Tuesday, November 26, 2013

ფილმები რეალობის სადარაჯოზე..

ფილმები უნდა აიკრძალოს, აღარ მინდა ზღაპრებში ცხოვრება. ყოველი ფილმის ნახვის შემდეგ ახალი ენთუზიაზმით და ოცნებებით ვივსები, თითქოს შესაძლებელი ხდება მართლაც სცენარივით შეთხზა ცხოვრება და ბედნიერი დასასრულით დაამთავრო, მაგრამ ფილმები მალე მთავრდება, ყველაზე მეტი ორი საათი გრძელდება ამ საოცნებო ცხოვრებაში არსებობა და ჩვენს გარშემო ისევ დამღლელი ყოველდღიურობა ისადგურებს, ისევ იწყებს ტრიალს ფიქრები უსამართლობაზე, უმუშევრობაზე, უხარისხო განათლებაზე და მომავალი ისევ დაღვრემილი შემოგვცქერის.
რეალურ ცხოვრებაში ოცნებები ნაკლებად ხდება. აქ შეუძლებელია ერთი სტატია გააგზავნო რედაქციაში და სამუშაოდ აგიყვანონ, აქ ცოტას თუ ასაქმებენ ნიჭისა და ცოდნის გამო, აქ ხარისხი ნაკლებად აინტერესებთ. 
სინამდვილე არც ისეთი კეთილია, ფილმებში რომ გვიჩვენებენ და გონებას გვირევენ, თითქოს მართლაც არსებობს რაიმე მსგავსი. აქ სამყარო არ ბრუნავს, ჩვენ გარშემო კი არა, საერთოდ არ ბრუნავს. უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ ასე წარმოვიდგინოთ და ამ ილუზიებით ვცხოვრობთ.
ბედნიერი დამთხვევების არსებობა ხომ საერთოდ დაუჯერებელია. 
ფიქრობთ, გაბრაზებული ვარ? - არა! მხოლოდ მომბეზრდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, ხვალ ისევ მოვძებნი ფილმს საინტერესო სიუჟეტითა და ბედნიერი დასასრულით. იქნებ აუცილებელიცაა მათი ყურება, სულ რომ არ გაგვიქრეს ფანტაზიები და მომუშავე მანქანებს არ დავემსგავსოთ.
ფილმის ყურებისას მეც იმ სამყაროში ვცხოვრობ, იქ შემიძლია გავაკეთო ის, რაც რეალურ ცხოვრებაში ვერცკი წარმომიდგენია. ყველა ფილმში გვიყვარს, გვძულს, პერსონაჟების ემოციებს ვიზიარებთ, წუთით ბედნიერებიც ვართ და უბედურნიც, მაგრამ ფილმი მთავრდება და ხელში აღარაფერი გვრჩება, უცებ ქრება სიუჟეტი რეალობიდან და ვხვდებით, რომ კომპიუტერის ან ტელევიზორის ეკრანებზე ვყოფილვართ მიჯაჭულნი და სინამდვილეში არც არაფერი მომხდარა. ჩვენ ისევ ის ვართ, იმავე პრობლემებით და დარდებით.
ავირიე, არადა ერთი ჩვეულებრივი ფილმი ვნახე, არაფრით განსხვავებული, მაგრამ დამთავრდა და ასეთი გრძნობა დამიტოვა, უსამართლობის განცდა, რომ ჩვენ, ეკრანებთან მსხდომ ადამიანებს არ შეგვიძლია ამაში მონაწილეობა მივიღოთ, რადგან ეს სცენარი, სამწუხაროდ, ჩვენთვის არ დაწერილა.