართლის წიგნიც დაურთო პაპის განაჩენს“. ბექა-აღბუღას კანონების მიხედვით სამცხის საზოგადოება ორ ძირითად მოპირისპირე ბანაკად, კლასად არის გაყოფილი: ერთს ეკუთვნიან ფეოდალები, მეორეს - უშუალოდ მწარმოებლები.
კანონმდებლობაში საზოგადოების წევრთა უფლებრივი არათანაბრობა გამოხატულია წოდებრიობით. წოდებრივი კუთვნილება განსაზღვრავს ადამიანის უფლებათა მოცულობას. სამართალი საზოგადოების დაჯგუფებას ახდენს სასჯელის მიხედვით, რასაც დაზარალებულის საზოგადოებრივ-წოდებრივი მდგომარეობა უდევს საფუძვლად. ,,სისხლის“ ფასის მიხედვით საზოგადოებაში გამოყოფილია ოთხი ძირითადი წოდებრივი ჯგუფი: „დიდებული“ „აზნაური“ „მსახური“ და „გლეხი“. საზოგადოების წევრთა სოციალურ-პოლიტიკური უთანასწორობის გამოსახატავად ძეგლში იხმარება ასეთი ტერმინებიც: უფროსი, ქვემო, ზემო, სწორი და ა.შ. ფენა. სამართლის მიხედვით თუ მსახური აზნაური იყო და თანამდებოდა ჰქონდა, მისი სისხლი 12 000 თეთრი ღირდა, თუ აზნაურს თანამდებობა არ ჰქონდა - 6 000, ჩვეულებრივი მსახურის სისხლი 1 000, გლეხის კი 400 თეთრი ღირდა. საპატიო აზნაურის სისხლი, რომელსაც ჰქონდა დიდი მამული, სასახლე, ციხე და მონასტერი, 20 000 თეთრად იყო შეფასებული. საპატიო ვაჭრის - 12 000, უბრალო ვაჭრის - 6 000, დიდებულის სისხლი კი - 40 000 თეთრად ფასობდა.
სამართლის წიგნის მიხედვით, მებატონეს გაქცეული გლეხის უკან დაბრუნების უფლება ჰქონდა, თუ მას 30 წლის მანძილზე ეძებდა. ამავე დროს, თუ გაქცეული ყმა დაბრუნდებოდა ძველ მებატონესთან, ახალ ბატონს მისი დაკავების უფლება არ ჰქონდა. ამ პერიოდში მკვეთრად შემცირდა გლეხების რაოდენობა და გლეხების მსგავსად კატასტროფულად შემცირდა აზნაურთა ფენა. ამიტომ, ბუნებრივია, სამართალი ამის აღკვეთას ცდილობდა. ბექა-აღბუღას სამართალი იცავდა ფეოდალთა საკუთრებას მიწაზე, ამით იგი უზრუნველყოფდა ფეოდალთა პოლიტიკურ ბატონობას.
ისტორიულმა ძნელბედობამ ყველაზე მეტად ყმაგლეხობა დააზარალა. მას თავს დაატყდა ექსპლოატაციის გაძლიერება, შიმშილი, რიცხობრივი შემცირება, მისი უფლებრივი მდგომარეობა. ბექა-აღბუღას სამართალი ცდილობდა აღედგინა და განემტკიცებინა დარღვეული ბატონყმური რიგი - ბატონსა და გლეხს შორის დამოკიდებულების ნორმები, როგორც აუცილებელი პირობა, რათა გლეხს შეძლებოდა დაკისრებული სოციალური ფუნქციის შესრულება.
ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი გვაწვდის შესანიშნავ ცნობებს იმდროინდელი სამხრეთ საქართველოს (რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს თურქეთის ტერიტორიაზეა) პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წყობილებაზე, მხარის სამართლებრივ მდგომარეობაზე, ცალკეულ დანაშაულთა სახეებზე, ვალდებულებით სამართლის ინსტიტუტებზე, საოჯახო სამართალზე და ა.შ. სისხლის სამართლის დანაშაულიდან განხილულია მკვლელობა, სხეულის დაზიანება, სქესობრივი დანაშაული, ძარცვა, ქურდობა, ღალატი, მექრთამეობა, ცეცხლის წაკიდება, ვენახის და ხეხილის აჭრა, შეურაცხყოფა, ცილისწამება, ქალის მოტაცება და სხვა. ცალკეული მუხლები ეძღვნება სასამართლო წყობილებას, სასამართლო პროცესს, პროცესშსი მონაწილე მხარეებს და მტკიცებათა სახეებს.
ბექა-აღბუღას სამართლის წიგნში იხმარება ტერმინები: პარვა, მპარავი, მპარავობა და მეკობრე. ქურდს კანონი ავალებდა ნაპარავის ორმაგი რაოდენობის გადახდას ჯარიმის სახით.
სამოქალაქო სამართლიდან აღსანიშნავია საკუთრების უფლება, ნასყიდობა, გირავნობა, ჩუქება და საოჯახო და საქორწინო სამართლის ცალკეული შემთხვევები.
ქალის დაქვრივების შემთხვევაში, მზითვი ქალს ან მის მშობელს ეკუთვნოდა. რაც შეეხება გლეხის ქალის მზითვს, ბექა-აღბუღას სამართალი აწესებდა ასეთ კანონს: ,,გლეხთა ესე ქნან: ყოველა-ცა რომე თუ დიაცი უშვილო მოკვდეს მზითვს ნახევარი სულისა საურავად გაუშუან და ნახევარი ღა სამშობლოს მართებს და თუ ქალი დარცეს - მას მართებს აქუნდება: ვინცა გაზარდოს და გაათხოვოს - მას მართებს და აქუნდეს და მან გაატანოს და თუ ვაჟიცა დარჩეს, აბჯარი - ვაჟსა და საქონელი ქალსავე“.
ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი იცნობს: სისხლის ფასის გადახდას, სიკვდილით დასჯას, გაძევებას, შეჩვენება-შერისხვას, დამნაშავის დაზარალებულზე გადაცემას, ნაპარავის ორკეც ანაზღაურებას, გამაწბილებელ (ანუ დამამცირებელ) სასჯელებს და ა.შ. ორმაგის გადახდევინების სასჯელის სახე ქართული სამართლისთვის გამონაკლისს წარმოადგენს.
ბექასა და აღბუღას სამართალი ძველი ადათების კრებულია და იგი მჭიდროდ უკავშრდება ჩვენი წინაპრების ჩვეულებითი სამართლის ნორმებს.
ბექას სამართლით, შვილს ნება ჰქონდა გაყროდა მამას, მაგრამ მამულის გაყოფა აკრძალული იყო. „სხვათა შორის - წერს ნ. ხიზანიშვილი, - გაყრაც გვიჩვენებს, თუ როგორ იყო მოწყობილი საათაბაგოს ოჯახი...საზოგადოდ აღიარებულია, რომ საგვარეულო ცხოვრება ხელს არ უწყობს გაყრას. ასე იყო ძველად ყველგან, ასეა ახლაც ჩვენს მთაში, ფეოდალობის დროს ევროპაში ხალხს უშლიდნენ გაყრას, ჩვენი სჯულმდებელი ვახტანგიც გაყრის წინააღმდეგი იყო და ამ აზრით დააწესა ბატონის სასარგებლოდ „გასამყრელო“. რას ამბობს აღბუღა?  - თუმცა ათაბაგი გაყრას არავის უკრძალავდა, მაგრამ ოჯახის განცალკევებაც არ მოსწონდა. შვილს ნება ჰქონდა გაყროდა მამას, მაგრამ მამულის გაყოფის უფლება არ ჰქონდა. რატომ არ შეიძლებოდა მამულის გაყოფა? მიზეზი აქ ისაა, რომ საათაბაგოს ოჯახი დიდი და მრავალწევრიანი ოჯახი იყო, რომელსაც საერთო და განუყოფელი მამული უნდა ჰქონოდა. განუყოფელი მამული საგვარეულო წყობილებისა და დიდი ოჯახის ხვედრია, პატარა ოჯახს, სახლს იგი არ მოეპოვება, აღბუღას დროს ოჯახი რომ არ დაპატარავებულიყო, მამულის გაყოფა ამიტომ არ შეიძლებოდა. სხვა გზით ვერ აიხსნება, თუ რატომ „შვილი მამულის გაყოფას არ ემართლების“. თითქოს თვითონ აღბუღაც ამტკიცებს ჩვენს აზრს. მამულის გაყოფა ათაბაგს კერძო ჩვეულებად მიაჩნდა - „იქნების ალაგისა და გვარის წესი, რომ უმცროსს მამულოვნებით გაიყვანენ, თუ ცოლსა შეირთავსო“. მაშასადამე, მამულით „გაყვანას“ საზოგადო წესი უკრძალავდა და ამას იმიტომ, რომ დიდი ოჯახი შეადგენდა საზოგადო შინაურ წყობილებას, ამიტომ მამულის გაყოფაც და გაყრაც ამ მიზეზით ძნელდებოდა. მის დროს კი დიდი ოჯახის საზოგადო წესი არ ყოფილა და მხოლოდ სანატრელ წესად ქცეულა. საათაბაგოს სამართალი ცხადად ამტკიცებს, რომ რაც შემდგომში სანატრელი შეიქმნა, ის წინათ ცხოველ ჩვეულებას შეადგენდა“.
საქართველოს სამართლის ისტორიაში ყოველთვის გაერთიანებულია სისხლისა და სამოქალაქო სამართალი. ბექასა და აღბუღას სამართლის წიგნის მუხლების უმეტესობა სისხლის სამართლის დარგს ეკუთვნის. მასში შეტანილია მკვლელობის, სხეულის დაზიანების, შეურაცხყოფის, ცილისწამების, სქესობრივი დანაშაულის, ქალის მოტაცების, გაძარცვის, ქურდობის, მექრთამეობისა და ღალატის მომწესრიგებელი ნორმები. მასში ვხვდებით ასევე სამოქალაქო, საოჯახო-სამემკვიდრეო და პროცესუალური სამართლის ნორმებსაც.
@ პარალელები სამართლის სხვა ძეგლებთან
პირველი სამართალი, რომელიც ისტორიაში ჩანს ბაგრატ კურაპალატს ეკუთვნის. ისიც შესულია ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა ნუსხაში.
ძეგლი უმთავრესად სისხლის სამართლებრივ ნორმებს შეიცავს. დანაშაულთა სახეებიდან აქაც აღსანიშნავია მკვლელობა, სხეულის დაზიანება, შეურაცხყოფა, ცილისწამება, გაძარცვა, ქურდობა. სასჯელთა სახეებიდან - სიკვდილით დასჯა, დასახიჩრება, დატუსაღება, დამნაშავის გადაცემა დაზარალებულისთვის, აგრეთვე მოქმედებდა ქონებრივი სასჯელი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ადვილია დავინახოთ, თუ რა გავლენა მოახდინა ბაგრატის სამართალმა ბექა-აღბუღას სამართლის წიგნზე.
ასევე, პარალელის გავლება შეიძლება გიორგი V ბრწყინვალეს ,,ძეგლის დადებასთან“, რომელიც საქართველოსთვის მთისთვის შეიქნა. ის ასევე შეტანილია VI-ის სამართლის წიგნთა ნუსხაში.
ძეგლის დადების შექმნის მიზეზი მთიულეთში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების წინააღმდეგ მოწყობილი გამოსვლები გამხდარა. ამიტომ, გიორგი V-ეს პირადად შემოუვლია მთიულეთი, თბილისში ჩამოუყვანია წარმომადგენლები და მათთან ერთად შეუდგენია სამართლის წიგნი - „ძეგლის დადება“.
როგორც ვხედავთ, დაახლოებით ერთ პერიოდში შექმნილი სამართლის ძეგლები ერთმანეთს ჰგავს. მსგავსია როგორც დანაშაულებები, ასევე დასჯის სახეები.
დღევანდელი სამართლისგან განსხვავებით, შუა საუკუნეებში შექმნილი სამართლის ძეგლები მთლიანად იყო მორგებული ფეოდალურ წყობილებას. დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიცვალა. მაგალითისთვის, დღეს, აღარ ვხვდებით მოსახლეობის დაყოფას ,,სისხლის ფასის“ მიხედვით.
ისტორიისგან განსხვავებით, საქართველოს დღეს სისხლის სამართლის და სამოქალაქო კოდექსები ცალცალკე აქვს. სამოქალაქო სამართალი შემდეგი ნაწილებისგან შედგება: 
Ø  სახელშეკრულებო სამართალი
Ø  საკორპორაციო სამართალი
Ø  საოჯახო სამართალი
Ø  მემკვიდრეობითი სამართალი
Ø  შრომის სამართალი
Ø  სამოქალაქო პროცესი
რაც შეეხება სისხლის სამართალს, დღეს მას ჩამოყალიბებული სახე აქვს, გააჩნია მიზნები, რომელთა შესრულებისთვისაც იბრძვის.

@ დასკვნა
ქართული სამართლის ძეგლებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბექა-აღბუღას სამართალია, რადგან ის შექმნილი იყო საქართველოს იმ კუთხისთვის, რომელიც სტრატეგიულად ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის და რომელიც გამოირჩეოდა ეკონომიკური და კულტურული სიძლიერით. მიუხედავად იმისა, რომ ის ცალკე საგამგებლო ერთეული იყო, იცავდა ქართულ ინტერესესებს და როგორც ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს, მაინც განიცდიდა ქართლის მეფის გავლენას.
სამართლის წიგნის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ამით ხდება საზოგადოებრივი მოქმედებების ნორმირება, რაც მთლიანად ერის, თუ მისი ცალკეული ნაწილის განვითარებულობაზე მიუთითებს. მიუხედავად უამრავი დამპყრობელისა და ძნელბედობის ჟამისა მაშინ, როდესაც ევროპაში ,,თავისუფლების დიდი ქარტია“ მიიღეს, საქართველოშიც უნდა მომხდარიყო მსგავსი მოვლენა, უნდა შექმნილიყო და დადგენილიყო სამართლის ნორმები. ამ ნორმების სამართლიანობისა თუ სამართლებრიობის განსაზღვრა კი იმ დროინდელ საზოგადოებას უნდა მოეხდინა. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, სამართალი, ეს არის კანონის რაგნში აყვანილი მმართველი კლასის ნება. რაც შეიძლება უსამართლოდაც კი მოგვეჩვენოს, თუმცა ასე ხდებოდა მაშინ. დროთა განმავლობაში, საზოგადოების განვითარებასთან ერთად, შეიცვალა სამართლის ნორმების დადგენის წესები და ის არა მარტო მმართველ ფენას, არამედ შეძლებისდაგავარად მთლიანად საზოგადოებას მოერგო. შესაძლებელი გახდა თითოეული ფენის ინტერესების და უფლებების დაცვა.
ეს კი შეუძლებელი იქნებოდა ნებისმიერ ქვეყანას სამართლის ისტორია რომ არ ჰქონდეს. ჩვენ შემთხვევაში სამართლის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი ბექა-აღბუღას სამართლის წიგნია. ის საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა, იხვეწებოდა და ყალიბდებოდა თანამედროვე საზოგადოებისთვის მისაღებ ნორმად.
რაც შეეხება მის სამართლებრიობას, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ასე თვლიდა მაშინდელი მმართველი ფენა და დღევანდელი გადასახადიდან ის ყოველგვარ ჰუმანურობას მოკლებულია. არასწორი იქნება ჩვენი მხრიდან იმის განსჯა, რომ დასჯის სახეებში არ უნდა ყოფილიყო დასახიჩრება, დამნაშავის დაზარალებულზე გადაცემა, ან სიკვდილით დასჯა. ეს უკანასკნელი დღესაც მოქმედებს არაერთ ქვეყანაში და მათ შორის ამერიკის შეერტებული შტატების რამდენიმე შტატში. მაშინდელი საზოგადოება ასე თვლიდა საჭიროდ და როგორც ვნახეთ, დროტა განმავლობაში მას თავისთავად ჩამოსცილდა სხვადასხვა არაადამიანური კანონის სახეები.
დღეს განსხვავებული სახისაა საპროცესო გარიგება, ასევე საოჯახო სამართალი. დღეს უპრობლემოდ ხდება მამულის გაყოფაც, რადგან ეს აღარაა კანონით აკრძალული.
საბოლოო ჯამში, ბექა-აღბუღას სამართალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია საქართველოს სამართლის ისტორიისთვის. მისი მნიშვნელობა კარგად ესმოდათ ჩვენს წინაპრებს და სასურველია, რომ თანამედროვე საზოგადოებამაც იცოდეს, რა უდევს საფუძვლად დღევანდელ სისხლის თუ სამოქალაქო სამართლის ნორმებს.
  



გამოყენებული ლიტერატურა


@ ივ. ჯავახიშვილი - ქართული სამართლის ისტორია ტ. III;
@ ი. დოლიძე - ძველი ქართული სამართალი;
@ ს. კაკაბაძე - სჯულმდებელ ბექასა და აღბუღას ვინაობა;
@ გ. ლობჟანიძე - ქართული სამართალი.