17 წუთია თამაში დამთავრდა, რეპორტაჟიც შეწყდა, მე კი ისევ იმ ადგილას ვზივარ, ორი საათის წინ დიდი შემართებით რომ მოვიმზადე. კიდევ არ მჯერა, რომ ეს მართლა მოხდა და უკვე მერამდენედ. ღირს კი მიზეზების ძებნა? მგონი - არა. პრობლემა მხოლოდ ამ თამაშში არ წამოჭრილა.
მწვრთნელი, ფეხბურთელები, მსაჯი, ენთუზიაზმი, მონდომება, რა დაგვაკლდა? უმეტესობას, ალბათ, მწვრთნელის საკითხი აწუხებს, თუმცა ვითომ ტიტოს ყოფნა მოედანზე რამეს შეცვლიდა? სამწუხაროა, მაგრამ ასე არ ვფიქრობ. არც ის მგონია, რომ თასის ნახევარფინალამდე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალამდე და ლა ლიგაში ამ პოზიციამდე ტიტომ მიგვაღწევინა. ეს გვარდიოლას ნარჩენები იყო. დღეს კი, ახლა, ამ წუთას ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ბარსელონაში გვარდიოლას წილი მოკვდა, გამოგველია, ამოგვეწურა. ახლა უკეთ ჩანს რას ნიშნავდა ის გუნდისთვის. ის ყოველთვის იყო მეთორმეტე მოთამაშე და ზოგჯერ თერთმეტეულშიც ადვილი იყო მისი შემჩნევა. სწორედ ეს აკლდა დღეს გუნდს. ფეხბურთელები? ბევრი ამბობდა, რომ ამ შემადგენლობას მწვრთნელი არ სჭირდება, მაგრამ ალბათ ახლა მიხვდნენ, როგორ ცდებოდნენ.
მოტივაცია? ვითომ აღარ აქვთ? ვითომ დაკარგეს? არა, არ მგონია რომ ასეა. აქ მიზეზი თითოეულ ფეხბურთელშია. თავდასხმა, ნახევარდაცვა, დაცვა.. რომელი ჩავარდა? ალბათ, სამივე. პუიოლი თითქოს ბოლომდე იბრძვის, მაგრამ ფაქტია, მას გვერდით ის მოთამაშე სჭირდება, ვინც უფრო მეტს გააკეთებს. სულ ახლო წარსულში პიკე-პუიოლის წყვილი დაუმარცხებელი იყო, დღეს მათი ერთად დანახვა ისე აღარ მაიმედებს. კიდევ რა ხდება? მესი? მან ვერაფერი გააკეთა. არავინ ამბობს, რომ არ ეცადა, მაგრამ ოთხი ოქროს ბურთის მფლობელს მაინც ვფიქრობ, რომ ასე არ უნდა გაჩერებდნენ. კიდევ? ვილა? რა თქმა უნდა ის სასტარტოში უნდა ყოფილიყო, მაგრამ როურამ მაინც უფორმო ფაბრეგასი ამჯობინა და ახლა ვხვდები, რატომ სურდა მისი გაშვება გვარდიოლას.
კიდევ? ვთქვი, მიზეზებზე საუბარს არ დავიწყებ-მეთქი, მაგრამ მაინც ასე მოხდა.
ოთხ დღეში კიდევ მოგვიწევს რეალთან თამაში, ამჯერად ბერნაბეუზე და ის ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელიც ჩვეულებრივ კამპ ნოუზე ეხმარებათ ხოლმე ფეხბურთელებს, აღარ იქნება. ახლა რა მოხდება? ვითომ მოვარგებთ გასაღებს მოურინიოს? ოპტიმიზმის ნაკლებობას განვიცდი.
დღეს ჩემს გულში რაღაც ჩაწყდა, გუნდში გვარდიოლა გაქრა, მისი ეპოქა დასრულდა. როცა მისი გუნდიდან წასვლის შესახებ გავიგე, ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო, მერე სეზონი დაიწყო და თამაშის დროს მე კვლავ დავინახე ის მოედანზე, ფეხბურთელებს შორის. დღეს ის სტადიონზე არ ყოფილა.
მხოლოდ ოთხი დღე აქვს ტიტო-როურას წყვილს, რომ ახალი, უკვე თავისი ბარსელონა დაბადოს. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი გუნდის გულშემატკივარი ამ დამარცხებებით ხარობს, გულის სიღრმეში ყველა რევანშის მოლოდინშია.
ჩვენ რა დაგვრჩენია? მხოლოდ ლოდინი და ვიცი, თითოეულ ჩვენგანს სჯერა, რომ ეს რევანში აუცილებლად შედგება, საკითხავი მხოლოდ ისაა, ვიზეიმებთ თუ არა ოთხ დღეში ახალი, "სისხლის მოყვარული" ბარსელონას დაბადებას.