როცა 2014 წლის
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა,
რომ ზედიზედ ორგზის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი აქ, ჩვენთან, დინამო არენაზე გააგორებდა
ბურთს. განსაკუთრებით ველოდი ამ დღეს, ვითვლიდი წუთებს, ვცდილობდი წარმომედგინა რა
რეაქცია მექნებოდა ბარსელონას ფეხბურთელების დანახვისას.
დიდი მოლოდინი
იყო მთლიანად საქართველოში და ბილეთების გაყიდვაც დიდი ხნით ადრე დაიწყო. ესპანელები
ალბათ ვერცკი წარმოიდგენდნენ, რომ ტრიბუნები სავსე დახვდებოდათ.
გულისფანცქალით
ველოდი მოედანზე ჩავის, ინიესტას, პიკეს გამოჩენას. სახუმარო საქმე ხომ არ იყო, ესპანეთის
ეროვნულ ნაკრებში ბარსელონას ცხრა ფეხბურთელი თამაშობდა.
ასე მოხდა, ეროვნულ
სტადიონზე ესპანელი, ბარსელონელი ფეხბურთელების სანახავად წავედი და ალბათ ვერავინ
შემედავება თუ ვიტყვი, რომ ასე იყო გულშემატკივრების ნახევარი, მაგრამ ქართველი ფეხბურთელების
მოედანზე გამოჩენას გაცილებით მეტი ემოცია ჰქონდა, ვიდრე ვარსკვლავი პირენელიელების.
არ ვიცი, ალბათ კიდევ დიდხანს ვერ გავაანალიზებ ჩემს ემოციებს, მაგრამ ვიცი, ასე იყო
ყველა. ჩემთვის ჩავი ერთი ჩვეულებრივი, რიგითი ფეხბურთელი იყო, რომელიც ჯვაროსნებს
გამარჯვებაში ხელს უშლიდა. ვერ ვიგრძენი ის სიამოვნება, რომელსაც ესპანელების ყურებისას
განვიცდიდი აქამდე. ქართველი ფეხბურთელები და გულშემატკივრები ერთ მთლიან მუშტად გარდაიქმნენ.
ამ მატჩმა დაამტკიცა, რომ ქომაგები წაგებასაც გაპატიებენ თუ შენგან თავდადებას, ბრძოლას
და სიმამაცეს დაინახავენ.
ესპანელებმა პირველი
წუთებიდანვე დაიწყეს ჩვენი ნახევრის აწიოკება. არ ყოფილა არავითარი დაზვერვა მეტოქის
ტაქტიკაზე, მსოფლიო ჩემპიონებმა ისედაც იცოდნენ, რას მოიმოქმედებდნენ ქართველი ფეხბურთელები.
პირველივე შეტევაზე თვალებზე ხელი ავიფარე და გულშემატკივრის რეაქციას დაველოდე, მეგონა
საჯარომოსთან პირველივე მისვლაზე ანგარიშს გახსნიდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ამან გამათამამა
და ახლა უკვე აღარ მეშინოდა. თუმცა ჯვაროსნებს ეს შიში მთელი პირველი ნახევარი გაჰყვათ. ჩვენი ნაკრებიდან განსაკუთრებით გამოირჩეოდა მეკარე
გიორგი ლორია, რომლის დიდებული თამაში მსოფლიოში ნომერ პირველმა მეკარე კასილასმაც
კი აღნიშნა. ესპანელები გვიტევდნენ, მათთვის დამახასიათებელი მოკლე პასებით თავბრუს
ახვევდნენ ქართველ ფეხბურთელებს, მაგრამ საგოლე მომენტები არ ჰქონდათ. გასაკვირია,
მაგრამ ამ ასპექტში ისინი ბევრით ვერ ჯობდნენ ჯვაროსნებს. პირველი ტაიმი დამთავრდა
და გულშემატკივარმა ამოისუნთქა. ერთმანეთს ვუყურებდით და არ გვჯეროდა რომ ტაბლოზე კვლავ
ნოლით ნოლი ციმციმებდა. თითქოს შეგუებულები წაგებას, ახლა მოგებაც გვინდოდა. ვერავინ
იტყვის, რომ ესპანეთი ძალების დაზოგვით თამაშობდა. ვხედავდი მათ გაბრაზებულ და ცოტა
შეშფოთებულ სახეებსაც. გაოცებულები იყვნენ რომ გულშემატკივარს სულ არ აინტერესებდა
მათი მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონობა, უკვირდათ რომ ქომაგებისთვის შედარებით დაბალ დონეზე
მოთამაშე ქართველები ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგნენ.
მეორე ტაიმი მაინც
უფრო განსაკუთრებული იყო. თითქოს უფრო გაიხსნა თამაში. ქართველებმაც დაიწყეს მეტოქის
ნახევარზე გადასვლა და გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ საგოლე მომენტებიც ჰქონდათ,
ერთხელ ძელმაც კი იხსნა ესპანელები. ამის ფონზე კვლავ შესანიშნავად თამაშობდა მეკარე
ლორია, რომელსაც გულშემატკივრები შეძახილებით ვამხნევებდით და ისიც სულ უფრო გვაოცებდა
თავისი ,,სეივებით“. თუმცა ყველაფერში ვერ გაგვიმართლა. 69-ე წუთზე ხიზანიშვილთან შეჯახების
შემდეგ გიორგიმ სერიოზული ტრავმა მიიღო. თითქმის სამი წუთი ცდილობდა წამოდგომას. ტრიბუნები
კვლავ მის გვარს სკანდირებდა, ლორია ადგა, მაგრამ სულ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოახერხა,
კვლავ უმტყუნა მუხლმა და მოედნის დატოვება საკაცით მოუწია. მის ნაცვლად მოედანზე ახალგაზრდა
როინ კვასკვაძე შემოვიდა. ისიც თითქოს თავს ართმევდა მსოფლიო ჩემპიონების შეტევებს,
შესანიშნავად თამაშობდა ქართველთა დაცვაც. ერთ-ერთი გამორჩეული იყო კაპიტანი კანკავაც,
რომელიც არ უშინდებოდა ჩავის, ინიესტას. ეს უკანასკნელი კი საბოლოოდ ტრავმით დაბრუნდა
სამშობლოში.

სტადიონიდან გამოსული
გულშემატკივრების უმეტესობა ფიქრობდა რომ ბურთს, რომელიც კვასკვაძემ გაუშვა, ლორია
არ გაუშვებდა, თუმცა ახალგაზრდა მეკარის დადანაშაულება მაინც არ შეიძლება. ეს გაკვეთილი
მას მომავალში დაეხმარება. ესპანელები კი ძალიან დაღლილები ტოვებდნენ მოედანს. მატჩის
შემდგომ პრესკონფერენციაზე თითქმის ყველა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ძალიან გაუჭირდათ
სასურველი სამი ქულის აღება. მათ არც გულშემატკივრობაზე ხაზის გასმა დავიწყებიათ.
ერთი-ორი სიტყვის
თქმა მსაჯობაზეც შეიძლება. მთავარ მსაჯს არცერთი ყვითელი და წითელი ბარათი არ უჩვენებია
ფეხბურთელებისთვის. თამაშის მსვლელობისას იყო რამდენიმე მომენტი, როცა მისი გადაწყვეტილებით
გულშემატკივრები უკმაყოფილონი დარჩნენ, მაგრამ მთლიანობაში არ მგონია რომელიმე მხარეს
მასთან პრეტენზია ჰქონოდა.

No comments:
Post a Comment