Sunday, February 10, 2013

რამდენიმე დღე იდუმალ სამყაროში

  ჩანაფიქრის ასრულება ყოველთვის დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. ასრულების გზაზე წამოჭრილი პრობლემების გამომწვევი კი ზოგჯერ გარშემო მყოფი ადამიანები არიან და ორმაგად რთულია ამ ბარიერის გადალახვა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ადმიანმა თავისი ჩანაფიქრის, ოცნების თუ მიზნის მისაღწევად ბოლომდე უნდა იბრძოლოს.
  როცა ამ "პროექტს" ვგეგმავდი, მისი დასასრული სულ სხვანაირი წარმომედგინა. არ იფიქროთ, რომ რაიმე ცუდად დამთავრდა, პირიქით, ამ ექსპერიმენტმა მიმახვედრა, რომ  ადამიანებს ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ ერთმანეთისადმი ნდობა და უფრო მეტიც, შეუძლიათ სრულიად უცნობსაც კი გაუმხილონ თავიანთი გულის ნადები და ცხოვრებისეულ პრობლემებზე ესაუბრონ.
  ექსპერიმენტისთვის სოციალურ ქსელში შევქმენი გვერდი და პროგრამის მიერ შემოთავაზებული ადამიანებიდან ყველას გავუგზავნე მეგობრობის თხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფილი უსახელო და უსურათი იყო, უარი არავის უთქვამს, თუმცა მთავარი მაინც მათი საუბარში აყოლა იყო. უნდა ვაღიარო, რომ ერთ-ერთ რესპოდენტთან ჩანაფიქრის ასრულება არ გამომივიდა, ვინაიდან მთავარი პირობა, რომ ერთმანეთისათვის აბსოლიტურად უცნობები უნდა ვყოფილიყავით, დაირღვა. მასზე ქვემოთ კიდევ გვექნება საუბარი.
  რაც შეეხება სხვებს, საბოლოოდ ხუთ ადამიათან გავაგრძელე ურთიერთობა. აქედან სამი მამაკაცი იყო და ორი - ქალი. ასაკი - არაერთგვაროვანი.
ყველაზე მთავარი, რაც ამ ურთიერთობამ დამანახვა, იყო ადამიანების დამოკიდებულება უცნობების მიმართ. ზოგადი სურათი ასე გამოიყურება: იმ შემთხვევაში თუ ადამიანს შენ შესახებ რაიმე მნიშვნელოვანს ეტყვი, მას სურვილი უჩნდება თავადაც გაიხსნას და გული გადაგიშალოს. ერთ-ერთი რესპოდენტისგან კი მისი ცხოვრების მთელი ქრონიკა მოვისმინე და საკმაოდ კმაყოფილი და სასიამოვნო გრძნობით აღვსილი დავემშვიდობე. თუმცა, როცა ვუთხარი, რომ სტატიის დაწერას ვაპირებდი, შევატყვე, ცოტა ეწყინა, მაგრამ დავამშვიდე, რომ მისი სახელი არ გაჟღერდებოდა.
  ჩემს თითოეულ რესპოდენტს ნომრებით მოვიხსენიებ. ქალბატონი, რომელმაც თავის ცხოვრებაზე მიამბო, პირველი ნომერია. ყველაზე უკეთ მასთან შევძელი ჩემი ჩანაფიქრის შესრულება და ვფიქრობ, თავადაც დიდი ტვირთი მოიხსნა მხრებიდან. მან იმ მძიმე წლებზე მიამბო, რომელიც სამწუხაროდ, მრავლად იყო მის ცხოვრებაში. , ამიტომ არ გამოვრიცხავ მომავალში ცალკე სტატიაც შემოგთავაზოთ, თუმცა ახლა მოკლე შეჯამებით შემოვიფარგლები. ეს იყო მხრიარულ, სიცოცხლის მოყვარულ, ლამაზ და ჭკვიან ქალთან ინტერვიუ. მის თითოეულ პასუხს ეტყობოდა, რომ ცხოვრებამ მძიმე ხვედრი არგუნა, თუმცა ყველაზე დასაფასებელი მაინც ის შემართება და ოპტიმიზმი იყო, რომელიც მის ქმედებებში იგრძნობოდა. ეს ვუთხარი და თავადაც დამეთანხმა, რომ დღემდე მხოლოდ თავდადებული ბრძოლით და მომავლის იმედით მოაღწია და მეც მირჩია, არასოდეს დავნებდე.
  მეორე ადგილს მივანიჭებდი მამაკაცს, რომელმაც მთხოვა, მისთვის მომესმინა და რჩევა მიმეცა. თავიდან ცოტა გამიკვირდა და დავიბენი კიდეც, რამდენიმე საათის "გაცნობილ" უცნობ ადამიანს არ მეგონა დახმარებას თუ მთხოვდა ვინმე. ყოყმანი რომ შემატყო, ამიხსნა, პრობლემა მაქვს, ნაჩხუბარი ვარ შეყვარებულთან, ახლა თითქმის შევურიგდი, მაგრამ მაინც ჯიუტობს, რამე ისეთი მითხარი, გადამწყვეტი დარტყმა მივაყენოვო. რა იყო ეს "გადამწყვეტი დარტყმა" ჩვენ შორის დარჩა, თუმცა შედეგი ნამდილად ჰქონდა და იმედი მაქვს მეტად აღარ დასჭირდებათ.
   მესამე ადგილი კიდევ ერთმა მამაკაცმა დაიმსახურა. თავდაპირველად შეეცადა ხუმრობაში გაეტარებინა ყველა კითხვა, თუმცა ბოლოს დანებდა და მორჩილად შემადგენინა მისი დოსიე. აღმოჩნდა, რომ საოცარი რომანტიკოსია, ისე მიყვებოდა თავის ნამოქმედარს, თითქოს მსოფლიო გადაერჩინოს. ბოლოს თვითონაც აღიარა, არ ვარ თავმდაბალიო. მასთან საუბარი სასიამოვნო და თან სახალისო იყო. საუკეთესო სურვილებით დავცილდით ერთმანეთს.
  მეოთხე ადგილი ასე ვთქვათ არავის დაუთმო ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელმაც თავიდან თითქმის გამომლანძღა, მერე ბოდიში მომიხადა, შენ რა დამიშავეო. გადავწყვიტე თავიდანვე მეთქვა მისთვის, რომ სტატიის დაწერას ვაპირებდი. ჩემთვის მოულოდნელად, არ შეუცხადებია. მკითხე რაც გინდა, იქნებ ამან მაინც დამამშვიდოსო. საბოლოოდ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. წარმატებები მისურვა და დამემშვიდობა.
  ბოლო რესპოდენტი ძალზე ახალგაზრდა და ჩემი აზრით ცხოვრებაში გამოუცდელი ადამიანი იყო. რამდენიმე საკითხში არ დაემთხვა ჩვენი შეხედულებები და სერიოზული კამათიც გვქონდა. საბოლოო ჯამში შთაბეჭდილება დამრჩა რომ ახალ თაობაში ღირებულებების გადაფასება მოხდა. ტრადიცია ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ის კარგია, თუმცა არსებობს ტრადიციები, ფასეულობები, რომელთა დავიწყებაც პირველ რიგში ერის დაკნინებას უწყობს ხელს. ჩვენ შორის შეთანხმება არ შედგა და ბოლოს გაბრაზებულმა წამშალა. =))
  რაც შეეხება ახალგაზრდას, რომელიც თითქმის ნაცნობი აღმოჩნდა და ამიტომ ის არ აღმოჩნდა ჩემს რესპოდენტებს შორის, მასზე ალბათ არაფერს დავწერდი, მაგრამ ვუთხარი მოგიხსენიებ-მეთქი და ვერ მოვატყუებ =))
  დაჟინებით მთხოვდა სურათის გაგზავნას და როცა უარი ვუთხარი, მაშინ ცოლად გამომყევიო. ჯერ არ დავთანხმებულვარ, თუმცა თუ კიდევ იქნება შემოთავაზება, იქნებ დავფიქრდე კიდეც :D (არ ინერვიულო, ვხუმრობ).
  საბოლოოდ ერთგვარი შეჯამება რომ გავაკეთო, კმაყოფილი ვარ ამ რამდენიმე დღიანი იდუმალი ცხოვრებით. ამ დროს შენ სადღაც სხვა სამყაროში გადადიხარ, სადაც შეგიძლია ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ თემაზე ესაუბრო. არ ვიცი, იქნებ გამიმართლა კიდეც რომ საინტერესო რესპოდენტები შემხვდნენ და საერთო სურათი სულაც არ არის ასეთი, მაგრამ მე მინდა მჯეროდეს, რომ კიდევ შემორჩენილი  გვაქვს ერთმანეთისადმი ნდობა და იმის უნარი, რომ საკუთარ პრობლემებზე სხვებს ვესაუბროთ, ყველაზე პიკანტური დეტალები გავუმხილოთ და იმის იმედი გვქონდეს, რომ მათგან დახმარებას მივიღებთ.

P.S. ახლა, როცა ყველაფერს გადავხედე და კიდევ ერთხელ გავაანალიზე, კვლავ მომინდა ახალი ექსპერიმენტის ჩატარება. თუმცა ეს უკვე მომავლის საქმეა :)))))))

No comments:

Post a Comment