სამწუხაროდ, ჩემი წერის მუზამ საზაფხულო შვებულება აიღო, მაგრამ რადგან არ მასვენებს გამჩენი, ჩემი თემების ატვირთვა გადავწყვიტე. პირველია "ეთნოკონფლიქტები საქართველოში," რომელიც ძირითადად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემას ეხება.
დღეს საქართველო რთულ მდგომარეობაშია. ქვეყანში ეთნოკონფლიქტთა მთელი წყება
არსებობს (კონფლიქტი აფხაზებთან და ცხინვალის რეგიონის ოსებთან, დაძაბულობა სომხურ
და აზერბაიჯანულ თემებთან, მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციისადმი გაურკვეველი დამოკიდებულება
და ა.შ.).
სანამ უშუალოდ თითოეულის შესახებ მოგახსენებდენთ, აუცილებელია აღვნიშნოთ,
რა არის ეთნოკონფლიქტი. ეთნოკონფლიქტი არის დაპირისპირება იმ ადამიანთა ჯგუფებს შორის,
რომლებიც სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები არიან. ეთნოკონლიქტების გამომწვევი ბევრი
მიზეზი არსებობს, თუმცა ზოგიერთი მათგანი შეიძლება ჰგავდეს ერთმანეთს, ან ინდივიდუალურად
ერთი ქვეყნისთვის იყოს დამახასიათებელი.
ეთნოკონფლიქტების თავისებურებებია:
ë კონფლიქტური
ჯგუფები იყოფა ეთნიკური ნიშნით;
ë მხარეები
ეძებენ დასაყრდენს ეთნიკურად მონათესავე ან მეგობარ მხარეებთან;
ë ეთნოკონფლიქტების
გარკვეული სახეობების დროს საქმე გვაქვს საკითხის პოლიტიზაციასთან;
ë ეთნოკონფლიქტში
ჩაბმული ახალი მოწინააღმდეგენი მხარს უჭერენ კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს სწორედ ეთნიკური
ნათესაობის მიხედვით, თუმცა შესაძლებელია არ იზიარებდნენ მათ შეხედულებებს.
ë ეთნოკონლიქტი
შეიძლება იყოს ორგანული, ან შეიძლება იყოს პროვოცირებული მესამე მხარის მიერ.
ეთნიკური ჯგუფების დაპირისპირება შეიძლება ისტორიული
ფაქტორების გამო მოხდეს, მაგრამ, ამავე დროს,
ის შეიძლება ხელოვნურად იყოს გამოწვეული.
ეთნიკური დაპირისპირება ძირითადად თვალშისაცემია მრავალეროვან ქვეყნებში.
სადაც ერთი დომინანტი ეთნოსის წარმოჩენის შემდეგ დაპირისპირება ვლინდება როგორც აშკარა,
ისე ფარული ფორმებით.
არსებობს ასეთი გამოთქმა - „ინგლისს არც მუდმივი მეგობრები ჰყავს და არც
მუდმივი მტრები, ინგლისს მარადიული მხოლოდ ინტერესები აქვს“ - ეს სრული ჭეშმარიტებაა.
ინტერესები მართლაც ყველას მუდმივი აქვს, ასეა არა მხოლოდ სახელმწიფოს შემთხვევაში,
არამედ ეროვნული უმცირესობების შემთხვევაშიც. მათ ყოველთვის აქვთ მარადიული ინტერესები,
რომელიც ყოველთვის არ ემთხვევა ეროვნული უმრავლესობის ინტერესებს.
სამწუხაროდ სწორედ ასე მოხდა საქართველოში მოსახლე ეთნოსების შემთხვევაში.
ჩვენი მდგომარეობა ნაციად ჩამოყალიბების თვალსაზრისით ძალიან რთულია, რადგან
საქართველო ერთდროულად უნდა შედგეს როგორც
ეროვნული და როგორც სამოქალაქო სახელმწიფო. ქვეყანაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უამრავი
ეროვნული უმცირესობა ცხოვრობს და მათაც საკუთარი ინტერესები გააჩნიათ. უმთავრესი კი
ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაა,
ამით აიხსნება მათი ნოსტალგიური დამოკიდებულება იმპერიებისადმი და ერთგვარი
შიში ახალი სახელმწიფოების მიმართ.
უკვე გაცვეთილ ნათქვამად იქცა, რომ ქართველი ერი ტოლერანტია და ვცდილობთ
ამ ტერმინის ქვეშ მოვაქციოთ ყველაფერი. თუმცა თუ ამ სიტყვის ქართულ ექვივალენტს ვიხმართ,
საზოგადოებისთვის უარყოფითი ემოციის მატარებელ ტერმინს მივიღებთ, „შეგუება,“ ეგუები
იმას, რაც არ მოგწონს, რაც შენი არაა. მაგრამ სხვა საქმეა მართლაც ვგუობთ სხვადასხვა
ეთნოსებს და რელიგიურ ჯგუფებს, თუ ეს წარსულის მორჩენილი სიტყვაა და დღეს, ტრაფარეტულ
სახეს ატარებს.
ისტორიული ფაქტები ადასტურებს, რომ ძველად არასოდეს შექმნიათ საქართველოში
პრობლემა მიგრანტებს. სანამ ქართული სამეფო-სამთავროები დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ
აქ მცხოვრები მიგრანტები არათუ დაცულნი იყვნენ დევნა-შევიწროებისაგან, არამედ ქართული
საზოგადოების სრულუფლებიან და ხშირად წარმატებულ წევრებად გვევლინებოდნენ. თავის მხრივ
არაქართველებიც ლოიალურად ეკიდებოდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას და ცდილობდნენ ქართველ
მოსახლეობასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას - სწავლობდნენ ენას, ითვისებდნენ
კულტურას, პატივს სცემდნენ რელიგიასა და ადათ-ჩვევებს. იყო შემთხვევები, როდესაც დამპყრობელი
ცდილობდა ქართულ მიწაზე დაესახლებინა უცხოტომელები ოკუპანტის მისიით. რა თქმა უნდა,
ასეთ შემთხვევაში ქართველები არ ეგუებოდნენ ამ ფაქტს, მაგრამ საკმარისი იყო ჩამოსახლებულებს
შეეცვალათ ცხოვრების წესი, უარი ეთქვათ ოკუპანტის როლზე, გადასულიყვნენ მშვიდობიან
და კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე, რომ ეს დამოკიდებულება ქართველების მხრიდან ქრებოდა.
მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ.
შეიცვალა არაქართველთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ. ასეც ცვლილებას, ცხადია,
თავისი მიზეზი ჰქონდა.
პირველი ეს იყო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა. შემდეგი რუსეთის
მიზანმიმართული და ინტენსიური დემოგრაფიული აგრესია საქართველოში. მესამე, საქართველოს
ტერიტორიაზე მცხოვრები მიგრანტებს რუსეთის მფლობელობაში ყოფნის დროს ქართველების მიმართ
აღარც სამართლებრივი და აღარც სოციალური ვალდებულება აღარ გააჩნდათ. შესაბამისად მოიხსნა
ქართული ენისა და კულტურის შესწავლისა და გათავისების საჭიროებაც. ამ ყველაფერმა კი
ქართველებისან გაუცხოება გამოიწვია.
21-ე საუკუნეში, საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ცხელი ადგილია, ერთ-ერთი
ყველაზე მტკივნეული კი, ალბათ, აფხაზეთია, რომლის შესახებაც ცნობები ჯერ კიდევ I საუკუნეში გვაქვს.
ბერძენმა ავტორებმა შემოგვინახეს ცნობები, რომ ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ აფსილები,
აბაზგები, სანიგები და მისიმიანები. დროთა განმავლობაში ის სხვადასხვა დამპყრობლის
გამგებლობის ქვეშ ექცეოდა, თუმცა როცა საქართველოს გაერთიანება დაიწყო, ეს მხარე ერთ-ერთი
პირველი იყო, რომელსაც შემდგომ სხვა სამეფოები შეემატა და საბოლოოდ, გაერთიანებული
საქართველო მივიღეთ. დავით IV აღმაშენებლის ტიტულატურა ასე იწყებოდა „მეფე აფხაზთა..“ აფხაზეთი ამ
დროს მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა. ეს ფაქტი უნდა აღინიშნოს იმიტომ, რომ დღეს
გამოთქმული თეორიები, თითქოს აფხაზეთი არასოდეს ყოფილა საქართველო, გაბათილდეს.
ისტორიულმა პროცესებმა, სამწუხაროდ, ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ
ითამაშეს. საქართველოს დაშლის შემდეგ აფხაზეთი შედიოდა დასავლეთ საქართველოს შემადგენლობაში,
მაგრამ იმერეთის სამეფოს დასუსტების შემდეგ ის ხან სამეგრელოს სამთავროს ექვემდებარებოდა,
ხანაც დამოუკიდებელი იყო. დროთა განმავლობაში აქ მაჰმადიანობა გავრცელდა თურქეთის გაძლიერების
გამო, ამიტომ როცა რუსეთი კავკასიაში შემოვიდა აფხაზეთი ფაქტობრივად დამოუკიდებელი
სამთავრო იყო, რომელსაც აღარაფერი აკავშირებდა ერთიან საქართველოსთან.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს აფხაზთა ერთი ჯგუფი რუსეთთან
შეერთებას ცდილობდა, ზოგი ბოლშევიკურ იდეოლოგიას აჰყვა. დემოკრატიულმა საქართველომ
აფხაზეთში ბოლშევიკური გადატრიალების შედეგების აღმოსაფხვრელად გიორგი მაზნიაშვილის
რაზმები გააგზავნა, რომლებმაც ბოლშევიკები განდევნეს, თუმცა მოსახლეობაში ცუდი მოგონება
დატოვეს.
საინტერესო მოვლენები განვითარდა მეოცე საუკუნის ოციან წლებში, 1921 წლის
28 მაისს აფხაზეთის მშრომელთა პირველმა ყრილობამ განიხილა საკითხი საბჭოთა აღმშენებლობის
შესახებ და დაადასტურა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.
აფხაზეთის კომუნისტი ლიდერები ლაკობა და ეშბა ყოველთვის ხაზს უსვამდნენ,
რომ აფხაზეთის ეს დამოუკიდებლობა იყო ფორმალური, რომლის მთავარი მიზანი მენშევიკური
საქართველოს პერიოდში ქართულ-აფხაზური შელახული მეგობრობრული ურთიერთობების არდგენა-განვითარება
იყო, მაგრამ, საგულისხმოა, რომ მაშინ მხოლოდ აფხაზეთს მიენიჭა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის უფლება.
დამოუკიდებლობის გამოცხადება ისე მოხდა, რომ გაურკვეველი დარჩა საქართველოსთან
ურთიერთობის პრობლემა.
1989 წლამდე მრავალჯერ მოხდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დაძაბვა, ხოლო
9 აპრილის შემდეგ მათ ჩათვალეს, რომ ქართველების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს აღარავინ
შეეწინაღმდეგებოდა და საქართველო მარტო იყო დარჩენილი პრობლემების წინაზე, ამიტომ მათ
აშკარა ბრძოლა დაიწყეს. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ზვიად გამსახურდიას მმართველობის
პერიოდში, მაგრამ ფართომაშტაბიანი კონფლიქტი 1992 წელს დაიწყო.
დასავლეთ საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და კრიმინოგენური ვითარების
განმუხტვის მიზნით სახელმწიფო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შინაგან ჯარებს აღედგინათ
სტაბილურიბა მთლიანად დასავლეთ საქართველოში. დღეს, მიაჩნიათ, რომ ერთ-ერთი მთავარი
შეცდომა სწორედ ჯარების შეყვანა იყო.
ომის პირველ ეტაპზე საქართველოს სამხედრო შენაერთებმა ადვილად დაიკავეს
გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის რაიონები და სოხუმში შევიდნენ. რუსეთის პრეზიდენტი ბორის
ელცინი ურჩევდა ქართულ მხარეს, რომ ასეთი ნაბიჯებისგან თავი შეეკავებინა, მაგრამ ეს
რჩევა არავინ გაითვალისწინა.
შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ქართველებს შორის მომხდარმა
არეულობამ ითამაშა. ზვიად გამსახურდია თავის მომხრეებს მოუწოდებდა, რომ დახმარება არ
გაეწიათ აფხაზეთში მებრძოლებისთვის. ამასთან აფხაზებს ემხრობოდნენ ჩრდილოეთ კავკასიელი
მოხალისე ფორმირებები, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ჩეჩნები, აფხაზებს ეხმარებოდნენ
რუსი კაზაკებიც.
მიუხედავად მოსკოვის სამშვიდობო მოლაპარაკებებისა, საბოლოოდ, ცეცლხლის
შეწყვეტის გადაწყვეტილება არცერთ მხარეს არ მიუღია დროულად. სერიოზული შეცდომები დაუშვა
საქართველოს ხელისუფლებამ და არ გაითვალისწინა ოპოზიციურად განწყობილი ძალების მოწოდება,
რუსეთი გამოეცხადებინათ სეპარატისტების მხარდამჭერად. პირიქით, მთავრობა ძველ არჩეულ
კურსს მისდევდა და ამავე დროს დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერის იმედი ჰქონდა.
დღეს, ჩვენს წინაშე მნიშვნელოვანი პრობლემა დგას. აფხაზეთის დაკარგვის
შემდეგ ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა და უკეთესობისკენ არაფერი იცვლება. აქაც და იქაც
ახალი თაობა გაიზარდა, თაობა, რომელიც ერთმანეთს არ იცნობს და საუბედუროდ არც სურვილი
გააჩნია რაიმე შეცვალოს.
ნიუ-იორკის სტეიტენ აილენდის უნივერსიტეტის პროფესორებმა საქართველოში
დევნილი მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე კვლევა დაწერეს. კვლევის ძირითადი დანიშნულება
ქართველ და აფხაზ მოსახლეობაში ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულების გარკვევა იყო. კვლევის
შედეგად დადგინდა, რომ აფხაზები „მტრად“ ქართველებს მიიჩნევენ, ქართველები კი აფხაზეთის
კონფლიქტს რუსეთს უკავშირებენ და აფხაზების მიმართ მტრული დამოკიდებულება არ აქვთ.
ამ დასკვნიდან ნამდვილად შეგვიძლია დასაყრდენი ავიღოთ და მივხვდეთ, პირველ
რიგში, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად. კვლევის ერთ-ერთი
ავტორის განცხადებით ასეთი განსხვავებული დამოკიდებულება ამცირებს სამომავლო დიალოგის
შესაძლებლობას. კიდევ ერთი პრობლემა, შესაძლოა დევნილების დამოკიდებულებაც გახდეს.
მათ შორისაც შესაძლოა გაჩნდეს აზრთა სხვადასხვაობა დაბრუნებასთან დაკავშირებით.
2008 წლამდე აფხაზ დევნილებში კიდევ არსებობდა დაბრუნების იმედი, თუმცა
ომის შემდეგ ეს იმედიც გაქრა.
აფხაზები საკმაოდ რთულ სიტუაციაში იმყოფებიან. 150 წლის წინ განცდილი ეთნოკატარსტროფის
შემდეგ მათი რაოდენობა შემცირდა და ქართველების გამოდევნის შემდეგაც კი აფხაზეთში უმრავლესობას
არ შეადგენენ. სავარაუდოა, რომ რამდენიმე წელიწადში სომეხთა თემი ყველაზე მრავალრიცხვოვანი
გახდება. თავი დროზე სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა
ერთადერთი შანსია, რომ აფხაზი, როგორც ერი, გადარჩეს. თუ ვითარება მკვეთრად არ შეიცვალა
აფხაზეთი ან დაკარგავს დამოუკიდებლობას და რუსეთი შთანთქავს, ან ქვეყანა აფხაზებისა
აღარ იქნება.
2008 წლის შემდეგ კიდევ ერთი ტერიტორია დავკარგეთ გაურკვეველი დროით. თუმცა
სანამ უახლეს ისტორიას შევეხებოდეთ, უნდა გავიხსენოთ, როგორ აღმოჩნდნენ ოსები ე.წ.
სამხრეთ ოსეთში ანუ სამაჩაბლოში.
ძველ დროში ოსებს (ალანებს) საქართველოს მეფეები ბიზანტიისა და ირანის
წინააღმდეგ იყენებდნენ, როგორც ველურ სამხედრო ძალას. დროთა განმავლობაში ზოგიერთი
მათგანი საქართველოს ტერიტორიაზე რჩებოდა და აქ სახლდებოდა. როცა მათი ყოფნა ადგილობრივი
მოსახლეობისთვის შემაწუხებელი ხდებოდა, საქართველოს მეფეები სამხედრო ძალის გამოყენებით
ისევ უკან, ჩრდილო კავკასიაში გადარეკავდნენ ხოლმე. თუმცა, როცა ქვეყანა დაიშალა და
შემდეგ მოსახლეობისაგან დაიცალა, ფეოდალები სიხარულით იღებდნენ ჩრდილო კავკასიიდან გადმოსულ ოსებს და თავის მამულებში
ასახლებდნენ.
რუსეთის კავკასიაში დამკვიდრების პირველ ხანებში ოსები ქართველებთან ერთად
იბრძოდნენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. თუმცა დროთა განმავლობაში, როცა რუსეთში ბატონყმობა
გადავარდა ოსებმაც მიიღეს მიწები და უკვე აქტიურად თანამშრომლობდნენ რუსეთთან.
„სამხრეთ ოსეთის“ ცნების დამკვიდრება ჯერ კიდევ XIX საუკუნის 30-ანი
წლებიდან დაიწყეს რუსმა ჟურნალისტებმა. რაც არასწორია, რადგან ოსებს სამხრეთ კავკასიაში
არასოდეს ჰქონიათ პოლიტიკური გაერთიანება. მაგრამ რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების
წაქეზებით, მაინც დამკვიდრდა ეს ტერმინი.
XX საუკუნის
ოციან წლებში შეიქმნა „ოსთა ეროვნული საბჭო,“
ის ფაქტობრივად ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით იყო დაკავებული. ამ ორგანიზაციის
აქტიური მოქმედებით 1918 წლის მარტში ოსებმა აჯანყება მოაწყვეს. რაც საბოლოოდ, სისხლიანი შეტაკებით დამთავრდა.
დაინგრა ქალაქი ცხინვალი. შემდეგ იყო კიდევ ორი აჯანყება, თუმცა ორივე ჩაახშო ქართულმა
არიამ.
სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა საერთო ენის გამონახვა
მოსახლეობასთან. ყველაზე მნშვნელოვანი „იარაღი,“ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე
მცხოვრები ოსები, მთავრობამ ვერ გამოიყენა და პირიქით, მათი გადამტერებაც მოახერხა.
საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ ამ ადგილას ავტონომიური ოლქი შეიქმნა,
მაგრამ არც ისტორიული, არც სამართლებრივი და არც დემოგრაფიული საფუძვლები ასეთი ოლქის
შექმნის არ არსებობდა.
როცა საბჭოთა კავშირის დაშლაზე მიდგა საქმე მოსკოვი ყველა ხერხით ცდილობდა
დესტაბილიზაციის მოხდენას საქართველოში. მან კარგად გამოიყენა ოსების ფაქტორი. სამხრეთ-ოსეთის
ავტონომიური ოლქის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება
„სამხრეთ-ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის“ შექმნის შესახებ. ამის საპასუხოდ
საქართველოს მთავრობამ საერთოდ გააუქმა სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქი, რამაც კიდევ
უფრო სავალალო შედეგები გამოიწვია.
თუმცა შემდეგ მოხდა კიდევ ერთი ფაქტი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც
შესაძლებელი იყო სამომავლო გართულებების თავიდან აცილება.
სსრკ-ს პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა გამოსცა ბრძანებულება, რაც გულისხმობდა
სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებული საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ
მიღებული ყველა საკანონმდებლო აქტის გაუქმებას, რეგიონიდან ყველა შეიარაღებული ფორმირების
გაყვანას, სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფორმირებების გარდა, მდგომარეობის ნორმალიზაციას
და ა.შ. ამის საპასუხოდ, ქართულმა მხარემ ეს ბრძანებულება საქართველოს საშინაო საქმეებში
უხეშ ჩარევად გამოაცხადა.
გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, შევარდნაძის დროს ურთიერთობები
შედარებით დათბა, ერგნეთის ბაზრობამ ეკონომიკური აღებ-მიცემობა გააცოცხლა, უკეთესობისკენ
შეიცვალა მოსახლეობის ურთიერთობაც. თუმცა შევარდნაძის წასვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს
ჰქონდა იმის ილუზია, რომ რუსეთი აჭარასთან ერთად სამხრეთ ოსეთსაც დათმობდა, ამიტომ
სამხედრო ძალით ცდილობდა „კონსტიტუციური წესრიგის“ აღდგენას. 2004 წელს ქართველი სამხედროები
ოსებმა შეიპყრეს.
2008 წელს სააკაშვილმა კვლავ სცადა „წესრიგის“ აღდგენა, რაც ტრაგიკულად
დამთავრდა. ამით მან ფაქტობრივად საბაბი მისცა რუსეთს და მანაც თავისი შეიარაღებული
ძალებით დაიკავა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ქართულმა მხარემ კი წინააღმდეგობა ვერ
გაუწია და იარაღი დაყარა. რუსეთმა აღიარა სამხრეთ
ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და იქ ბაზები ააშენა.
მნიშვნელოვანია აღინოშნოს „სამხრეთ ოსეთის“ ტერმინის სამართლებრივი სტატუსი.
როგორც უკვე აღვნიშნე ის ხელოვნურად შექმნილი ტერმინია, რომელიც უკანონოდ დამკვიდრეს
რუსებმა. სამწუხაროა, რომ ეს ტერმინი ქართულ მეტყველებაშიც დამკვიდრდა და ხელისუფლების
წარმომაგდენლებიც ასე მოიხსენიებენ სამაჩაბლოს.
აფხაზებისგან განსხვავებით, ოსებს იდენტობის პრობლემა ნაკლებად აწუხებთ.
მათი მიზანია კავკასიონის სამხრეთ კალთაზე დამკვიდრება. ისინი მრავალი საუკუნეა ამიერკავკასიაში
დამკვიდრებას ცდილობენ და ამას ყოველთვის ძლიერი პატრონის მხარდაჭერითა და იმედით აკეთებდნენ.
ისიც უნდა ითქვას, რომ მეოცე საუკუნეში ცხინვალის რეგიონში მხოლოდ რამდენიმე
ოსური ოჯახი ცხოვრობდა, დროთა განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან არასწორი ქმედებების
გამო ბევრი შეცდომა დაიშვა და მათი გამოსწორება ძალიან რთული იქნება, თუმცა იმედი უნდა
ვიქონიოთ, რომ თანდათან ყველაფერი გამოსწორდება.
შემაშფოთებელი ტენდენციები არსებობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში. მნიშვნელოვან
აქტიურობას იჩენენ ანტიქართული ელემენტები ჯავახეთში და ამას თავისი მიზეზები აქვს.
სამცხე-ჯავახეთიდან 1944 წელს გაასახლეს მაჰმადიანი მესხები და იმის გამო, რომ
1999 წელს ევროსაბჭომ დადგენილება მიიღო მათ დაბრუნებასთან დაკავშირებით, გარკვეულ
ძალებს სურთ დადგენილების შესრულებამდე ჯავახეთისათვის ეთნოტერიტორიული ავტონომიის
სტატუსის მინიჭება მოასწრონ.
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, მაჰმადიანი მესხების მიმართ, როგორც საზოგადოების,
ასევე ხელისუფლების მხრიდან გაურკვეველი დამოკიდებულება არსებობს. არადა, როცა
1999 წელს ევროსაბჭოში გაერთიანდა საქართველო, აიღო ვალდებულება მათი დაბრუნების უზრუნველყოფასთან
დაკავშირებით.
მცირე გამოკითხვის მიხედვით გამოიკვეთა საზოგადოებრივი აზრი, რომ მათი
დაბრუნება უარყოფითად აისახება ქვეყნის მომავალზე. ისიც მნიშვნელოვანია, რომ გადასახლებული
420 ათასი მესხიდან დაბრუნების სურვილი მხოლოდ 60 ათასმა გამოთქვა და აქედანაც სამინისტროში
მხოლოდ 7 ათასს აქვს განცხადება შეტანილი.
ახალციხეში მცხოვრებნი უარყოფითად აფსებენ მათი დაბრუნების შესაძლებლობას
და აცხადებენ, რომ შესაძლოა, დროთა განმავლობაში, მათ ტერიტორიების ამბიციაც კი გაუჩნდეთ
და აფხაზეთისა და ოსეთის შემთხვევა განმეორდეს. რომ არასწორია ტერმინი „მაჰმადიანი
მესხი“ და ისინი უკვე გათურქებულები არიან.
მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობს
და ხელისუფლებას სერიოზული მუშაობა მოუწევს ამ საკითხის დასარეგულირებლად.
აუცილებელია დამხვდური მოსახლეობის შეგუება ამ ფაქტთან, რადგან უმეტესობას
მათზე უარყოფითი შეხედულება აქვს, თუმცა ეს შეხედულება და დამოკიდებულება ძირითადად
წინაპრების მიერ მოყოლილი ისტორიების გამო ჩამოუყალიბდათ.
გარდა ამისა, ბოლო დროს, აქტუალური გახდა რელიგიური დაპირისპირებების საკითხი.
არსებობს მოსაზრება, რომ ეს კონფლიქტები ხელოვნურად წარმოიშვა და სერიოზულ გავლენას
ახდენს „მესამე ძალა,“ თუმცა დღემდე ამის გარკვევა ვერ მოხერხდა და დროდადრო თავს გვახსენებს
ეს დაპირისპირებები.
ძირითადი მიზეზი კონფლიქტის წარმოშობისა არის სალოცავების მოწყობა მაჰმადიანების
მხრიდან. ამას უპირისპირდებიან მართლმადიდებელი ქრისტიანები. როცა დასაწყისში ტოლერანტობა
ვახსენე, სწორედ ამ ფაქტებს ვგულისხმობდი, როცა სიტყვიერად ვამტკიცებთ, რომ ქართველი
ერი ტოლერანტია და ეს განსაკუთრებით რელიგიურ მხარეს ეხება, ფაქტები საწინააღმდეგოს
არ უნდა მეტყველებდნენ.
ერთ სოფელში დიდი ხნის მანძილზე მცხოვრები მეზობლების ასეთ დაპირისპირებას
სერიოზული საფუძველი უნდა ჰქონდეს და მხოლოდ ამის გარკვევის შემდეგ იქნება შესაძლებელი
სამომავლო დაპირისპირებების თავიდან აცილება
საბოლოო ჯამში, დღეს, საქართველოში რთული სიტუაციაა და ქვეყანა დიდი პრობლემის
წინაშე დგას. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარება, სამწუხაროდ მხოლოდ ქართულ
მხარეზე არაა დამოკიდებული. მაგრამ ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს, რომ ის
წინააღმდეგობები გადაილახოს, რაც ასე გვაშორებს ერთმანეთს. ზოგიერთის აზრით, ერთ-ერთი
შანსი ახალი თაობების ერთმანეთთან დაკავშირება, მათი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობის
შექმნაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს თაობები ერთმანეთს საერთოდ არ იცნობენ
და პირველ რიგში, მათ ენობრივი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.
რაც შეეხება ჯერ კიდევ მდუღარე პროცესში მყოფ ეთნოდაპირისპირებებს, აუცილებელია
მოხერხდეს მათი ჩანასახშივე გაქრობა, რადგან მომავალში კიდევ რამდენიმე მწვავე დაპირისპირებას
ქვეყანა ვერ გადაიტანს.
No comments:
Post a Comment