Tuesday, January 21, 2014

როგორ შევიცვალო ათ დღეში?

რაზე აღარ მინდება ხოლმე წერა, მაგრამ ეს ფილმები.. ფილმები ძალიან მცვლის, რაღაც აუხსნელს მიტოვებს, ისეთს, რეალურ ცხოვრებაში რომ ვერ გამოვხატავ, ვერავის ვუზიარებ. არადა.. იქ ყველაფერი მარტივია, გაცნობაც, დაშორებაც, ტკივილიც, სიყვარულიც, ყველაფერი განსხვავებულია. როცა პირველად ვუყურე ფილმს "როგორ დავკარგოთ ბიჭი ათ დღეში" იმდენად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რომ ექსპერიმენტის ჩატარებაც კი მომომინდა, ამაზე წერაც დავიწყე, მაგრამ ისევე მალე გაქრა ეს სურვილი, როგორც ფილმები მთავრდება ხოლმე, იმ განსხვავებით, რომ "ჰეფი ენდი" ჩემთან არ ყოფილა. 

ზოგჯერ ძალიან მიჭირს ხოლმე "აქ" ცხოვრება. მთრგუნავს იმის გაფიქრება, რომ ყოველი თავისუფლად გადადგმული ნაბიჯი აქ სხვანაირად ესმით. სერიოზულად არც აღიქვამენ, ან პირიქით, ზედმეტად კრიტიკულები არიან. 
ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ვიყავი ნამდვილად "მე". 2013 წლის ზაფხულში, ერთი თვით, მხოლოდ ერთი თვით ვგრძნობდი თავს ადამიანად. რატომ? ყურადღება მომაქციეს, თან არა ერთმა, ყველამ, ვინც დამინახა, დამელაპარაკა, უბრალოდ გვერდზე გამიარა. იქ მეც სხვანაირი ვიყავი, თავისუფალი. ხო, ეს ნამდვილად ამაღელვებელი იყო. 
გულში, გონებაში, იმდენის თქმა მინდა ხოლმე, მაგრამ კლავიატურას ვეხები, ან კალამს ვიღებ ხელში და ჩემი ემოციები თუ გრძნობები მაშინვე პატარავდება, შემდეგ კი სულ ქრება, არადა,  არც წერის შიში მაქვს და არც ოცნების მეშინია. იქნებ ვფიქრობ, რომ როცა ამას სხვა ნახავს, ჩემს ფიქრებში შემოაღწევს, რაღაც არ მოეწონება და გამაკრიტიკებს. არა, კრიტიკის არ მეშინია, ისიც ვიცი, მის გარეშე ვერ "გაიზრდები," მაგრამ, როცა სხვები შენს ცხოვრებაში იწყებენ ხელების ფათურს, სხვა გამოსავალს ვერც ხედავ. როგორც ჩანს, მე ეს გზა ავირჩიე, ყველაფრისგან და ყველასგან გარიყვის გზა.
20 წლის ვარ და ჩემი სახლიდან გასვლა, ან ცოტა დაგვიანება ისევე უკვირთ, როგორც ალბათ 12-13 წლის გოგონების მშობლებს. ვიცი, ეს ჩემი ბრალია. ასეთ ცხოვრებას საკუთარი თავიც და სხვებიც მე მივაჩვიე. თითქოს გარეთ საფრთხე მელის, თითქოს, ვინმესგან გავრბივარ, გარეთ ნახევარი საათით მეტ ხანს რომ დავრჩე, ბევრი უნდა ვიფიქრო, მიღირს თუ არა ეს. არადა ამით ხომ არაფერი შავდება. რაღაც მაბრკოლებს, მაშინებს.
რით დავიწყე და სად აღმოვჩნდი. ალბათ, ხვდები, ისევ ამ ფილმს ვუყურე, ახლაც ფილმში გამოყენებულ ერთ-ერთ სიმღერას ვუსმენ და ისე ვწერ, გაუაზრებლად, არც მინდა წავიკითხო ზევით რა დავწერე, არ მინდა საკუთარმა ფიქრებმა შემაშინოს.
საბერძნეთი ნამდვილად არ ყოფილა ჩემთვის საოცნებო ქვეყანა, მაგრამ ერთი წლის წინ, როცა იქ ფეხი დავდგი, მივხვდი, რომ არასოდეს მიცხოვრია, ისე არ მოვქცეულვარ, როგორც მინდოდა მოვქცეულიყავი. ადამიანებს უყურებ და ხვდები, რომ ბედნიერები არიან, მცირედიც დიდად ახარებთ. ქუჩაში გაღიმებულ ხალხს ხედავ და ეს შენზეც მოქმედებს. ჩვენში ყველაფერი სხვანაირადაა. თითქოს ყველა ერთმანეთზე გაბრაზებულა და საომრადაა გამზადებული. არადა სიმართლე ერთია: ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავებზე ვბრაზობთ, რადგან ვერ მოვახერხეთ ისე გვეცხოვრა, როგორც ბავშვობაში წარმოგვედგინა. ვერ შევძელით ოცნებები აგვესრულებინა და იმას ვაკეთებთ, რასაც ჩვენგან საზოგადოება ელის, რა მნიშვნელობა აქვს, მოგვწონს ეს თუ არა. რობოტებივით, ერთსა და იმავეს ვიმეორებთ, ვერც შეცდომებზე ვსწავლობთ. არადა, სხვა სამყაროც ხომ არსებობს, სადაც ადამიანებმა მცირედის გამოსწორება მაინც შეძლეს, ბედნიერების დაფასება ისწავლეს.
ისევ სხვაგან ვარ.. ხედავ? მეც ვერ გავრკვეულვარ, რა მინდა. მაგრამ ხომ ვიცი, რაც მინდა? კი, სამწუხაროდ, ვიცი. სამწუხაროდ იმიტომ, რომ სურვილი, შესაძლებლობა და რეალობა ჩემს შემთხვევაში ერთმანეთს არ ემთხვევა. ისევ გაბრაზებული ადამიანივით ვლაპარაკობ და ამაში სხვებს ვადანაშაულებ. ჩემი ბრალიცაა, ხომ? ვიცი, რომ ასეა, მაგრამ აღირებას ისევ წუწუნს და მოთქმას ვამჯობინებ. ნეტავ, როდის გავიზრდები? იქნებ გავიზარდე კიდეც და ასე დავრჩი, ვერ განვითარდი, არა, ასე არ უნდა მოხდეს. შეცდომების გამოსწორება გაზრდამდე უნდა მოვასწრო...

3 comments:

  1. ძალიან მომეწონა

    ReplyDelete
    Replies
    1. გმადლობ :) კიდევ შემოიარე

      Delete
  2. მეგონა ჩემ თავზე ვკითხულობდი <3 კარგია

    ReplyDelete