Monday, August 26, 2013

საქართველო - საბერძნეთი


პირველი გაჩერება - საქართველო


  არ ვიცი, არის თუ არა საბერძნეთი ვინმესთვის საოცნებო ქვეყანა, ქართველებისთვის კი უფრო მეტად, ალბათ, სამუშაოს წყაროა, თუმცა კრიზისის ფონზე ამ მიზნით წამსვლელთა რიცხვიც შემცირდა.
  საბერძნეთში წასვლაზე სერიოზულად არასოდეს მიფიქრია და ალბათ არც წავიდოდი მშობლიური სოფლის ფუნქცია რომ არ შეეთვისებინა ბებიების იქ ყოფნის გამო. მაგრამ სურვილი ერთი იყო და რეალურად წასვლის მცდელობა მხოლოდ ერთი წლის წინ მქონდა. ეროვნულგამოცდებგამოვლილი, მიწვევის საბუთით ხელდამშვენებული მივედი საელჩოში, იმ იმედით, რომ ელჩთან შესვლას იმავე დღეს შევძლებდი და უკვე ბილეთების დაჯავშნას ვაპირებდი, როცა მითხრეს, რომ შესვლამდე დაახლოებით ორი თვით ადრე უნდა ჩავწერილიყავი. იმ დღიდან ორი თვის შემდეგ კი უკვე სწავლა მეწყებოდა უნივერსიტეტში. 2012 წლის ზაფხულის დღეების გატარება ისევ საქართველოს ფარგლებს შიგნით მომიწია. 
 გამოცდილებამიღებული უფრო დიდი იმედით ველოდი 2013 წლის ზაფხულს. ყველაფერი წინასწარ გავთვალე და 13 ივნისს უკვე თანხმობამიღებული გამოვედი საელჩოდან, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ კიდევ შემექმნებოდა პრობლემა. როგორც მივხვდი, უბრალოდ ესენი არიან პრობლემურები და აღარც მიკვირს რატომ მიექანება ამათი ეკონომიკა ქვევით და ქვევით.
 ვიზაჩარტყმული პასპორტი 18 ივნისს უნდა გამომეტანა, იქ მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ საბერძნეთში ყოფნის უფლება 20 ივლისიდან (სულ 30 დღე) უნდა მქონოდა. როცა პასპორტი დამიბრუნეს ისე, უბრალოდ შევამოწმე თარიღი და კიდევ კარგი შევამოწმე. აღმოჩნდა, რომ მექანიკურად 20 ივნისი ჩამიწერეს, არადა 15 ივლისამდე გამოცდები მქონდა. რა თქმა უნდა, მაშინვე მივუთითე შეცდომაზე, მაგრამ თავიდან მომიცილეს და გამომიცხადეს, რომ ამას ვერ შეცვლიდნენ და თუ მიღირდა უნდა წამოვსულიყავი, თუ არა და არც ეს აინტერესებდათ. 
 საელჩოსთან ვინც არ ყოფილა, არის ოფისები, სადაც შეგიძლია საბუთები მოამზადებინო, ბილეთები დაჯავშნო და სასურველი პასუხებიც მიიღო შენს კითხვებზე. იქ მირჩიეს, რომ საელჩოში იმას დაერეკა, ვინც საბერძნეთიდან მიწვევა გამომიგზავნა. მართლაც, დარეკეს და შეცვლას დათანხმდნენ. პირველი გააუქმეს და ახალი ჩამირტყეს. ოღონდ 19 ივლისამდე პასპორტს არ მატანდნენ, კიდევ რამე პრობლემა არ იყოსო (თითქოს მანამდე რაც იყო, მე შევცვალე სახლში ჩემით ).
 მოკლედ, ამდენი წვალების შემდეგ, მაინც მივაღწიე მიზანს. წასვლა ავტობუსით გადავწყვიტე და 21 ივლისს უკვე საქართველო-თურქეთის საზღვართან ვიყავი.

მეორე გაჩერება - თურქეთი

 ავტობუსით წამოსვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ გზად თურქეთიც დამეთვალიერებინა და საერთოდ არ ვნანობ, პირიქით, უკანაც ავტობუსით დავბრუნდი. 
   საზღვრის გამოვლა ცოტა დამთრგუნველი იყო, ჩემთან ერთად მგზავრობდა ერთი გოგო და არასწორი მინდობილობის გამო სარფიდან მიაბრუნეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საბუთი წესრიგში მქონდა, მაინც ავნერვიულდი, როცა ჩემს პასპორტს სინჯავდნენ. სარფის გავლის შემდეგ ფეხით გადადიხარ საზღვარზე და თურქეთში შესვლის ბეჭედს გირტყამენ. თურქეთში პრობლემა არ შეგვქმნია და ასე უპრობლემოდ ვიმგზავრეთ დაახლოებით 24 საათი.
  რა აღარ მსმენია თურქებზე, ძირითადად ცუდი და, ახლა, ვერ ვხვდები, რატომ. სასიამოვნოდ გაკვირვებული დამტოვა ამ ქვეყანამ. ყველაზე მთავარი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია, იყო ახლად დარგული ხეები თითქმის მთელ ტერიტორიაზე. ასევე აღსანიშნავია სისუფთავე. მოვლილი ქუჩები, თუმცა თავს ვერ დავდებ რომ ქალაქების ცენტრებიც ასეთივე იყო. 
  თურქეთის ტერიტორიაზე თითქმის ნახევარ გზას სანაპიროზე დადიხარ. ვისაც ზღვა უყვარს, მისთვის ორმაგად სასიამოვნო იქნება ეს მგზავრობა. ავტობუსი 3-4 საათში ერთხელ აჩერებდა, თან საინტერესო ადგილებში, სუპერმარკეტებთან, სუვენირების და აქსესუარების მაღაზიებთან. თურქული ფული (ლირა) თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ ევროთიც შეიძინოთ ყველაფერი, ეს პრობლემას არ შეგიქმნით. თუ შეგატყვეს რომ ქართველი ხარ, შეიძლება ქართულ ენაზე მიიღო პასუხი გამყიდველისგან, რაღაც ვიკითხე და სასაცილოდ მიპასუხეს - არა! :D (ანუ არ ჰქონდათ). 
  მგზავრობის დროს მოკლე შორტის ჩაცმა რეკომენდებული არ არის, საქართველოდან მიმავალს ასე მეცვა და უსიამოვნო მზერა ვერსად ავიცილე. 
 წასვლამდე ბევრმა მითხრა, რომ სტამბოლის ხიდზე არ ჩამძინებოდა და კარგად დამეთვალიერებინა, თუმცა რეალურად მისი აღქმა ძალიან ძნელია ავტობუსის ფანჯრებიდან. 
  გზებზე ძირითადად თეთრ მანქანებს შეხვდებით. თურქებს უყვართ თეთრი ფერი. ევროპელი თურქები ქერები არიან, ცისფერი თვალებით. 
  თურქეთის საზღვარს მეორედაც უპრობლემოდ გაივლით, დიდად დაკვირვებით არც ათვალიერებენ საბუთებს, ალბათ იმიტომ, რომ თურქეთთან თავისუფალი მიმოსვლა გვაქვს, მაგრამ საბერძნეთი სულ სხვა სამყაროა. ეს არის პრობლემებით დატვირთული, დასვენების და გართობის მოყვარული ხალხით დასახლებული მხარე.

No comments:

Post a Comment