რაზე აღარ მინდება ხოლმე წერა, მაგრამ ეს ფილმები.. ფილმები ძალიან მცვლის, რაღაც აუხსნელს მიტოვებს, ისეთს, რეალურ ცხოვრებაში რომ ვერ გამოვხატავ, ვერავის ვუზიარებ. არადა.. იქ ყველაფერი მარტივია, გაცნობაც, დაშორებაც, ტკივილიც, სიყვარულიც, ყველაფერი განსხვავებულია. როცა პირველად ვუყურე ფილმს "როგორ დავკარგოთ ბიჭი ათ დღეში" იმდენად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რომ ექსპერიმენტის ჩატარებაც კი მომომინდა, ამაზე წერაც დავიწყე, მაგრამ ისევე მალე გაქრა ეს სურვილი, როგორც ფილმები მთავრდება ხოლმე, იმ განსხვავებით, რომ "ჰეფი ენდი" ჩემთან არ ყოფილა.
ზოგჯერ ძალიან მიჭირს ხოლმე "აქ" ცხოვრება. მთრგუნავს იმის გაფიქრება, რომ ყოველი თავისუფლად გადადგმული ნაბიჯი აქ სხვანაირად ესმით. სერიოზულად არც აღიქვამენ, ან პირიქით, ზედმეტად კრიტიკულები არიან.
ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ვიყავი ნამდვილად "მე". 2013 წლის ზაფხულში, ერთი თვით, მხოლოდ ერთი თვით ვგრძნობდი თავს ადამიანად. რატომ? ყურადღება მომაქციეს, თან არა ერთმა, ყველამ, ვინც დამინახა, დამელაპარაკა, უბრალოდ გვერდზე გამიარა. იქ მეც სხვანაირი ვიყავი, თავისუფალი. ხო, ეს ნამდვილად ამაღელვებელი იყო.
გულში, გონებაში, იმდენის თქმა მინდა ხოლმე, მაგრამ კლავიატურას ვეხები, ან კალამს ვიღებ ხელში და ჩემი ემოციები თუ გრძნობები მაშინვე პატარავდება, შემდეგ კი სულ ქრება, არადა, არც წერის შიში მაქვს და არც ოცნების მეშინია. იქნებ ვფიქრობ, რომ როცა ამას სხვა ნახავს, ჩემს ფიქრებში შემოაღწევს, რაღაც არ მოეწონება და გამაკრიტიკებს. არა, კრიტიკის არ მეშინია, ისიც ვიცი, მის გარეშე ვერ "გაიზრდები," მაგრამ, როცა სხვები შენს ცხოვრებაში იწყებენ ხელების ფათურს, სხვა გამოსავალს ვერც ხედავ. როგორც ჩანს, მე ეს გზა ავირჩიე, ყველაფრისგან და ყველასგან გარიყვის გზა.
20 წლის ვარ და ჩემი სახლიდან გასვლა, ან ცოტა დაგვიანება ისევე უკვირთ, როგორც ალბათ 12-13 წლის გოგონების მშობლებს. ვიცი, ეს ჩემი ბრალია. ასეთ ცხოვრებას საკუთარი თავიც და სხვებიც მე მივაჩვიე. თითქოს გარეთ საფრთხე მელის, თითქოს, ვინმესგან გავრბივარ, გარეთ ნახევარი საათით მეტ ხანს რომ დავრჩე, ბევრი უნდა ვიფიქრო, მიღირს თუ არა ეს. არადა ამით ხომ არაფერი შავდება. რაღაც მაბრკოლებს, მაშინებს.
რით დავიწყე და სად აღმოვჩნდი. ალბათ, ხვდები, ისევ ამ ფილმს ვუყურე, ახლაც ფილმში გამოყენებულ ერთ-ერთ სიმღერას ვუსმენ და ისე ვწერ, გაუაზრებლად, არც მინდა წავიკითხო ზევით რა დავწერე, არ მინდა საკუთარმა ფიქრებმა შემაშინოს.
საბერძნეთი ნამდვილად არ ყოფილა ჩემთვის საოცნებო ქვეყანა, მაგრამ ერთი წლის წინ, როცა იქ ფეხი დავდგი, მივხვდი, რომ არასოდეს მიცხოვრია, ისე არ მოვქცეულვარ, როგორც მინდოდა მოვქცეულიყავი. ადამიანებს უყურებ და ხვდები, რომ ბედნიერები არიან, მცირედიც დიდად ახარებთ. ქუჩაში გაღიმებულ ხალხს ხედავ და ეს შენზეც მოქმედებს. ჩვენში ყველაფერი სხვანაირადაა. თითქოს ყველა ერთმანეთზე გაბრაზებულა და საომრადაა გამზადებული. არადა სიმართლე ერთია: ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავებზე ვბრაზობთ, რადგან ვერ მოვახერხეთ ისე გვეცხოვრა, როგორც ბავშვობაში წარმოგვედგინა. ვერ შევძელით ოცნებები აგვესრულებინა და იმას ვაკეთებთ, რასაც ჩვენგან საზოგადოება ელის, რა მნიშვნელობა აქვს, მოგვწონს ეს თუ არა. რობოტებივით, ერთსა და იმავეს ვიმეორებთ, ვერც შეცდომებზე ვსწავლობთ. არადა, სხვა სამყაროც ხომ არსებობს, სადაც ადამიანებმა მცირედის გამოსწორება მაინც შეძლეს, ბედნიერების დაფასება ისწავლეს.
ისევ სხვაგან ვარ.. ხედავ? მეც ვერ გავრკვეულვარ, რა მინდა. მაგრამ ხომ ვიცი, რაც მინდა? კი, სამწუხაროდ, ვიცი. სამწუხაროდ იმიტომ, რომ სურვილი, შესაძლებლობა და რეალობა ჩემს შემთხვევაში ერთმანეთს არ ემთხვევა. ისევ გაბრაზებული ადამიანივით ვლაპარაკობ და ამაში სხვებს ვადანაშაულებ. ჩემი ბრალიცაა, ხომ? ვიცი, რომ ასეა, მაგრამ აღირებას ისევ წუწუნს და მოთქმას ვამჯობინებ. ნეტავ, როდის გავიზრდები? იქნებ გავიზარდე კიდეც და ასე დავრჩი, ვერ განვითარდი, არა, ასე არ უნდა მოხდეს. შეცდომების გამოსწორება გაზრდამდე უნდა მოვასწრო...
ფილმები უნდა აიკრძალოს, აღარ მინდა ზღაპრებში ცხოვრება. ყოველი ფილმის ნახვის შემდეგ ახალი ენთუზიაზმით და ოცნებებით ვივსები, თითქოს შესაძლებელი ხდება მართლაც სცენარივით შეთხზა ცხოვრება და ბედნიერი დასასრულით დაამთავრო, მაგრამ ფილმები მალე მთავრდება, ყველაზე მეტი ორი საათი გრძელდება ამ საოცნებო ცხოვრებაში არსებობა და ჩვენს გარშემო ისევ დამღლელი ყოველდღიურობა ისადგურებს, ისევ იწყებს ტრიალს ფიქრები უსამართლობაზე, უმუშევრობაზე, უხარისხო განათლებაზე და მომავალი ისევ დაღვრემილი შემოგვცქერის.
რეალურ ცხოვრებაში ოცნებები ნაკლებად ხდება. აქ შეუძლებელია ერთი სტატია გააგზავნო რედაქციაში და სამუშაოდ აგიყვანონ, აქ ცოტას თუ ასაქმებენ ნიჭისა და ცოდნის გამო, აქ ხარისხი ნაკლებად აინტერესებთ.
სინამდვილე არც ისეთი კეთილია, ფილმებში რომ გვიჩვენებენ და გონებას გვირევენ, თითქოს მართლაც არსებობს რაიმე მსგავსი. აქ სამყარო არ ბრუნავს, ჩვენ გარშემო კი არა, საერთოდ არ ბრუნავს. უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ ასე წარმოვიდგინოთ და ამ ილუზიებით ვცხოვრობთ.
ბედნიერი დამთხვევების არსებობა ხომ საერთოდ დაუჯერებელია.
ფიქრობთ, გაბრაზებული ვარ? - არა! მხოლოდ მომბეზრდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, ხვალ ისევ მოვძებნი ფილმს საინტერესო სიუჟეტითა და ბედნიერი დასასრულით. იქნებ აუცილებელიცაა მათი ყურება, სულ რომ არ გაგვიქრეს ფანტაზიები და მომუშავე მანქანებს არ დავემსგავსოთ.
ფილმის ყურებისას მეც იმ სამყაროში ვცხოვრობ, იქ შემიძლია გავაკეთო ის, რაც რეალურ ცხოვრებაში ვერცკი წარმომიდგენია. ყველა ფილმში გვიყვარს, გვძულს, პერსონაჟების ემოციებს ვიზიარებთ, წუთით ბედნიერებიც ვართ და უბედურნიც, მაგრამ ფილმი მთავრდება და ხელში აღარაფერი გვრჩება, უცებ ქრება სიუჟეტი რეალობიდან და ვხვდებით, რომ კომპიუტერის ან ტელევიზორის ეკრანებზე ვყოფილვართ მიჯაჭულნი და სინამდვილეში არც არაფერი მომხდარა. ჩვენ ისევ ის ვართ, იმავე პრობლემებით და დარდებით.
ავირიე, არადა ერთი ჩვეულებრივი ფილმი ვნახე, არაფრით განსხვავებული, მაგრამ დამთავრდა და ასეთი გრძნობა დამიტოვა, უსამართლობის განცდა, რომ ჩვენ, ეკრანებთან მსხდომ ადამიანებს არ შეგვიძლია ამაში მონაწილეობა მივიღოთ, რადგან ეს სცენარი, სამწუხაროდ, ჩვენთვის არ დაწერილა.
თითოეული ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს შიდა პოლიტიკური
და სამართლებრივი მდგომარეობა და სწორედ ამაზეა დამოკიდებული შემდეგ მისი წარმატება
საერთაშორისო ასპარეზზე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორიაში სამართლის არაერთი ძეგლი ჩანს, მრავლად გვხვდება
პერიოდები, როცა ქართველი ერის ყოფნა-არყოფნა არა ჩვენი, არამედ ჩვენი მტრის გადასაწყვეტი
იყო. რთულია, ისტორიაში ბედნიერი საქართველო აღმოაჩინო. არ ყოფილა დამპყრობელი, რომელსაც
ჩვენი მიწა-წყალი არ გაეთელოს..
განსაკუთრებით მძიმე პერიოდი საქართველოს XIII-XIV საუკუნეებში ჰქონდა,
რადგან ამის შემდეგ მხოლოდ გიორგი V
ბრწყინვალემ შეძლო ქვეყნის გაერთიანება და ისიც - დროებით. ერთიან, მთლიან
საქართველოს აღარ უარსებია (სანამ რუსეთის იმპერიამ სათითაო სამეფო-სამთავროები საკუთარი
გამგებლობის ქვეშ არ მოაქცია).
საქართველოს ისტორიაში სამართლის ძეგლებიდან აღსანიშნავია: ბაგრატ კურაპალატის
სამართალი, ბექა-აღბუღას სამართლად წოდებული ,,წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე“,
რომელიც ბექასა და მისი შვილიშვილის, აღბუღას მიერაა შექმნილი(შეტანილია ვახტანგ VI-ის სამართლის
წიგნთა კოდიკოში სათაურით „სამართალი აღბუღასი“ გამორკვეულია, რომ ვახტანგის კომისიის
მიერ რედაქტირებული ტექსტი საკმაოდ განსხვავდება მასში ჩართული ახსნა-განმარტებების
გამო), ასევე გიორგი V ბრწყინვალეს
,,ძეგლის დადება“ და ,,ხელმწიფის კარის გარიგება“ და უფრო მოგვიანებით ვახტანგ მეექვსის
,,სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა“. ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი პირველი იყო ბექა
აღბუღას სამართალი, რომელმაც დიდ წვლილად განსაზღვრა სამცხე-საათაბაგოს მომავალი.
სამართლის რაობა
იმისათვის, რომ უკეთესად გავიაზროთ, რა მნიშვნელობა აქვს თითოეული ქვეყნისთვის
სამართალს, აუცილებელია გავიგოთ, რა არის ზოგადად სამართალ. სანამ ეს ტერმინი გაჩნდებოდა
და საერთოდ სამართლის ნორმები ჩამოყალიბდებოდა, თითქმის მსგავს ფუნქციას ატარებდა ადათი
ანუ ჩვეულება. ადათი ეწოდება ადამიანთა ქცევის წესს, რომელიც იქმნება და მკვიდრდება
საზოგადოებაში მისი ხანგრძლივი და მრავალგზისი გამოყენების შედეგად. ადათი წარმოიშვა
პირველყოფილი თემური წყობილების დროს, ის ქცევის საერთო წესს წარმოადგენდა, მაგრამ
მას იურიდიული ძალა და მნიშვნელობა არ ჰქონდა. ადათი იურიდიულ ჩვეულებად მხოლოდ კლასობრივი
საზოგადოებისა და სამართლის წარმოშობის შედეგად იქცევა. იგი ღებულობს სამართლებრივი
ნორმის ძალას და ხდება ადამიანთა ქცევის სავალდებულო წესი.
სამართლის ისტორიის მთელ მანძილზე მრავალწყაროთა შორის გამოიყოფა ორი ძირითადი:
ჩვეულებითი სამართალი და კანონი. ძველი აღმოსავლეთის, საბერძნეთისა და რომის მონათმფლობელურ
სახელმწიფოებში, მათი განვითარების ადრეულ სტადიაზე, სამართლის მთავარ წყაროს ჩვეულებითი
სამართალი წარმოადგენდა.
უფრო მოგვიანებით, ანუ სახელმწიფოებრივი წყობილების ჩამოყალიბების შემდეგ,
სამართალი არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ან სანქციონირებული ქცევის საყოველთაო ნორმების
ერთობლიობა. სამართალი ყოველთვის ატარებს კლასიკურ ხასიათს: სამართლის საშუალებით მმართველი
კლასი ამკვიდრებს მისი ინტერესების შესაბამისი ურთიერთობების წესებს. ამ თვალსაზრისით,
სამართალი არის კანონის დარგში აყვანილი მმართველი კლასის ნება. არსებობს სამართლის
მრავალი დარგი, მაგალითად: ეროვნული და საერთაშორისო, ადმინისტრაციული, საჯარო, სამოქალაქო,
სისხლის და ა.შ. მაგრამ სამართალი არის არა მხოლოდ კანონები და კოდექსები, არამედ იურისპრუდენცია,
ტრადიციები, დოქტრინები და სხვ.
ძველი ქართული სამართალი ძირითადად ჩვეულებით სამართალს ეფუძვნება, მისი
ნორმები უხვად არის მოცემული, როგორც ბაგრატ კურაპალატის, ისე ბექასა და აღბუღას სამართლის
წიგნებში. ისინი ძირითადად ძველი ქართული ზნე-ჩვეულებების კრებულებია. ადათობრივი სამართლის
ნორმები კანონმდებლობის მიერ გამოყენებულია, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და საპროცესო
სამართლის დარგში.
სამართლის
ჩამოყალიბების წინაპირობა
სამართლის ნორმების ჩამოყალიბებას, როგორც წესი, სახელმწიფოში, ან მის ცალკეულ მხარეში შექმნილი მდგომარეობა იწვევს. საქართველოს
შემთხვევაში, ხანგრძლივმა ძნელბედობამ (მონღოლთა თითქმის ასწლოვანი ბატონობა და შემდეგ
სხვადასხვა დამპყრობელთა განუწყვეტელი შემოსევები) შეცვალა ცხოვრების ვითარება, საჭირო
გახდა შექმნილი ახალი მდგომარეობის ნორმირება. ამიტომაც, ბუნებრივია, ყურადღება მიაქციეს
დარღვეული ძველი წესების აღდგენა-განმტკიცებას.
სამართლის ნორმების თავისებურებებს განაპირობებს ის, თუ რომელი სახელმწიფოს
ან საგამგებლო ერთეულისთვისაა შექმნილი.
ბექა-აღბუღას სამართალი სამცხე-საათაბაგოსთვის შეიქმნა. ისტორიულად ზემო
ქართლი, ანუ მესხეთი აერთიანებდა მდ. მტკვრის აუზის ზემო წელს სათავიდან ბორჯომის ხეობამდე,
აგრეთვე ჭოროხის აუზს - სათავიდან აჭარისწყლის
ხეობის ჩათვლით. მტკვრის ზემო წელზე მდებარეობდა სამცხე, ჯავახეთი, არტაანი, ერუშეთი,
კოლა; ხოლო ჭოროხის აუზში - კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, ოლთისი, აჭარა და სპერი.
ბექა-აღბუღას
სამართლის მოქმედების არეალი, სამცხის ისტორია
ცნობილი ბერძენი ისტორიკოსი
პროკოპი კესარიელი წერს: ,,მესხები ძველთაგანვე იბერთა ქვეშევრდომნი არიან და მათ მთებში
აქვთ საბინადრო ადგილები“, ე.ი. მესხები პოლიტიკურად
და ადმინისტრაციულ -ტერიტორიულად ქართლში შედიოდნენ.
სახელწოდება სამცხე წარმოდგება მესხთა ტომის სახელისგან (სა-მესხთა; სა-მეცხე-სამცხე).
მესხეთი დაწინაურებული ეთნოგრაფიული რეგიონი იყო, როგორც ეკონომიკური ისე კულტურული
თვალსაზრისით. აქ არის აგებული ქართული არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლები (საფარა,
ზარზმა, ჭულე, თმოგვი, ხერთვისი, კუმურდო), ასევე ვხვდებით კლდეში ნაკვეთ ნაგებობებს.
სამცხე მთლიანად გააპარტახეს არაბმა დამპყრობლებმა (VII-VIII)ისე, რომ
,,აღარა იპოვებოდა ნაშენები, არცა საჭამანდი და პირუტყვი ყოვლადვე...“ IX ს-ის დამდეგს
აქ ჩამოყალიბდა ტაო-კლარჯეთის სამთავრო, რომელსაც ქართლის უკანასკნელმა ერისთავმა აშოტ
ბაგრატიონმა ჩაუყარა საფუძველი. აშოტის შთამომავალმა (შვილთაშვილმა) ადარნასე ბაგრატიონმა
,,ქართველთა მეფის“ ტიტული მიიღო, ამიერიდან ამ სახელმწიფოს ,,ქართველთა სამეფო“ ეწოდა.
გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის დროს (978-1014) მესხეთი საქართველოს განუყოფელი
ნაწილია. იმ პერიოდში, როდესაც იბერიას რთული პერიოდი დაუდგა, კერძოდ მონღოლების შემოსევის
ჟამს, 1266 წელს სამცხე ცალკე ერთეულად ,,ხას-ინჯუდ“ გამოცხადდა.
1590 წელს ირან ოსმალეთის ზავით მთელი სამცხე-საათაბაგო ოსმალეთს ერგო.
სამხრეთ საქართველო დიდი ხნით მოექცა ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში. 1595 წელს შეიქმნა
,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“, რის მიხედვითაც მთელი სამცხე იყოფოდა 8 სანჯაყოდ,
რომლებშიც 1160 სოფელი შედიოდა. 1625 წელს სამცხე-საათაბაგომ, როგორც პოლიტიკურმა ერთეულმა,
არსებობა შეწყვიტა.
1829წელს გაფორმებული ანდრიაპოლის ზავით რუსეთმა თურქეთს ჩამოართვა ახალციხე,
ახალქალაქი, ასპინძა, აწყური, ხერთვისი, ქვაბლიანი, აბასთუმანი და ჭაჭარაქი და დანარჩენ
საქართველოსთან ერთად თავის მფლობელობაში შეიყვანა.
1829-31 წლებში, რუსეთმა, პასკევიჩის ინიციატივით, აყარა ადგილობრივი მოსახლეობა
(მიზეზი-მაჰმადიანობა) და თურქეთში გადაასახლა. მათ ნაცვლად კი ანატოლიელი სომხები
ჩამოასახლეს (130 000 ოჯახი), რითაც დასაყრდენი შეიქმნეს სომხეთში და შექმნეს ეთნოკონფლიქტური
კერა. ამ ფაქტის შემდეგ მესხეთში მოსახლეობის 90%-ზე მეტი არაქართველი იყო, ამ ფაქტმა
კი კუთხეში სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია.
ბექა
I ჯაყელი
ახლა, რაც შეეხება,
კერძოდ სამართლის წიგნს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის ბექასა და მისი შვილიშვილის, აღბუღას
სამართლის გაერთიანებაა.
იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა მოცემულ
სამართლის წიგნს, მის შემქმნელებზეც უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა.
ბექა I ჯაყელი
სარგის I-ის
შვილი იყო. მამისგან მას ხასინჯუდ ჩამოყალიბებული საგამგებლო ერთეული ერგო. სარგის
I დავით ულუსადმი
დიდი თავდადებით გამოირჩეოდა, ჰულაგუ-ყაენის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყება 1262 წელს
თავად დაიბრალა და ამით, ფაქტიურად გადაარჩინა
დავით VII, გამოძიება ჯერ კიდევ
არ იყო დამთავრებული,
როცა ჰულაგუს წინააღმდეგ ბერქა ყაენმა გამოილაშქრა, ბრძოლაში კი თავი გამოიჩინა სარგისმა
და სიკვდილისგანაც იხსნა ჰულაგუ, რითაც მისი კეთილგანწყობა დაიმსახურა. სამაგიეროდ,
მისი წარმატებების მოშურნე დიდებულებმა, მასსა და დავითს შორის ურთიერთობის გაფუჭება
სცადეს და საბოლოოდ მოახერხეს კიდეც. დავუთ VII-მ
სარგისი დააპატიმრა. პატიმრობიდან კი ჰულაგუმ გაათავისუფლა. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა 1266 წელს სამცხის ხასინჯუდ
(უშუალოდ ყაენისათვის დაქვემდებარებული ტერიტორია) ჩამოყალიბება. ბექა I-ის მოღვაწეობა
1285 წელს დაიწყო და 1306 წელს დასრულდა. ამ დროს სამცხის მთავარი ილხანთა საყაენოს
ვასალი იყო. ყაენებს ხარკს უხდიდა და თავისი ჯარით მათ ლაშქრობებში მონაწილეობდა. მიუხედავად
ამისა, სამხრეთ საქართველოს პოლიტიკური კავშირი დანარჩენ საქართველოსთან მაინც არსებობდა.
ბექა Iსაქართველოს მეფეთა მანდატურთუხუცესის
სამოხელეო ტიტულს ატარებდა. მის დროს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებთან მომძლავრებულმა
თურქებმა განაახლეს აგრესია საქართველოს მიმართ, მაგრამ ბექა I-მა დაამარცხა
და განდევნა ისინი (აზატ მოსეს ლაშქრობა საქართველოში). ბექა Iიყო ქართული პოლიტიკური ინტერესების
ატქიური დამცველი ტრაპიზონის იმპერიაშიც. მაშინ ტრაპიზონში ერთმანეთს ებრძოდა ორი პოლიტიკური
დაჯგუფება - ქართული და ბიზანტიური. გაიმარჯვა ქართულმა. ამის ერთგვარი გამოხატულება
იყო კეისარ ალექსი II-ის
დაქორწინება ბექას ასულზე. მისი მეორე ასული დემეტრე II თავდადებულის
მეუღლე იყო. მათი ვაჟი გიორგი (შემდგომში გიორგი V ბრწყინვალე) ბექა I-ის ოჯახში აღიზარდა.
ბექა Iენერგიული მმართველი იყო, მის მიერ შედგენილი სამართლის წიგნი კი ბატონყმური
წყობილების განმტკიცებას ემსახურებოდა. ცალკე მის წიგნს ეწოდებოდა ,,ბექას განაჩენი“, რომელიც
შედგენილი უნდა იყოს დაახლოებით 1295-1304 წლებში. „ბექას განაჩენი“ დამოუკიდებელი
სამართლის წიგნის სახით არ შემონახულა, ის სრულებითა და უკლებლივ აღუნუსხავს და ახალი
კანონების დართვით დაუმტკიცებია აღბუღას საკანონმდებლო კრებას. ძეგლის უძველესი ხელნაწერია
1672 წლის ნუსხა, სადაც კანონთა თავდაპირველი ტექსტი საგრძნობლად დაზიანებულია. ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ფაქტი ჩვენთვის ისაა, რომ სამართლის წიგნში კანონმდებლის სახით საქართველოს
მეფე არც კი იხსენიება.
აღბუღა
I ჯაყელი
რაც შეეხება აღბუღა ჯაყელს, ის სამცხის ათაბაგი და ამირსპასალარი იყო
1386-1451 წლებში. სჯულმდებელ ათაბაგს მონღოლური სახელი აღბუღა კი ერქვა, მაგრამ შორს
იდგა ულუსთა მორჩილებისაგან. აღარ ჰქონდა მანდატურთუხუცესის საპატიო სახელიც, მაგრამ
იყო ამირსპასალარი ანუ მხედართმთავარი, რომელსაც ევალებოდა ,,საქმენი სალაშქრონი“.
ამასთან, თავის მამა-პაპათა კვალზე, სამცხის განკერძოების შენარჩუნებას ცდილობდა. იგი
ამაყად აცხადებს: მე პატრონმან ათაბაგ-ამირსპასალარმან აღბუღა მოვიდე სრულსა სამცხის
საქმე და სამართალი გავაჩინეო. როგორც ვხედავთ, უზენაესი საკანონმდებლო ხელისუფლება
ათაბაგის ხელშია. თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით ,,სამართლის წიგნი მან დაუტევა
მესხთა ბრძანებითა მეფისათა“. ამგვარ ცნობას სხვა არცერთი წყარო არ შეიცავს, მაგრამ
სრულიად აშკარაა ,,მისი თავდადრეკა დიდისა წარჩინებულისა მეფისა გიორგის მიმართ“.
დადგენილია, რომ აღბუღამ ,,სამართალი“ XIV ს-ის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ 1381-1386 წლებში შეადგინა,
რომელშიც პირველ წიგნად შეიტანა პაპის - ბექა მანდატურთუხუცესის მიერ შედგენილი სამართალი.
„წიგნი
სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე“
ივ. ჯავახიშვილის აზრით, ამ საკანონმდებლო
ძეგლის მოქმედების ასპარეზის საზღვრები, კრების მონაწილეთა შემადგენლობის მიხედვით
შეიძლება განისაზღვროს. ეს ასპარეზი კი იმდროინდელი საქართველოს თითქმის ერთ მესამედს
შეადგენდა. თუ ამასთან მესხეთის ცხოვრების და განვითარების მაღალ კულტურულ დონესა და
პოლიტიკურ დიდ ღირებულებასაც გავითვალისწინებთ, მაშინ ბექა-აღბუღას სამართლის წიგნის
დიდი მნიშვნელობა ეჭვქვეშ აღარ დადგება. ივ. ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ „იმ დროს მესხეთსა
და საქართველოს დანარჩენ ცენტრალურ ადგილებს შორის, კულტურულისა და სოციალური მდგომარეობის
მხრივ, რაიმე თვალსაჩინო განსხვავება არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ ამ ძეგლის ანალიზით
მოპოვებული სურათი ნაწილობრივ შეიძლება დანარჩენი საქართველოსთვისაც დამახასიათებლად
მივიჩნიოთ.
ათაბაგის სახელო პირველად თამარ მეფის დროს დაწესდა, როდესაც მესხეთში
გამგებლად დაინიშნა ივანე მხარგრძელი,
(1184-1214) ხოლო მეფე გიორგი V-მ
1334 წელს ათაბაგობა ყვარყვარე ჯაყელს უბოძა, შემდგომში 1463 წელს გიორგი VIII დროს, ყვარყვარე
II-მ სამცხე-საათაბაგო
დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად გამოაცხადა. ამით, ფაქტობრივად, შეიქმნა
,,სახელმწიფო სახელმწიფოში“, დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკით, დამოუკიდებელი
,,საურავებით“, საგადასახადო და საბაჟო სისტემით.
ყველაფერი ეს ჯაჭვური რეაქციით გაგრძელდა ქვეყნის დანარჩენ მხარეებშიც და ერთიანი ცენტრალიზებული
მართვა-გამგეობა სეპარატისტული მმართველობით შეიცვალა. ქვეყნის დაშლის ამ პროცესს ხელს
უწყობდნენ გარეშე იმპერიული ძალები, მაშინდელ პირობებში - თურქეთი და რუსეთი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამცხის გამგებლობა იურიდიული თვალსაზრისით ბექა-აღბუღას
სამართლის მიხედვით ხდებოდა. წიგნის ტექსტის შესწავლის საქმეს ფასდაუდებელი სამსახური
გაუწიეს ისეთმა მეცნიერებმა, როგორებიც იყვნენ: ვ. ბატონიშვილი, ნ. ურბნელი, ნ. ხიზანიშვილი,
ს. კაკაბაძე, ივ. ჯავახიშვილი, ი. დოლიძე და სხვები. ამ ძეგლის მიმართ დაინტერესება
გამოიჩინა ცნობილმა რუსმა მკვლევარმა და იურისტმა მაქსიმ კოვალევსკიმ.
ბექა I ჯაყელის
სამართლის წიგნის წინასიტყვაობა დაკარგულია, რის გამოც ამ ძეგლის შედგენის გარემოება
და მოქმედების არეალი გაურკვეველია.
რაც შეეხება აღბუღა I
ჯაყელს, მას თავისი სამართლის წიგნი საკანონმდებლო კრებაზე შეუდგენია.
„ათაბაგ ამირსპასალარ აღბუღას ამ კრებაზე მოუწვევია მაწყუერელი, თავისი ბიძა-ძე შეშია
და მისი ძმა, საფარის მოძღვარი პაფნოტე, ხუთისავე თემისა სამცხისა“, ტაოელთა, კლარჯთა,
შავშთა და უეჭველია ჯავახთა და მესხთა, ეპიზკოპოზნი, მეუდაბნოენი, უეჭველია წარჩინებულნიც
და უფროსი მოხელენიც. საკანონმდებლო კრება „ჭოლ(ევ)თას“ შეყრილა და ქვეყნის იმდროინდელი
მდგომარეობის შესახებ მსჯელობის შემდეგ მას საჭიროდ უცვნია ბექას კანონისათვის დაემატებინა
ახლადგაჩენილ თუ გახშირებულ დანაშაულებათა დასასჯელად განკუთვნილი მუხლები. ამდენად,
ბექას 65 მუხლისაგან შემდგარ კანონებს კიდევ 32 მუხლი დაერთო. ბექა-აღბუღას სამართლის
წიგნს თავიდან ,,აღბუღას სამართლად“ მიიჩნევდნენ. ამის შესახებ ნ. ურბნელი წერდა: სამცხე-საათაბაგოს
რჯული, რომელიც ცნობილია „აღბუღას სამართლად“, მარტო აღბუღას არ ეკუთვნის და შეცდომით
უწოდებენ ასეთ სახელს. სამართალსაც ეტყობა, რომ იგი სხვადასხვა დროსაა დაწერილი. ბექას
შვილიშვილს საჭიროდ უცვნია პაპის განაჩენი უცვლელად დაეტოვებინა და რადგან მის დროს
ავკაცობა და ბოროტმოქმედება გამრავლებულა, აღბუღამ თავისი შედგენილი სამართლის წიგნიც
დაურთო პაპის განაჩენს“. ბექა-აღბუღას კანონების მიხედვით სამცხის საზოგადოება ორ ძირითად
მოპირისპირე ბანაკად, კლასად არის გაყოფილი: ერთს ეკუთვნიან ფეოდალები, მეორეს - უშუალოდ
მწარმოებლები.
კანონმდებლობაში საზოგადოების წევრთა უფლებრივი არათანაბრობა გამოხატულია
წოდებრიობით. წოდებრივი კუთვნილება განსაზღვრავს ადამიანის უფლებათა მოცულობას. სამართალი
საზოგადოების დაჯგუფებას ახდენს სასჯელის მიხედვით, რასაც დაზარალებულის საზოგადოებრივ-წოდებრივი
მდგომარეობა უდევს საფუძვლად. ,,სისხლის“ ფასის მიხედვით საზოგადოებაში გამოყოფილია
ოთხი ძირითადი წოდებრივი ჯგუფი: „დიდებული“ „აზნაური“ „მსახური“ და „გლეხი“. საზოგადოების
წევრთა სოციალურ-პოლიტიკური უთანასწორობის გამოსახატავად ძეგლში იხმარება ასეთი ტერმინებიც:
უფროსი, ქვემო, ზემო, სწორი და ა.შ. ფენა. სამართლის მიხედვით თუ მსახური აზნაური იყო
და თანამდებოდა ჰქონდა, მისი სისხლი 12 000 თეთრი ღირდა, თუ აზნაურს თანამდებობა არ
ჰქონდა - 6 000, ჩვეულებრივი მსახურის სისხლი 1 000, გლეხის კი 400 თეთრი ღირდა. საპატიო
აზნაურის სისხლი, რომელსაც ჰქონდა დიდი მამული, სასახლე, ციხე და მონასტერი, 20
000 თეთრად იყო შეფასებული. საპატიო ვაჭრის - 12 000, უბრალო ვაჭრის - 6 000, დიდებულის
სისხლი კი - 40 000 თეთრად ფასობდა.
სამართლის წიგნის მიხედვით, მებატონეს გაქცეული გლეხის უკან დაბრუნების
უფლება ჰქონდა, თუ მას 30 წლის მანძილზე ეძებდა. ამავე დროს, თუ გაქცეული ყმა დაბრუნდებოდა
ძველ მებატონესთან, ახალ ბატონს მისი დაკავების უფლება არ ჰქონდა. ამ პერიოდში მკვეთრად
შემცირდა გლეხების რაოდენობა და გლეხების მსგავსად კატასტროფულად შემცირდა აზნაურთა
ფენა. ამიტომ, ბუნებრივია, სამართალი ამის აღკვეთას ცდილობდა. ბექა-აღბუღას სამართალი
იცავდა ფეოდალთა საკუთრებას მიწაზე, ამით იგი უზრუნველყოფდა ფეოდალთა პოლიტიკურ ბატონობას.
ისტორიულმა ძნელბედობამ ყველაზე მეტად ყმაგლეხობა დააზარალა. მას თავს
დაატყდა ექსპლოატაციის გაძლიერება, შიმშილი, რიცხობრივი შემცირება, მისი უფლებრივი
მდგომარეობა. ბექა-აღბუღას სამართალი ცდილობდა აღედგინა და განემტკიცებინა დარღვეული
ბატონყმური რიგი - ბატონსა და გლეხს შორის დამოკიდებულების ნორმები, როგორც აუცილებელი
პირობა, რათა გლეხს შეძლებოდა დაკისრებული სოციალური ფუნქციის შესრულება.
ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი გვაწვდის შესანიშნავ ცნობებს იმდროინდელი
სამხრეთ საქართველოს (რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს თურქეთის ტერიტორიაზეა) პოლიტიკურ
და საზოგადოებრივ წყობილებაზე, მხარის სამართლებრივ მდგომარეობაზე, ცალკეულ დანაშაულთა
სახეებზე, ვალდებულებით სამართლის ინსტიტუტებზე, საოჯახო სამართალზე და ა.შ. სისხლის
სამართლის დანაშაულიდან განხილულია მკვლელობა, სხეულის დაზიანება, სქესობრივი დანაშაული,
ძარცვა, ქურდობა, ღალატი, მექრთამეობა, ცეცხლის წაკიდება, ვენახის და ხეხილის აჭრა,
შეურაცხყოფა, ცილისწამება, ქალის მოტაცება და სხვა. ცალკეული მუხლები ეძღვნება სასამართლო
წყობილებას, სასამართლო პროცესს, პროცესშსი მონაწილე მხარეებს და მტკიცებათა სახეებს.
ბექა-აღბუღას სამართლის წიგნში იხმარება ტერმინები: პარვა, მპარავი, მპარავობა
და მეკობრე. ქურდს კანონი ავალებდა ნაპარავის ორმაგი რაოდენობის გადახდას ჯარიმის სახით.
სამოქალაქო სამართლიდან აღსანიშნავია საკუთრების უფლება, ნასყიდობა, გირავნობა,
ჩუქება და საოჯახო და საქორწინო სამართლის ცალკეული შემთხვევები.
ქალის დაქვრივების შემთხვევაში, მზითვი ქალს ან მის მშობელს ეკუთვნოდა.
რაც შეეხება გლეხის ქალის მზითვს, ბექა-აღბუღას სამართალი აწესებდა ასეთ კანონს:
,,გლეხთა ესე ქნან: ყოველა-ცა რომე თუ დიაცი უშვილო მოკვდეს მზითვს ნახევარი სულისა
საურავად გაუშუან და ნახევარი ღა სამშობლოს მართებს და თუ ქალი დარცეს - მას მართებს
აქუნდება: ვინცა გაზარდოს და გაათხოვოს - მას მართებს და აქუნდეს და მან გაატანოს და
თუ ვაჟიცა დარჩეს, აბჯარი - ვაჟსა და საქონელი ქალსავე“.
ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი იცნობს: სისხლის ფასის გადახდას, სიკვდილით
დასჯას, გაძევებას, შეჩვენება-შერისხვას, დამნაშავის დაზარალებულზე გადაცემას, ნაპარავის
ორკეც ანაზღაურებას, გამაწბილებელ (ანუ დამამცირებელ) სასჯელებს და ა.შ. ორმაგის გადახდევინების
სასჯელის სახე ქართული სამართლისთვის გამონაკლისს წარმოადგენს.
ბექასა და აღბუღას სამართალი ძველი ადათების კრებულია და იგი მჭიდროდ უკავშრდება
ჩვენი წინაპრების ჩვეულებითი სამართლის ნორმებს.
ბექას სამართლით, შვილს ნება ჰქონდა გაყროდა მამას, მაგრამ მამულის გაყოფა
აკრძალული იყო. „სხვათა შორის - წერს ნ. ხიზანიშვილი, - გაყრაც გვიჩვენებს, თუ როგორ
იყო მოწყობილი საათაბაგოს ოჯახი...საზოგადოდ აღიარებულია, რომ საგვარეულო ცხოვრება
ხელს არ უწყობს გაყრას. ასე იყო ძველად ყველგან, ასეა ახლაც ჩვენს მთაში, ფეოდალობის
დროს ევროპაში ხალხს უშლიდნენ გაყრას, ჩვენი სჯულმდებელი ვახტანგიც გაყრის წინააღმდეგი
იყო და ამ აზრით დააწესა ბატონის სასარგებლოდ „გასამყრელო“. რას ამბობს აღბუღა? - თუმცა ათაბაგი გაყრას არავის უკრძალავდა, მაგრამ
ოჯახის განცალკევებაც არ მოსწონდა. შვილს ნება ჰქონდა გაყროდა მამას, მაგრამ მამულის
გაყოფის უფლება არ ჰქონდა. რატომ არ შეიძლებოდა მამულის გაყოფა? მიზეზი აქ ისაა, რომ
საათაბაგოს ოჯახი დიდი და მრავალწევრიანი ოჯახი იყო, რომელსაც საერთო და განუყოფელი
მამული უნდა ჰქონოდა. განუყოფელი მამული საგვარეულო წყობილებისა და დიდი ოჯახის ხვედრია,
პატარა ოჯახს, სახლს იგი არ მოეპოვება, აღბუღას დროს ოჯახი რომ არ დაპატარავებულიყო,
მამულის გაყოფა ამიტომ არ შეიძლებოდა. სხვა გზით ვერ აიხსნება, თუ რატომ „შვილი მამულის
გაყოფას არ ემართლების“. თითქოს თვითონ აღბუღაც ამტკიცებს ჩვენს აზრს. მამულის გაყოფა
ათაბაგს კერძო ჩვეულებად მიაჩნდა - „იქნების ალაგისა და გვარის წესი, რომ უმცროსს მამულოვნებით
გაიყვანენ, თუ ცოლსა შეირთავსო“. მაშასადამე, მამულით „გაყვანას“ საზოგადო წესი უკრძალავდა
და ამას იმიტომ, რომ დიდი ოჯახი შეადგენდა საზოგადო შინაურ წყობილებას, ამიტომ მამულის
გაყოფაც და გაყრაც ამ მიზეზით ძნელდებოდა. მის დროს კი დიდი ოჯახის საზოგადო წესი არ
ყოფილა და მხოლოდ სანატრელ წესად ქცეულა. საათაბაგოს სამართალი ცხადად ამტკიცებს, რომ
რაც შემდგომში სანატრელი შეიქმნა, ის წინათ ცხოველ ჩვეულებას შეადგენდა“.
საქართველოს სამართლის ისტორიაში ყოველთვის გაერთიანებულია სისხლისა და
სამოქალაქო სამართალი. ბექასა და აღბუღას სამართლის წიგნის მუხლების უმეტესობა სისხლის
სამართლის დარგს ეკუთვნის. მასში შეტანილია მკვლელობის, სხეულის დაზიანების, შეურაცხყოფის,
ცილისწამების, სქესობრივი დანაშაულის, ქალის მოტაცების, გაძარცვის, ქურდობის, მექრთამეობისა
და ღალატის მომწესრიგებელი ნორმები. მასში ვხვდებით ასევე სამოქალაქო, საოჯახო-სამემკვიდრეო
და პროცესუალური სამართლის ნორმებსაც.
@პარალელები სამართლის სხვა ძეგლებთან
პირველი სამართალი, რომელიც ისტორიაში
ჩანს ბაგრატ კურაპალატს ეკუთვნის. ისიც შესულია ვახტანგ VI-ის სამართლის
წიგნთა ნუსხაში.
ძეგლი უმთავრესად სისხლის სამართლებრივ
ნორმებს შეიცავს. დანაშაულთა სახეებიდან აქაც აღსანიშნავია მკვლელობა, სხეულის დაზიანება,
შეურაცხყოფა, ცილისწამება, გაძარცვა, ქურდობა. სასჯელთა სახეებიდან - სიკვდილით დასჯა,
დასახიჩრება, დატუსაღება, დამნაშავის გადაცემა დაზარალებულისთვის, აგრეთვე მოქმედებდა
ქონებრივი სასჯელი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ადვილია
დავინახოთ, თუ რა გავლენა მოახდინა ბაგრატის სამართალმა ბექა-აღბუღას სამართლის წიგნზე.
ასევე, პარალელის გავლება შეიძლება
გიორგი V ბრწყინვალეს
,,ძეგლის დადებასთან“, რომელიც საქართველოსთვის მთისთვის შეიქნა. ის ასევე შეტანილია
VI-ის სამართლის
წიგნთა ნუსხაში.
ძეგლის დადების შექმნის მიზეზი მთიულეთში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების
წინააღმდეგ მოწყობილი გამოსვლები გამხდარა. ამიტომ, გიორგი V-ეს პირადად შემოუვლია
მთიულეთი, თბილისში ჩამოუყვანია წარმომადგენლები და მათთან ერთად შეუდგენია სამართლის
წიგნი - „ძეგლის დადება“.
როგორც ვხედავთ, დაახლოებით ერთ პერიოდში
შექმნილი სამართლის ძეგლები ერთმანეთს ჰგავს. მსგავსია როგორც დანაშაულებები, ასევე
დასჯის სახეები.
დღევანდელი სამართლისგან განსხვავებით,
შუა საუკუნეებში შექმნილი სამართლის ძეგლები მთლიანად იყო მორგებული ფეოდალურ წყობილებას.
დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიცვალა. მაგალითისთვის, დღეს, აღარ
ვხვდებით მოსახლეობის დაყოფას ,,სისხლის ფასის“ მიხედვით.
ისტორიისგან განსხვავებით, საქართველოს დღეს
სისხლის სამართლის და სამოქალაქო კოდექსები ცალცალკე აქვს. სამოქალაქო სამართალი
შემდეგი ნაწილებისგან შედგება:
Øსახელშეკრულებო
სამართალი
Øსაკორპორაციო
სამართალი
Øსაოჯახო
სამართალი
Øმემკვიდრეობითი
სამართალი
Øშრომის
სამართალი
Øსამოქალაქო
პროცესი
რაც შეეხება სისხლის სამართალს, დღეს მას ჩამოყალიბებული სახე აქვს, გააჩნია
მიზნები, რომელთა შესრულებისთვისაც იბრძვის.
@დასკვნა
ქართული სამართლის ძეგლებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბექა-აღბუღას
სამართალია, რადგან ის შექმნილი იყო საქართველოს იმ კუთხისთვის, რომელიც სტრატეგიულად
ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის და რომელიც გამოირჩეოდა ეკონომიკური და კულტურული
სიძლიერით. მიუხედავად იმისა, რომ ის ცალკე საგამგებლო ერთეული იყო, იცავდა ქართულ
ინტერესესებს და როგორც ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს, მაინც განიცდიდა ქართლის მეფის
გავლენას.
სამართლის წიგნის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ამით ხდება
საზოგადოებრივი მოქმედებების ნორმირება, რაც მთლიანად ერის, თუ მისი ცალკეული ნაწილის
განვითარებულობაზე მიუთითებს. მიუხედავად უამრავი დამპყრობელისა და ძნელბედობის ჟამისა
მაშინ, როდესაც ევროპაში ,,თავისუფლების დიდი ქარტია“ მიიღეს, საქართველოშიც უნდა მომხდარიყო
მსგავსი მოვლენა, უნდა შექმნილიყო და დადგენილიყო სამართლის ნორმები. ამ ნორმების სამართლიანობისა
თუ სამართლებრიობის განსაზღვრა კი იმ დროინდელ საზოგადოებას უნდა მოეხდინა. როგორც
დასაწყისში აღვნიშნე, სამართალი, ეს არის კანონის რაგნში აყვანილი მმართველი კლასის
ნება. რაც შეიძლება უსამართლოდაც კი მოგვეჩვენოს, თუმცა ასე ხდებოდა მაშინ. დროთა განმავლობაში,
საზოგადოების განვითარებასთან ერთად, შეიცვალა სამართლის ნორმების დადგენის წესები
და ის არა მარტო მმართველ ფენას, არამედ შეძლებისდაგავარად მთლიანად საზოგადოებას მოერგო.
შესაძლებელი გახდა თითოეული ფენის ინტერესების და უფლებების დაცვა.
ეს კი შეუძლებელი იქნებოდა ნებისმიერ ქვეყანას სამართლის ისტორია რომ არ
ჰქონდეს. ჩვენ შემთხვევაში სამართლის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი ბექა-აღბუღას
სამართლის წიგნია. ის საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა, იხვეწებოდა და ყალიბდებოდა თანამედროვე
საზოგადოებისთვის მისაღებ ნორმად.
რაც შეეხება მის სამართლებრიობას, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ასე
თვლიდა მაშინდელი მმართველი ფენა და დღევანდელი გადასახადიდან ის ყოველგვარ ჰუმანურობას
მოკლებულია. არასწორი იქნება ჩვენი მხრიდან იმის განსჯა, რომ დასჯის სახეებში არ უნდა
ყოფილიყო დასახიჩრება, დამნაშავის დაზარალებულზე გადაცემა, ან სიკვდილით დასჯა. ეს
უკანასკნელი დღესაც მოქმედებს არაერთ ქვეყანაში და მათ შორის ამერიკის შეერტებული შტატების
რამდენიმე შტატში. მაშინდელი საზოგადოება ასე თვლიდა საჭიროდ და როგორც ვნახეთ, დროტა
განმავლობაში მას თავისთავად ჩამოსცილდა სხვადასხვა არაადამიანური კანონის სახეები.
დღეს განსხვავებული სახისაა საპროცესო გარიგება, ასევე საოჯახო სამართალი.
დღეს უპრობლემოდ ხდება მამულის გაყოფაც, რადგან ეს აღარაა კანონით აკრძალული.
საბოლოო ჯამში, ბექა-აღბუღას სამართალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია საქართველოს სამართლის ისტორიისთვის. მისი მნიშვნელობა კარგად ესმოდათ ჩვენს წინაპრებს და სასურველია, რომ თანამედროვე საზოგადოებამაც იცოდეს, რა უდევს საფუძვლად დღევანდელ სისხლის თუ სამოქალაქო სამართლის ნორმებს.
გამოყენებული ლიტერატურა
@ივ.
ჯავახიშვილი - ქართული სამართლის ისტორია ტ. III;
@ი.
დოლიძე - ძველი ქართული სამართალი;
@ს.
კაკაბაძე - სჯულმდებელ ბექასა და აღბუღას ვინაობა;
სამწუხაროდ, ჩემი წერის მუზამ საზაფხულო შვებულება აიღო, მაგრამ რადგან არ მასვენებს გამჩენი, ჩემი თემების ატვირთვა გადავწყვიტე. პირველია "ეთნოკონფლიქტები საქართველოში," რომელიც ძირითადად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემას ეხება.
დღეს საქართველო რთულ მდგომარეობაშია. ქვეყანში ეთნოკონფლიქტთა მთელი წყება
არსებობს (კონფლიქტი აფხაზებთან და ცხინვალის რეგიონის ოსებთან, დაძაბულობა სომხურ
და აზერბაიჯანულ თემებთან, მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციისადმი გაურკვეველი დამოკიდებულება
და ა.შ.).
სანამ უშუალოდ თითოეულის შესახებ მოგახსენებდენთ, აუცილებელია აღვნიშნოთ,
რა არის ეთნოკონფლიქტი. ეთნოკონფლიქტი არის დაპირისპირება იმ ადამიანთა ჯგუფებს შორის,
რომლებიც სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები არიან. ეთნოკონლიქტების გამომწვევი ბევრი
მიზეზი არსებობს, თუმცა ზოგიერთი მათგანი შეიძლება ჰგავდეს ერთმანეთს, ან ინდივიდუალურად
ერთი ქვეყნისთვის იყოს დამახასიათებელი.
ეთნოკონფლიქტების თავისებურებებია:
ëკონფლიქტური
ჯგუფები იყოფა ეთნიკური ნიშნით;
ëმხარეები
ეძებენ დასაყრდენს ეთნიკურად მონათესავე ან მეგობარ მხარეებთან;
ëეთნოკონფლიქტების
გარკვეული სახეობების დროს საქმე გვაქვს საკითხის პოლიტიზაციასთან;
ëეთნოკონფლიქტში
ჩაბმული ახალი მოწინააღმდეგენი მხარს უჭერენ კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს სწორედ ეთნიკური
ნათესაობის მიხედვით, თუმცა შესაძლებელია არ იზიარებდნენ მათ შეხედულებებს.
ëეთნოკონლიქტი
შეიძლება იყოს ორგანული, ან შეიძლება იყოს პროვოცირებული მესამე მხარის მიერ.
ეთნიკური ჯგუფების დაპირისპირებაშეიძლება ისტორიული
ფაქტორების გამო მოხდეს, მაგრამ, ამავე დროს,
ის შეიძლება ხელოვნურად იყოს გამოწვეული.
ეთნიკური დაპირისპირება ძირითადად თვალშისაცემია მრავალეროვან ქვეყნებში.
სადაც ერთი დომინანტი ეთნოსის წარმოჩენის შემდეგ დაპირისპირება ვლინდება როგორც აშკარა,
ისე ფარული ფორმებით.
არსებობს ასეთი გამოთქმა - „ინგლისს არც მუდმივი მეგობრები ჰყავს და არც
მუდმივი მტრები, ინგლისს მარადიული მხოლოდ ინტერესები აქვს“ - ეს სრული ჭეშმარიტებაა.
ინტერესები მართლაც ყველას მუდმივი აქვს, ასეა არა მხოლოდ სახელმწიფოს შემთხვევაში,
არამედ ეროვნული უმცირესობების შემთხვევაშიც. მათ ყოველთვის აქვთ მარადიული ინტერესები,
რომელიც ყოველთვის არ ემთხვევა ეროვნული უმრავლესობის ინტერესებს.
სამწუხაროდ სწორედ ასე მოხდა საქართველოში მოსახლე ეთნოსების შემთხვევაში.
ჩვენი მდგომარეობა ნაციად ჩამოყალიბების თვალსაზრისით ძალიან რთულია, რადგან
საქართველო ერთდროულად უნდა შედგეს როგორც
ეროვნული და როგორც სამოქალაქო სახელმწიფო. ქვეყანაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უამრავი
ეროვნული უმცირესობა ცხოვრობს და მათაც საკუთარი ინტერესები გააჩნიათ. უმთავრესი კი
ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაა,
ამით აიხსნება მათი ნოსტალგიური დამოკიდებულება იმპერიებისადმი და ერთგვარი
შიში ახალი სახელმწიფოების მიმართ.
უკვე გაცვეთილ ნათქვამად იქცა, რომ ქართველი ერი ტოლერანტია და ვცდილობთ
ამ ტერმინის ქვეშ მოვაქციოთ ყველაფერი. თუმცა თუ ამ სიტყვის ქართულ ექვივალენტს ვიხმართ,
საზოგადოებისთვის უარყოფითი ემოციის მატარებელ ტერმინს მივიღებთ, „შეგუება,“ ეგუები
იმას, რაც არ მოგწონს, რაც შენი არაა. მაგრამ სხვა საქმეა მართლაც ვგუობთ სხვადასხვა
ეთნოსებს და რელიგიურ ჯგუფებს, თუ ეს წარსულის მორჩენილი სიტყვაა და დღეს, ტრაფარეტულ
სახეს ატარებს.
ისტორიული ფაქტები ადასტურებს, რომ ძველად არასოდეს შექმნიათ საქართველოში
პრობლემა მიგრანტებს. სანამ ქართული სამეფო-სამთავროები დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ
აქ მცხოვრები მიგრანტები არათუ დაცულნი იყვნენ დევნა-შევიწროებისაგან, არამედ ქართული
საზოგადოების სრულუფლებიან და ხშირად წარმატებულ წევრებად გვევლინებოდნენ. თავის მხრივ
არაქართველებიც ლოიალურად ეკიდებოდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას და ცდილობდნენ ქართველ
მოსახლეობასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას - სწავლობდნენ ენას, ითვისებდნენ
კულტურას, პატივს სცემდნენ რელიგიასა და ადათ-ჩვევებს. იყო შემთხვევები, როდესაც დამპყრობელი
ცდილობდა ქართულ მიწაზე დაესახლებინა უცხოტომელები ოკუპანტის მისიით. რა თქმა უნდა,
ასეთ შემთხვევაში ქართველები არ ეგუებოდნენ ამ ფაქტს, მაგრამ საკმარისი იყო ჩამოსახლებულებს
შეეცვალათ ცხოვრების წესი, უარი ეთქვათ ოკუპანტის როლზე, გადასულიყვნენ მშვიდობიან
და კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე, რომ ეს დამოკიდებულება ქართველების მხრიდან ქრებოდა.
მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ.
შეიცვალა არაქართველთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ. ასეც ცვლილებას, ცხადია,
თავისი მიზეზი ჰქონდა.
პირველი ეს იყო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა. შემდეგი რუსეთის
მიზანმიმართული და ინტენსიური დემოგრაფიული აგრესია საქართველოში. მესამე, საქართველოს
ტერიტორიაზე მცხოვრები მიგრანტებს რუსეთის მფლობელობაში ყოფნის დროს ქართველების მიმართ
აღარც სამართლებრივი და აღარც სოციალური ვალდებულება აღარ გააჩნდათ. შესაბამისად მოიხსნა
ქართული ენისა და კულტურის შესწავლისა და გათავისების საჭიროებაც. ამ ყველაფერმა კი
ქართველებისან გაუცხოება გამოიწვია.
21-ე საუკუნეში, საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ცხელი ადგილია, ერთ-ერთი
ყველაზე მტკივნეული კი, ალბათ, აფხაზეთია, რომლის შესახებაც ცნობები ჯერ კიდევ I საუკუნეში გვაქვს.
ბერძენმა ავტორებმა შემოგვინახეს ცნობები, რომ ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ აფსილები,
აბაზგები, სანიგები და მისიმიანები. დროთა განმავლობაში ის სხვადასხვა დამპყრობლის
გამგებლობის ქვეშ ექცეოდა, თუმცა როცა საქართველოს გაერთიანება დაიწყო, ეს მხარე ერთ-ერთი
პირველი იყო, რომელსაც შემდგომ სხვა სამეფოები შეემატა და საბოლოოდ, გაერთიანებული
საქართველო მივიღეთ. დავით IVაღმაშენებლის ტიტულატურა ასე იწყებოდა „მეფე აფხაზთა..“ აფხაზეთი ამ
დროს მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა. ეს ფაქტი უნდა აღინიშნოს იმიტომ, რომ დღეს
გამოთქმული თეორიები, თითქოს აფხაზეთი არასოდეს ყოფილა საქართველო, გაბათილდეს.
ისტორიულმა პროცესებმა, სამწუხაროდ, ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ
ითამაშეს. საქართველოს დაშლის შემდეგ აფხაზეთი შედიოდა დასავლეთ საქართველოს შემადგენლობაში,
მაგრამ იმერეთის სამეფოს დასუსტების შემდეგ ის ხან სამეგრელოს სამთავროს ექვემდებარებოდა,
ხანაც დამოუკიდებელი იყო. დროთა განმავლობაში აქ მაჰმადიანობა გავრცელდა თურქეთის გაძლიერების
გამო, ამიტომ როცა რუსეთი კავკასიაში შემოვიდა აფხაზეთი ფაქტობრივად დამოუკიდებელი
სამთავრო იყო, რომელსაც აღარაფერი აკავშირებდა ერთიან საქართველოსთან.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს აფხაზთა ერთი ჯგუფი რუსეთთან
შეერთებას ცდილობდა, ზოგი ბოლშევიკურ იდეოლოგიას აჰყვა. დემოკრატიულმა საქართველომ
აფხაზეთში ბოლშევიკური გადატრიალების შედეგების აღმოსაფხვრელად გიორგი მაზნიაშვილის
რაზმები გააგზავნა, რომლებმაც ბოლშევიკები განდევნეს, თუმცა მოსახლეობაში ცუდი მოგონება
დატოვეს.
საინტერესო მოვლენები განვითარდა მეოცე საუკუნის ოციან წლებში, 1921 წლის
28 მაისს აფხაზეთის მშრომელთა პირველმა ყრილობამ განიხილა საკითხი საბჭოთა აღმშენებლობის
შესახებ და დაადასტურა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.
აფხაზეთის კომუნისტი ლიდერები ლაკობა და ეშბა ყოველთვის ხაზს უსვამდნენ,
რომ აფხაზეთის ეს დამოუკიდებლობა იყო ფორმალური, რომლის მთავარი მიზანი მენშევიკური
საქართველოს პერიოდში ქართულ-აფხაზური შელახული მეგობრობრული ურთიერთობების არდგენა-განვითარება
იყო, მაგრამ, საგულისხმოა, რომ მაშინ მხოლოდ აფხაზეთს მიენიჭა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის უფლება.
დამოუკიდებლობის გამოცხადება ისე მოხდა, რომ გაურკვეველი დარჩა საქართველოსთან
ურთიერთობის პრობლემა.
1989 წლამდე მრავალჯერ მოხდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დაძაბვა, ხოლო
9 აპრილის შემდეგ მათ ჩათვალეს, რომ ქართველების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს აღარავინ
შეეწინაღმდეგებოდა და საქართველო მარტო იყო დარჩენილი პრობლემების წინაზე, ამიტომ მათ
აშკარა ბრძოლა დაიწყეს. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ზვიად გამსახურდიას მმართველობის
პერიოდში, მაგრამ ფართომაშტაბიანი კონფლიქტი 1992 წელს დაიწყო.
დასავლეთ საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და კრიმინოგენური ვითარების
განმუხტვის მიზნით სახელმწიფო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შინაგან ჯარებს აღედგინათ
სტაბილურიბა მთლიანად დასავლეთ საქართველოში. დღეს, მიაჩნიათ, რომ ერთ-ერთი მთავარი
შეცდომა სწორედ ჯარების შეყვანა იყო.
ომის პირველ ეტაპზე საქართველოს სამხედრო შენაერთებმა ადვილად დაიკავეს
გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის რაიონები და სოხუმში შევიდნენ. რუსეთის პრეზიდენტი ბორის
ელცინი ურჩევდა ქართულ მხარეს, რომ ასეთი ნაბიჯებისგან თავი შეეკავებინა, მაგრამ ეს
რჩევა არავინ გაითვალისწინა.
შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ქართველებს შორის მომხდარმა
არეულობამ ითამაშა. ზვიად გამსახურდია თავის მომხრეებს მოუწოდებდა, რომ დახმარება არ
გაეწიათ აფხაზეთში მებრძოლებისთვის. ამასთან აფხაზებს ემხრობოდნენ ჩრდილოეთ კავკასიელი
მოხალისე ფორმირებები, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ჩეჩნები, აფხაზებს ეხმარებოდნენ
რუსი კაზაკებიც.
მიუხედავად მოსკოვის სამშვიდობო მოლაპარაკებებისა, საბოლოოდ, ცეცლხლის
შეწყვეტის გადაწყვეტილება არცერთ მხარეს არ მიუღია დროულად. სერიოზული შეცდომები დაუშვა
საქართველოს ხელისუფლებამ და არ გაითვალისწინა ოპოზიციურად განწყობილი ძალების მოწოდება,
რუსეთი გამოეცხადებინათ სეპარატისტების მხარდამჭერად. პირიქით, მთავრობა ძველ არჩეულ
კურსს მისდევდა და ამავე დროს დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერის იმედი ჰქონდა.
დღეს, ჩვენს წინაშე მნიშვნელოვანი პრობლემა დგას. აფხაზეთის დაკარგვის
შემდეგ ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა და უკეთესობისკენ არაფერი იცვლება. აქაც და იქაც
ახალი თაობა გაიზარდა, თაობა, რომელიც ერთმანეთს არ იცნობს და საუბედუროდ არც სურვილი
გააჩნია რაიმე შეცვალოს.
ნიუ-იორკის სტეიტენ აილენდის უნივერსიტეტის პროფესორებმა საქართველოში
დევნილი მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე კვლევა დაწერეს. კვლევის ძირითადი დანიშნულება
ქართველ და აფხაზ მოსახლეობაში ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულების გარკვევა იყო. კვლევის
შედეგად დადგინდა, რომ აფხაზები „მტრად“ ქართველებს მიიჩნევენ, ქართველები კი აფხაზეთის
კონფლიქტს რუსეთს უკავშირებენ და აფხაზების მიმართ მტრული დამოკიდებულება არ აქვთ.
ამ დასკვნიდან ნამდვილად შეგვიძლია დასაყრდენი ავიღოთ და მივხვდეთ, პირველ
რიგში, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად. კვლევის ერთ-ერთი
ავტორის განცხადებით ასეთი განსხვავებული დამოკიდებულება ამცირებს სამომავლო დიალოგის
შესაძლებლობას. კიდევ ერთი პრობლემა, შესაძლოა დევნილების დამოკიდებულებაც გახდეს.
მათ შორისაც შესაძლოა გაჩნდეს აზრთა სხვადასხვაობა დაბრუნებასთან დაკავშირებით.
2008 წლამდე აფხაზ დევნილებში კიდევ არსებობდა დაბრუნების იმედი, თუმცა
ომის შემდეგ ეს იმედიც გაქრა.
აფხაზები საკმაოდ რთულ სიტუაციაში იმყოფებიან. 150 წლის წინ განცდილი ეთნოკატარსტროფის
შემდეგ მათი რაოდენობა შემცირდა და ქართველების გამოდევნის შემდეგაც კი აფხაზეთში უმრავლესობას
არ შეადგენენ. სავარაუდოა, რომ რამდენიმე წელიწადში სომეხთა თემი ყველაზე მრავალრიცხვოვანი
გახდება. თავი დროზე სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა
ერთადერთი შანსია, რომ აფხაზი, როგორც ერი, გადარჩეს. თუ ვითარება მკვეთრად არ შეიცვალა
აფხაზეთი ან დაკარგავს დამოუკიდებლობას და რუსეთი შთანთქავს, ან ქვეყანა აფხაზებისა
აღარ იქნება.
2008 წლის შემდეგ კიდევ ერთი ტერიტორია დავკარგეთ გაურკვეველი დროით. თუმცა
სანამ უახლეს ისტორიას შევეხებოდეთ, უნდა გავიხსენოთ, როგორ აღმოჩნდნენ ოსები ე.წ.
სამხრეთ ოსეთში ანუ სამაჩაბლოში.
ძველ დროში ოსებს (ალანებს) საქართველოს მეფეები ბიზანტიისა და ირანის
წინააღმდეგ იყენებდნენ, როგორც ველურ სამხედრო ძალას. დროთა განმავლობაში ზოგიერთი
მათგანი საქართველოს ტერიტორიაზე რჩებოდა და აქ სახლდებოდა. როცა მათი ყოფნა ადგილობრივი
მოსახლეობისთვის შემაწუხებელი ხდებოდა, საქართველოს მეფეები სამხედრო ძალის გამოყენებით
ისევ უკან, ჩრდილო კავკასიაში გადარეკავდნენ ხოლმე. თუმცა, როცა ქვეყანა დაიშალა და
შემდეგ მოსახლეობისაგან დაიცალა, ფეოდალები სიხარულით იღებდნენ ჩრდილო კავკასიიდან გადმოსულ ოსებს და თავის მამულებში
ასახლებდნენ.
რუსეთის კავკასიაში დამკვიდრების პირველ ხანებში ოსები ქართველებთან ერთად
იბრძოდნენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. თუმცა დროთა განმავლობაში, როცა რუსეთში ბატონყმობა
გადავარდა ოსებმაც მიიღეს მიწები და უკვე აქტიურად თანამშრომლობდნენ რუსეთთან.
„სამხრეთ ოსეთის“ ცნების დამკვიდრება ჯერ კიდევ XIX საუკუნის 30-ანი
წლებიდან დაიწყეს რუსმა ჟურნალისტებმა. რაც არასწორია, რადგან ოსებს სამხრეთ კავკასიაში
არასოდეს ჰქონიათ პოლიტიკური გაერთიანება. მაგრამ რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების
წაქეზებით, მაინც დამკვიდრდა ეს ტერმინი.
XX საუკუნის
ოციან წლებში შეიქმნა „ოსთა ეროვნული საბჭო,“
ის ფაქტობრივად ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით იყო დაკავებული. ამ ორგანიზაციის
აქტიური მოქმედებით 1918 წლის მარტში ოსებმა აჯანყება მოაწყვეს. რაც საბოლოოდ,სისხლიანი შეტაკებით დამთავრდა.
დაინგრა ქალაქი ცხინვალი. შემდეგ იყო კიდევ ორი აჯანყება, თუმცა ორივე ჩაახშო ქართულმა
არიამ.
სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა საერთო ენის გამონახვა
მოსახლეობასთან. ყველაზე მნშვნელოვანი „იარაღი,“ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე
მცხოვრები ოსები, მთავრობამ ვერ გამოიყენა და პირიქით, მათი გადამტერებაც მოახერხა.
საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ ამ ადგილას ავტონომიური ოლქი შეიქმნა,
მაგრამ არც ისტორიული, არც სამართლებრივი და არც დემოგრაფიული საფუძვლები ასეთი ოლქის
შექმნის არ არსებობდა.
როცა საბჭოთა კავშირის დაშლაზე მიდგა საქმე მოსკოვი ყველა ხერხით ცდილობდა
დესტაბილიზაციის მოხდენას საქართველოში. მან კარგად გამოიყენა ოსების ფაქტორი. სამხრეთ-ოსეთის
ავტონომიური ოლქის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება
„სამხრეთ-ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის“ შექმნის შესახებ. ამის საპასუხოდ
საქართველოს მთავრობამ საერთოდ გააუქმა სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქი, რამაც კიდევ
უფრო სავალალო შედეგები გამოიწვია.
თუმცა შემდეგ მოხდა კიდევ ერთი ფაქტი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც
შესაძლებელი იყო სამომავლო გართულებების თავიდან აცილება.
სსრკ-ს პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა გამოსცა ბრძანებულება, რაც გულისხმობდა
სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებული საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ
მიღებული ყველა საკანონმდებლო აქტის გაუქმებას, რეგიონიდან ყველა შეიარაღებული ფორმირების
გაყვანას, სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფორმირებების გარდა, მდგომარეობის ნორმალიზაციას
და ა.შ. ამის საპასუხოდ, ქართულმა მხარემ ეს ბრძანებულება საქართველოს საშინაო საქმეებში
უხეშ ჩარევად გამოაცხადა.
გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, შევარდნაძის დროს ურთიერთობები
შედარებით დათბა, ერგნეთის ბაზრობამ ეკონომიკური აღებ-მიცემობა გააცოცხლა, უკეთესობისკენ
შეიცვალა მოსახლეობის ურთიერთობაც. თუმცა შევარდნაძის წასვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს
ჰქონდა იმის ილუზია, რომ რუსეთი აჭარასთან ერთად სამხრეთ ოსეთსაც დათმობდა, ამიტომ
სამხედრო ძალით ცდილობდა „კონსტიტუციური წესრიგის“ აღდგენას. 2004 წელს ქართველი სამხედროები
ოსებმა შეიპყრეს.
2008 წელს სააკაშვილმა კვლავ სცადა „წესრიგის“ აღდგენა, რაც ტრაგიკულად
დამთავრდა. ამით მან ფაქტობრივად საბაბი მისცა რუსეთს და მანაც თავისი შეიარაღებული
ძალებით დაიკავა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ქართულმა მხარემ კი წინააღმდეგობა ვერ
გაუწია და იარაღი დაყარა. რუსეთმა აღიარა სამხრეთ
ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და იქ ბაზები ააშენა.
მნიშვნელოვანია აღინოშნოს „სამხრეთ ოსეთის“ ტერმინის სამართლებრივი სტატუსი.
როგორც უკვე აღვნიშნე ის ხელოვნურად შექმნილი ტერმინია, რომელიც უკანონოდ დამკვიდრეს
რუსებმა. სამწუხაროა, რომ ეს ტერმინი ქართულ მეტყველებაშიც დამკვიდრდა და ხელისუფლების
წარმომაგდენლებიც ასე მოიხსენიებენ სამაჩაბლოს.
აფხაზებისგან განსხვავებით, ოსებს იდენტობის პრობლემა ნაკლებად აწუხებთ.
მათი მიზანია კავკასიონის სამხრეთ კალთაზე დამკვიდრება. ისინი მრავალი საუკუნეა ამიერკავკასიაში
დამკვიდრებას ცდილობენ და ამას ყოველთვის ძლიერი პატრონის მხარდაჭერითა და იმედით აკეთებდნენ.
ისიც უნდა ითქვას, რომ მეოცე საუკუნეში ცხინვალის რეგიონში მხოლოდ რამდენიმე
ოსური ოჯახი ცხოვრობდა, დროთა განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან არასწორი ქმედებების
გამო ბევრი შეცდომა დაიშვა და მათი გამოსწორება ძალიან რთული იქნება, თუმცა იმედი უნდა
ვიქონიოთ, რომ თანდათან ყველაფერი გამოსწორდება.
შემაშფოთებელი ტენდენციები არსებობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში. მნიშვნელოვან
აქტიურობას იჩენენ ანტიქართული ელემენტები ჯავახეთში და ამას თავისი მიზეზები აქვს.
სამცხე-ჯავახეთიდან 1944 წელს გაასახლეს მაჰმადიანი მესხები და იმის გამო, რომ
1999 წელს ევროსაბჭომ დადგენილება მიიღო მათ დაბრუნებასთან დაკავშირებით, გარკვეულ
ძალებს სურთ დადგენილების შესრულებამდე ჯავახეთისათვის ეთნოტერიტორიული ავტონომიის
სტატუსის მინიჭება მოასწრონ.
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, მაჰმადიანი მესხების მიმართ, როგორც საზოგადოების,
ასევე ხელისუფლების მხრიდან გაურკვეველი დამოკიდებულება არსებობს. არადა, როცა
1999 წელს ევროსაბჭოში გაერთიანდა საქართველო, აიღო ვალდებულება მათი დაბრუნების უზრუნველყოფასთან
დაკავშირებით.
მცირე გამოკითხვის მიხედვით გამოიკვეთა საზოგადოებრივი აზრი, რომ მათი
დაბრუნება უარყოფითად აისახება ქვეყნის მომავალზე. ისიც მნიშვნელოვანია, რომ გადასახლებული
420 ათასი მესხიდან დაბრუნების სურვილი მხოლოდ 60 ათასმა გამოთქვა და აქედანაც სამინისტროში
მხოლოდ 7 ათასს აქვს განცხადება შეტანილი.
ახალციხეში მცხოვრებნი უარყოფითად აფსებენ მათი დაბრუნების შესაძლებლობას
და აცხადებენ, რომ შესაძლოა, დროთა განმავლობაში, მათ ტერიტორიების ამბიციაც კი გაუჩნდეთ
და აფხაზეთისა და ოსეთის შემთხვევა განმეორდეს. რომ არასწორია ტერმინი „მაჰმადიანი
მესხი“ და ისინი უკვე გათურქებულები არიან.
მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობს
და ხელისუფლებას სერიოზული მუშაობა მოუწევს ამ საკითხის დასარეგულირებლად.
აუცილებელია დამხვდური მოსახლეობის შეგუება ამ ფაქტთან, რადგან უმეტესობას
მათზე უარყოფითი შეხედულება აქვს, თუმცა ეს შეხედულება და დამოკიდებულება ძირითადად
წინაპრების მიერ მოყოლილი ისტორიების გამო ჩამოუყალიბდათ.
გარდა ამისა, ბოლო დროს, აქტუალური გახდა რელიგიური დაპირისპირებების საკითხი.
არსებობს მოსაზრება, რომ ეს კონფლიქტები ხელოვნურად წარმოიშვა და სერიოზულ გავლენას
ახდენს „მესამე ძალა,“ თუმცა დღემდე ამის გარკვევა ვერ მოხერხდა და დროდადრო თავს გვახსენებს
ეს დაპირისპირებები.
ძირითადი მიზეზი კონფლიქტის წარმოშობისა არის სალოცავების მოწყობა მაჰმადიანების
მხრიდან. ამას უპირისპირდებიან მართლმადიდებელი ქრისტიანები. როცა დასაწყისში ტოლერანტობა
ვახსენე, სწორედ ამ ფაქტებს ვგულისხმობდი, როცა სიტყვიერად ვამტკიცებთ, რომ ქართველი
ერი ტოლერანტია და ეს განსაკუთრებით რელიგიურ მხარეს ეხება, ფაქტები საწინააღმდეგოს
არ უნდა მეტყველებდნენ.
ერთ სოფელში დიდი ხნის მანძილზე მცხოვრები მეზობლების ასეთ დაპირისპირებას
სერიოზული საფუძველი უნდა ჰქონდეს და მხოლოდ ამის გარკვევის შემდეგ იქნება შესაძლებელი
სამომავლო დაპირისპირებების თავიდან აცილება
საბოლოო ჯამში, დღეს, საქართველოში რთული სიტუაციაა და ქვეყანა დიდი პრობლემის
წინაშე დგას. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარება, სამწუხაროდ მხოლოდ ქართულ
მხარეზე არაა დამოკიდებული. მაგრამ ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს, რომ ის
წინააღმდეგობები გადაილახოს, რაც ასე გვაშორებს ერთმანეთს. ზოგიერთის აზრით, ერთ-ერთი
შანსი ახალი თაობების ერთმანეთთან დაკავშირება, მათი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობის
შექმნაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს თაობები ერთმანეთს საერთოდ არ იცნობენ
და პირველ რიგში, მათ ენობრივი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.
რაც შეეხება ჯერ კიდევ მდუღარე პროცესში მყოფ ეთნოდაპირისპირებებს, აუცილებელია
მოხერხდეს მათი ჩანასახშივე გაქრობა, რადგან მომავალში კიდევ რამდენიმე მწვავე დაპირისპირებას
ქვეყანა ვერ გადაიტანს.